"მე რომ მივიჩნევდე სააკაშვილს პოლიტპატიმრად, აქციაზე მივიდოდი" - კვირის პალიტრა

"მე რომ მივიჩნევდე სააკაშვილს პოლიტპატიმრად, აქციაზე მივიდოდი"

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ლევან იოსელიანის აზრით, "ნაციონალებმა" ჩატარებული აქციით ბევრი ვერაფერი თქვეს...

- ეს აქცია მხოლოდ ერთი კუთხით მომეწონა - მშვიდობიანი იყო. როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობამ" გაიაზრა, რომ ძალადობრივი გზით ცვლილება აღარავის უნდა, მათ შორის არც მათ მომხრეებს.

- თქვენმა თანამებრძოლმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, 14 ოქტომბერს ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი, რა ხდებოდაო. მართლა ფიქრობთ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები თქვენი პარტიის დღის წესრიგს არ შეცვლის?

- "ნაცმოძრაობა" ჩვენი პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგს ნამდვილად ვერ შეცვლის. სხვათა შორის, 14 ოქტომბერს ალეკო მართლა ღვინოს იღებდა. ჰკითხეს და მანაც ქართლელი კაცისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით უპასუხა. ან რატომ უნდა ყოფილიყო ალეკო "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგის განხილვით დაკავებული? ეს ჩვენი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს.

- ალბათ, თქვენი ინტერესის საგანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ პარტიას, რომელსაც თავის დროზე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რეჟიმი უწოდა, დღეს ყველა ოპოზიციურ პარტიაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. - როდესაც მედია პოლიტიკური ნიშნით ხელს უწყობს პოლარიზაციას, ამომრჩეველი ორ ნაწილად იყოფა, ამის იქით სხვა არჩევნის დანახვა ძალიან უჭირთ, იმიტომ, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს გადამწყვეტ ფაზაში შედის პროცესი. ახლაც ასეთი ვითარება იყო. ბევრმა, რომელიც შუა პარტიების მხარდაჭერას აპირებდა, "ნაცმოძრაობის" ან "ოცნების" სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ნაწილმა პატარა პარტიები არ განიხილა სააკაშვილის შემაკავებელ ძალად და "ოცნებას" მისცა ხმა, მეორე ნაწილმა პატარა პარტიები არ განიხილა დიდ, რევოლუციური ცვლილებების მომტან ძალად და ისევ "ნაცმოძრაობას" დაუჭირა მხარი... ყველა პარტიამ უნდა დაიწყოს თავისი პოლიტიკური იდენტობის გამოკვეთა და შემდგომი არჩევნებისთვის მოქალაქეებს განსხვავებული ძალა შესთავაზოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისევ არ აუცრუონ ამომრჩეველს გული კრიტიკულ მომენტში სხვა ძლიერი პარტიის ორბიტაზე აღმოჩენით.

2021 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ პატარა პარტიებს ხალხის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირებული აქვს. თუმცა იგივე არ ითქმის ჩვენზე - თბილისში იგივე შედეგი გვქონდა, რაც გასულ წელს. ეს იმით აიხსნება, რომ რომელიმე დიდი მოთამაშის ნაწილი არ გავხდით. ვინც თავის დროზე ვერ ან არ გადადგა ასეთივე გამბედავი ნაბიჯი, ის ამომრჩეველმა დასაჯა.

- თქვენ თქვით, რომ არ გესმით პოლიტიკური ლიდერების, რომლებიც სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ, მაგრამ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტი აქციაში არ მონაწილეობდნენ... - მგონი, ზოგიერთმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი. თუ ადამიანს პოლიტპატიმრად განიხილავ, მაშინ ყველა შემთხვევაში უნდა გამოუცხადო მხარდაჭერა. მე რომ მივიჩნევდე სააკაშვილს პოლიტპატიმრად, აქციაზე ნამდვილად მივიდოდი და სიტყვითაც გამოვიდოდი.

- თქვენ რატომ არ მიიჩნევთ პოლიტპატიმრად? - მთელი რიგი საქმეებია, რომელთა შესახებ კითხვები არა მაქვს. მაგალითად, გირგვლიანის საქმე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს აქვს მიღებული გადაწყვეტილება და არა საქართველოს სასამართლოს; ვალერი გელაშვილის საქმე, სადაც მტკიცებულებები იმდენად ნათელია, რომ ეჭვის შეტანაც კი წარმოუდგენელია.

მე მაოცებს, რომ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აცხადებენ ისინი, ვინც სწორედ გირგვლიანის და გელაშვილის საქმის გამო სააკაშვილის ციხეში ჩასმას მოითხოვდა. ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ პოლიტიკური ნარატივი შეიცვალა და ყველას ეშინია მასთან დაპირისპირება. თუმცა სიმართლე ერთია და არ ვაპირებ მის გადაფასებას. პოლიტიკაში თანამიმდევრულობა და გამბედაობაა საჭირო, სხვაგვარად რუხ საბურველში მოუწევს გახვევა პარტიას, რომელსაც არც მწვადის დაწვა უნდა და არც შამფურის.

ხათუნა ბახტურიძე