ბილ კლინტონი ჰოსპიტალიზებულია
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს საავადმყოფოში მკურნალობა უტარდება. მედიის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი კალიფორნიის "ირვინის სამედიცინო ცენტრში" სამშაბათს გადაიყვანეს. მას სისხლის ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ექიმების აზრით, საშარდე გზების ინფექციამ გამოიწვია.
ბილ კლინტონის პრესსპიკერის, ანგელ ურენას ინფორმაციით, 75 წლის ექსპრეზიდენტი თავს უკვე კარგად გრძნობს.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, კარგ განწყობაზეა და წარმოუდგენლად მადლიერია ექიმების, ექთნების და პერსონალის", - წერს ურენა "ტვიტერში".
კლინტონის ექიმები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი კარგად რეაგირებს ანტიბიოტიკებზე და ორდღიანი მკურნალობის შემდეგ მისი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობამ შემცირება დაიწყო. ექიმების განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტი "საავადმყოფოში უწყვეტი მონიტორინგისთვის რჩება".