"ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთობლივი თამაშია"
საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა იყო თუ არა შეთანხმებული ივანიშვილთან და როდის გაათავისუფლებს "ოცნება" ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" "გირჩის" ლიდერს იაგო ხვიჩიას ესაუბრა:
- ამ აქციით დავინახეთ, რომ ხალხი ისევ დაყოფილია მიშა-ბიძინად და რაღაცნაირი შიში გვმართავს. ვერავინ იტყვის, აქციაზე ხალხი არ იდგაო. საინტერესოა, ამის გაგრძელებას როგორ შეხედავს ხელისუფლება, თუ მისმა თამაშმა რა დონემდე მიიყვანა პატარ-პატარა პარტიები. შესაძლოა ბრძოლა მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის იყოს. ჩემი აზრით, ეს პროცესი ძალიან საშიშია.
- ანუ შუა გაიკრიფა, როგორც თავის დროზე ივანიშვილმა თქვა? - ამ არჩევნების ამოცანა იყო 43% აეღო "ქართულ ოცნებას". ამაში ივანიშვილს სააკაშვილის ფაქტორი რომ დაეხმარა, მგონი, ძალიან კარგად ესმით. სააკაშვილი ციხეში დიდხანს ვერ გაჩერდება, რა შეთანხმებაც უნდა ყოფილიყო მათ შორის. ცხადია, სააკაშვილი მალე გამოშვებას მოითხოვს. შესაბამისად, ახლა ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. მიზანი მიღწეულია - "ოცნებამ" 43% აიღო და ახლა სააკაშვილის გათავისუფლება დარჩა.
- როგორ გამოუშვებენ სააკაშვილს, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული? - ტექნიკის საკითხია. ჩემი აზრით, ეს პროცესები იქით მიდის, რომ არჩევნების შედეგებით "ნაციონალური მოძრაობაც" და "ქართული ოცნებაც" ბედნიერი იყვნენ, დანარჩენი პარტიები კი გაიკრიფონ. ეს რა თამაშია და რა ტიპის სინქრონი არსებობს მიშასა და ბიძინას შორის, არ ვიცი.
- რას უზამს "ოცნება" იმ ბრალდებებს, რომელიც სააკაშვილს წაუყენა? - ამის შესახებ საზოგადოებამ იცის ჩემი აზრი - ივანიშვილი და სააკაშვილი ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებენ. მისი ჩამოსვლა და ამ კონცერტის გამართვა იმისთვის იყო საჭირო, რომ "ოცნებას" 43% აეღო. ახლა ამ თამაშიდან გამოსვლაა საჭირო. ხალხი მოტყუებულია, არჩევნები - ჩავლილი. წინ მეორე ტურია, რათა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ღირსება შეინარჩუნოს, თავი გამარჯვებულად მანაც ჩათვალოს.
- ანუ სააკაშვილის ჩამოსვლა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო? - მაქვს ვერსია, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთობლივი თამაშია. ისინი ძალაუფლებას იცავენ სხვა პირებისგან.
- მაგრამ სააკაშვილის ჩამოსვლის დღეს "ოცნების" ლიდერები ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ზოგიერთს ტყუილის თქმამაც კი მოუწია. - ჩემი აზრით, არც "ქართული ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა არაფერი იცოდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არავინ არაფერი იცოდა. უბრალოდ, "ოცნების" რამდენიმე ლიდერმა არ იცოდა და არც ჩათვალეს საჭიროდ, რომ ყველას სცოდნოდა. ბუნებრივია, არ არის საჭირო ამ თამაშის შესახებ ბევრმა იცოდეს.
ახლა ამ ყველაფერს დასასრული აკლია, რათა ორივე მხარემ ამბიციები დაიკმაყოფილოს - "ოცნება" დასჯერდეს თავის 43%-ს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი ერთ-ორ რეგიონს დაუთმობენ. შემდეგ მიშასთვის მოიფიქრებენ რაღაცას, რომ ციხიდან გამოუშვან, ცოტა ხანს კი აწუწუნებენ. შევცდი, როცა მეგონა, სააკაშვილი არ ჩამოვიდოდა.
- ელოდებით ევროპის ზეწოლას სააკაშვილის გასათავისუფლებლად? - კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩემი აზრით, სააკაშვილი საქართველოში ივანიშვილთან შეთანხმებით ჩამოვიდა. მაგრამ ეს რომ გახმაურდეს, დააზიანებს როგორც "ქართულ ოცნებას", ისე "ნაციონალურ მოძრაობას". ამიტომ ორივე მხარე ეცდება ეს პროცესი მაინც მიმდინარეობდეს გარე მოთამაშეების ხელით. "ქართული ოცნება", როგორც გულმოწყალე პარტია, მიხეილ სააკაშვილს დაამადლის უცხოელებს და ისე გამოაგდებს გარეთ, როგორც სხვა პოლიტიკურ პატიმრებს. თუმცა მაინც მგონია, რომ კარგა ხანს არ გარისკავენ მის გამოშვებას.
- რას ეტყვის "ოცნება" იმ ხალხს, ვინც სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალდა? - "ქართულ ოცნებას" სააკაშვილი არც იმ ხალხის გამო დაუჭერია და არც მათ გამო გადაიფიქრებს გამოშვებას, როცა ამ შეთანხმების აღსრულების დრო დადგება.
- რა მოხდება 30 ოქტომბერს?
- ჩემი აზრით, მოსახდენი უკვე მოხდა. შესაძლებელია ოპოზიციამ ერთი-ორი ქალაქი მოიგოს, ჩვენ კი სულ სხვა რეჟიმში გადავიდეთ. კაცმა არ იცის, რა მოხდება მეორე ტურში, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. მთავარი ძალა სადაც არის, თბილისში, უპირატესობა სახელისუფლებო კანდიდატს აქვს და, ალბათ, კალაძე გაიმარჯვებს კიდეც. "ნაციონალური მოძრაობა" ამ შედეგით ძალიან კმაყოფილი იქნება და მიშა სააკაშვილიც ნელ-ნელა დამშვიდდება. "ქართული ოცნება" გააგრძელებს ქვეყნის მართვას და ამისთვის "ნაციონალებსა" და სააკაშვილს მადლობას ეტყვის.
- რა ბედი გეწევათ თქვენ და სხვა პატარ-პატარა პარტიებს? - არ მჯერა, რომ კიდევ დიდხანს იქნება მიშა-ბიძინა. მალე წამოეწევიან სხვა პარტიები, რადგან ხალხი მალე მიხვდება, რა შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, სამი წელი დიდი დროა, ეს პროცესი სწრაფად უნდა მორჩეს და დავინახოთ, რა პოლიტიკურ მაქინაციებთან გვქონდა საქმე.