"ეს არის შეშინებული ადამიანის განცხადებები - ძალიან მალე უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას"
ღარიბაშვილის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს არის შეშინებული ადამიანის განცხადებები - ძალიან მალე უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, აკაკი მინაშვილი, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებებს.
როგორც მინაშვილი განმარტავს, ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა ყოველდღიურად კიდევ უფრო ამძიმებს მოქალაქეების მდგომარეობას.
მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციაზე და სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მათი სამოქმედო გეგმის ნაწილია პროტესტი და არჩევნების მეორე ტური.
"ჩვენი სამოქმედო გეგმა არის რამდენიმე მიმართულებით, ეს არის პროტესტი და არჩევნების მეორე ტური. მიუხედავად მანიპულაციებისა, პირველ ტურში გავიმარჯვეთ, უნდა გავიმარჯვოთ მეორე ტურშიც, ეს გამარჯვება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის სათავე უნდა იყოს",- აღნიშნავს მინაშვილი.
ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა "პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია".
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის დაკავებით დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდა.