"სააკაშვილმა საქართველოში ჩაიდინა დანაშაული და სასჯელიც აქ უნდა მოიხადოს"
"ხელისუფლების ნაკლოვანებები არ ცვლის იმას, რომ სააკაშვილი დამნაშავეა"
"აქციაზე შეკრებილთა რაოდენობამ არაფერი დამანახა - არსებობს გაცილებით მეტი ადამიანი, რომელთაც ფეხი დააბიჯეს ღირსებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და სისხლი ადინეს", - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას. როგორც ამბობს, რუსეთის მედიის პროპაგანდა პირდაპირ იყო დაკავშირებული სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან, როცა ითქვა, რომ 100 ათასი კაცი იყო შეკრებილი.
- საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და 14-15 ათასი კაცი შეიკრიბება თუ როგორც რუსულმა მედიამ აღნიშნა, 100 ათასი, მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელობა აქვს საკითხის არსს და ის არ იცვლება - მიხეილ სააკაშვილი არის მთელ რიგ საქმეებში დამნაშავე.
ბევრი საკითხი კიდევ განსახილველია და კიდევ უამრავია, რაზეც მას სამართლებრივი პასუხი არ მოსთხოვია. სხვათა შორის, ათჯერ მეტია მათი რაოდენობა, ვის ზურგზე, ოჯახებზე გადაიარა იმ სადისტმა, დაუზოგავმა რეჟიმმა, რომელსაც სააკაშვილი მართავდა.
- თუ სააკაშვილის რეჟიმი სადისტური და სასტიკი იყო, რატომ ვერ მოახერხეთ მისი პოლიტიკური ველიდან გაქრობა? ხელისუფლების რა შეცდომებს უკავშირებთ იმას, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არათუ აღარ ეშინია "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ ახალ შესაძლებლობადაც განიხილავს? - ხელისუფლების ნაკლოვანებები არ ცვლის იმას, რომ სააკაშვილი დამნაშავეა. ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, პრობლემები რომ არის, ეს კავშირში არ არის სააკაშვილთან. მე არ ვფიქრობ, რომ მისი მხარდამჭერების რიცხვი გაიზარდა, უბრალოდ, მათი მობილიზება მოხდა.
- რას ფიქრობს ხელისუფლება სააკაშვილის გზავნილზე რუსთავის ციხიდან: "შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება, ზიზღის ფრქვევა და მივუტევოთ ერთმანეთს". - თვალთმაქცური და ფარისევლური განცხადებაა. ლაპარაკობს შერიგებაზე, ურთიერთჩახუტებასა და ამავე დროს ჯოჯოხეთისკენ მიგვითითებს გზას. შერიგებაზე საუბრის პარალელურად, იქვე მხარდამჭერებს მოუწოდებს, შეიკრიბეთ, მე დამიხსენით ციხიდან, სათავეში ჩაგიდგებით და რევოლუციური პროცესი განვავითაროთო. ამის შემდეგ რა აზრი აქვს, რას იტყვის სააკაშვილი - ახსენებს უფალს, ანგელოზებს და ყველა ბოროტებას გიგა ბოკერიას და ვანო მერაბიშვილს დააბრალებს თუ ურთიერთპატივისცემაზე გააკეთებს აქცენტს?
- როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენთვის ციხეში მყოფი სააკაშვილი გაცილებით დიდი პრობლემა ხომ არ არის, ვიდრე თავისუფალი? - სააკაშვილმა ხელისუფლება კი არ ჩააგდო რთულ მდგომარეობაში, არამედ სახელმწიფო, თანაც არაერთხელ. დიახ, რთული ჰქვია მდგომარეობას, როდესაც მტერს ტერიტორიების 20%-ის მიტაცების საშუალებას მისცემ, როდესაც ადამიანების დიდ ნაწილს ტოვებ შემოსავლის გარეშე, უსპობ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას...
- გამოსავალი რაშია?
- გამოსავალია არჩევნები, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. როგორც გადანაწილდება მანდატების რაოდენობა, ამის მიხედვით იქნებიან მმართველობაში ესა თუ ის პირები. ეს რეალობა არ მოსწონთ "ნაციონალურ მოძრაობასა" და სააკაშვილს, იმიტომ, რომ ამაში პერსპექტივას ვერ ხედავენ. ისინი პერსპექტივას ხედავენ რევოლუციური სცენარის განვითარებასა და დესტრუქციაში.
- შეიძლება, რომ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე იძულებული გახდეთ და სააკაშვილი გაათავისუფლოთ? - გამორიცხულია! ასე რომ იყოს, ყველა მკვლელი და რეციდივისტი გამოაცხადებდა შიმშილობას. სააკაშვილს შიმშილობას არავინ უშლის, ამის გამო არც პრობლემები ექმნება. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ციხეში თუ ვინმე შიმშილობას გაბედავდა, განწირული იყო სასტიკი მოპყრობისთვის. ცოტნე გამსახურდიას საქმე გაიხსენეთ - იმის გამო რომ, სხვა პატიმრების წამება გააპროტესტა, ხერხემალი ისე დაუზიანეს, დაჯდომას ვეღარ ახერხებდა. სულხან მოლაშვილიც პოლიტიკური ფიგურა იყო... სააკაშვილის სიცოცხლეს შიმშილობის გამო საფრთხე თუ შეექმნება, მაღალკვალიფიცური სამედიცინო მომსახურება გარანტირებული აქვს.
- თუ უკრაინა მის ექსტრადირებას მოითხოვს? - სააკაშვილმა საქართველოში ჩაიდინა დანაშაული და სასჯელიც აქ უნდა მოიხადოს. თუმცა უკრაინაშიც აქვს დანაშაული ჩადენილი. თუ დადგინდება, რომ სააკაშვილმა არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინის საზღვარიც უკანონოდ გადაკვეთა, ბრალი უფრო დაუმძიმდება და უკრაინა მას მოითხოვს არა როგორც საკუთარ მოქალაქეს, რომელიც ციხიდან უნდა დაიხსნას, არამედ დამნაშავეს, რომელმაც უკრაინაში ჩაიდინა დანაშაული. ეს სხვა თემაა, თუმცა არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში სააკაშვილის გადაცემას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ხათუნა ბახტურიძე