"მომავალ წელს აუცილებლად იქნება ვადამდელი არჩევნები"
"ქუჩაში გამოსული ბევრი ადამიანი იმაზე მიანიშნებს, რომ ხალხს ცვლილებები უნდა", - ამ განცხადებით გამოეხმაურა პარტია "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე 14 ოქტომბერს "ნაცმოძრაობის" ორგანიზებულ საპროტესტო აქციას.
- აქციაზე მხოლოდ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები არ ყოფილან. "ლელომ" ოფიციალურად არ მიიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, მაგრამ მხარდამჭერებისთვის იქ მისვლა არ შეგვიზღუდავს.
- ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერისთვის გაუგებარია, რატომ არ მიიღო "ლელომ" აქციაში მონაწილეობა, მაშინ როდესაც სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევთ? - სააკაშვილის საქმეს აქვს პოლიტიკური მართლმსაჯულების მდგენელი, მაგრამ მას სამართლიანი სასამართლო სჭირდება.
14 აპრილის აქციის ორგანიზატორებს რომ მხოლოდ მიშას გათავისუფლებაზე კი არა, სამართლიან სასამართლოსა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე ელაპარაკათ, მაშინ აქციას "ლელო" შეუერთდებოდა. ქვეყანას სჭირდება სამართლიანი სასამართლო, მთლიანი სისტემის შეცვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად პოლიტიკური დევნა არ დასრულდება და სულაც არ არის გამორიცხული, ხვალ სწორედ ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდეს პოლიტიკური დევნის ობიექტი და მურუსიძის სასამართლომ გაასამართლოს.
- როგორ წარმოგიდგენიათ, იქნებოდა თუ არა თქვენი პარტიის შედეგები სხვაგვარი, სააკაშვილი მოულოდნელად რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში? რა გამოწვევის წინაშე დაგაყენათ მისმა მოულოდნელმა ჩამოსვლამ? - ხშირად მითქვამს, სააკაშვილის ფაქტორს "ოცნება" დასაშინებლად იყენებს. ის მართლაც ჩამოვიდა და შეცვალა პოლიტიკური მოცემულობა. დიახ, ჩვენი საარჩევნო შედეგები იქნებოდა განსხვავებული იმისგან, რაც დღეს გვაქვს. ამ მოულოდნელი ნაბიჯის გამო სააკაშვილს კობახიძემ მადლობა გადაუხადა, განაწყენებული მხარდამჭერები მოგვიბრუნეო.
- თუ ფიქრობთ, რომ "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" მოკავშირეები თუ არა, სიტუაციური მოკავშირეები მაინც არიან, მაშინ როგორ აპირებთ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას? - ახლა მთავარია, კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს, 20 ქალაქში, სადაც ოპოზიციამ პირველ ტურში მოიგო, მეორე ტურშიც მოიგოს და მივაღწიოთ კოალიციურ გამარჯვებას. თუ კოალიციურ მმართველობაზე არ გადავედით, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ქვეყანას გამარჯვება არ უწერია.
- ანალიტიკოსების აზრით, "ნაცმოძრაობა" არ წარმოადგენს ძალას, რომელსაც ძალაუფლების გადანაწილება შეუძლია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მათთან ერთად კოალიციური მმართველობაში ყოფნა? - ჩვენ ჩვენი თავის იმედი გვაქვს. უპირობოდ არავის არაფერში ვეთანხმებით. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ კოალიციურ მმართველობაში ჩვენს სათქმელს ვიტყვით. თუ კოალიციური ხაზი დაირღვევა, ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ ჩვენი ხაზის განვითარებას. კოალიცია გულისხმობს ერთმანეთის კონტროლს და არა ერთი პარტიის მორჩილებას მეორე პარტიის მიმართ. ყველაფერს დრო გვაჩვენებს. ის ფაქტი, რომ 14 ოქტომბრის აქციას არ შევუერთდი, მეტყველებს, რომ ჩვენ ჩვენი ხაზი გვაქვს და გადახვევას არ ვაპირებთ.
- მართლა გაქვთ იმედი, რომ ოცივე ქალაქში ოპოზიცია მოიგებს? - თუ ამომრჩეველს ცვლილება სურს, მეორე ტურს ოპოზიცია მოიგებს, თუ არ სურს, ყველაფერი ძველებურად დარჩება. ვფიქრობ, ხალხს ცვლილებები სურს და კოალიციას მხარს დაუჭერს.
- ფიქრობთ, რომ არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ვადამდელი არჩევნების საკითხი ისევ დადგება დღის წესრიგში? - აუცილებლად, დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს აუცილებლად იქნება ვადამდელი არჩევნები. ქვეყანა ჩიხშია შესული და მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობაზე ძალაუფლების გადანაწილება საკმარისი არ არის. ქვეყანას სჭირდება კოალიციური ხელისუფლება, რათა რეალურად დაიწყოს დემოკრატიის განვითარება, ინსტიტუციების შექმნა, მართლმსაჯულების სისტემის ცვლილება, ქვეყანამ დაიწყოს ინვესტიციების მიღება, ეკონომიკის განვითარება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
ხათუნა ბახტურიძე