"როცა პანდემიის პერიოდში ამდენი ადამიანი იკრიბება, ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები უნდა"
"როდესაც პანდემიის პერიოდში ამდენი ადამიანი იკრიბება, ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები უნდა - გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია",- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ გუშინ "ნაცინალური მოძრაობის" წევრებისა და მხარდაჭერების მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" სამარცხვინო მცდელობებშია და "თვალს იბრმავებს".
"ქართული ოცნება" კვლავ სამარცხვინო მცდელობაშია, როდესაც თვალს იბრმავებს და თეთრზე ამბობს, რომ შავია. გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია, თუმცა "ქართული ოცნებისგან" არაერთხელ მოვსწრებივართ ფაქტების უტიფარ უარყოფას. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად არჩევნებში მონაწილეობას და გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. განსაკუთრებით, როდესაც პანდემიის პერიოდში ამდენი ადამიანი იკრიბება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები უნდა. ამ ცვლილებების ყველაზე რეალური გზა არჩევნებზე გადის. წინ გველოდება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი უახლოეს პერიოდში, ეს არის მეორე ტურის არჩევნები, სადაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ, ყველგან უნდა მივიღოთ მონაწილეობა",- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.