"ნელ-ნელა იშლება ზღვარი ბოროტებასა და ნაკლებ ბოროტებას შორის"
უმართავი ფეტიშიზმი და ლიდერომანია, პოლარიზებული საზოგადოება, თავისუფლების სახელით დარღვეული ზნეობრივი ეთიკა… - ეს მოვლენები ჩვენს საზოგადოებას… წინსვლის საშუალებას არ აძლევს. რატომ ვერ შევძელით სახელმწიფოებრივი კრიზისის გადალახვა? გვესაუბრება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე:
- თქვენს თაობას ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს დაწყებულმა პოლარიზაციის პირველმა ტალღამ უკვე დანგრეული ქვეყანა და დიდი აგრესია დაახვედრა. რა იყო ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის სათავე?
- სათავე იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც საბჭოთა მარწუხების მოშვების შემდეგ დაიწყო. გამსახურდიასა და მისი მომხრეების მოსვლამ უამრავი ადამიანი დააყენა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე. ექსპრეზიდენტის მომხრეებშიც ბევრმა მოინდომა ძალაუფლების შეუზღუდავად გამოყენება. ასეთი ბრძოლა ყველგან არის, მაგრამ მეტ-ნაკლებად შემაკავებელი მექანიზმებით, რომლებიც ჩვენ არ აღმოგვაჩნდა. პირიქით, "თავს დატეხილი" თავისუფლება სწორედ ამ უმძიმეს მოვლენებში გადასაშვებად გამოვიყენეთ, რაც დღესაც გრძელდება. ამასთან, სხვისი დიქტატურის ტყვეობაში ყოფნის ცნობიერება დღემდე ვერ განვდევნეთ. შარლ მიშელის ხელშეკრულება მახსენდება, რომლის შესრულება ამ პოლიტსუბიექტმა პოლიტიკურ პარტიებსვე ანდო - კრიზისიდან გამოსვლის გზებზე თქვენ მოილაპარაკეთო, ანუ ევროპული ნაბიჯი გადადგა, თუმცა მისი წასვლისთანავე ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთს განახლებული ძალით დაეტაკა... ვფიქრობ, საზოგადოებას აქვს თავისუფლების სწორად გამოყენების უნარი, მაგრამ ის ისეთი არაორგანიზებული და დაქსაქსულია, რომ ამ რესურსის გამოყენება არ შეუძლია. შესაბამისად, ხალხის სახელით ლაპარაკობენ პარტიები, ისინი, ვისთვისაც პოლიტიკური გამარჯვება პირდაპირ არის დაკავშირებული მომხვეჭელობასა და სიხარბის დაკმაყოფილებასთან.
- ამის უფლებას კი მათ ხალხი აძლევს... - მთლად ასე არ არის. საზოგადოდ, მენტალურად ჩამორჩენილი, ანუ ის, ვისთვისაც ძალაუფლების სურვილს, მომხვეჭელობასა და სიხარბეს ზღვარი არ აქვს, უკეთესად ახერხებს ხალხის ორგანიზებას.
გადავშალოთ ბიბლია და ვნახავთ, სიკეთესთან შედარებით როგორ კარგად არის ორგანიზებული ბოროტება. Bბოროტება მოქნეული ნაჯახივით არის, რადგან ის მარტივია და მის ორგანიზებას დიდი ძალა არ სჭირდება. მით უფრო, რომ ჩვენს საზოგადოებაში მას ასაზრდოებს სიღატაკე, ფანატიზმი და შურისძიება გაუსაძლისი მატერიალური ყოფის გამო, სიკეთე კი უფრო რთული განსახორციელებელია. მას სჭირდება მეტი ძალისხმევა, მეტი დათმობა, ფიქრი და კაცთმოყვარეობა, რაც პოლიტელიტაში არ ჩანს.
- თუმცა, ფაქტია, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ახლა ქუჩიდან წესების გარეშე იბრძვის ძალაუფლების მისაღებად, საზოგადოების ნაწილი აქტიურად უჭერს მხარს. ხშირად ბრძოლა არც ეთიკის ნორმებს ემორჩილება. - რაღა თქმა უნდა. მსგავს მხარდამჭერებში აქტიური იქნება ის ნაწილი, რომელსაც ფანატიზმი და დარაზმულობა ახასიათებს, შესაბამისად, უფრო ავლენს მიზნების განხორციელების სურვილს, ვიდრე საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ამას ვერ ახერხებს და პასიურ მაყურებლად რჩება.A
გერმანელი ნაცისტები არასოდეს ყოფილან უმრავლესობაში. არჩევნებში მათი აღებული ხმები 40%-ს არ აღემატებოდა. არც ბოლშევიკები ყოფილან უმრავლესობაში ბოლშევიკური რევოლუციის წინ - 1917 წლის დამფუძნებელ კრებაზე მათ მხოლოდ ხმების 5-6% მიიღეს, მაგრამ ორივე ძალამ კარგი ორგანიზებულობით მიზანს მიაღწია. ჩვენს სინამდვილეშიც არცერთი პარტია - არც სახელისუფლებო და მით უფრო, არც "ნაცმოძრაობა" - არ გამოხატავს საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებს, მაგრამ თავადაც და მათი მომხრეებიც არიან გაცილებით ორგანიზებული, ვიდრე სწორედ საზოგადოების უმრავლესობა, დაქსაქსულობის ფონზე კი ეძლევათ შესაძლებლობა, ხალხის სახელით ილაპარაკონ და გაავრცელონ თავიანთი ღირებულებები: დაუნდობლობა, მომხვეჭელობა, კომპრომისის ლაჩრობად გამოცხადება.
- ჩვენს სინამდვილეში მსგავსი ღირებულებები მართლაც ძლიერი აღმოჩნდა. მათ შორის არის ბელადომანიაც - პოლიტიკური ლიდერებისადმი ფანატიკური სიყვარული და ერთგულება, განსაკუთრებით, ქალბატონების... - ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს განსაკუთრებით ქალბატონებს ახასიათებთ. უბრალოდ, ჩვენი საზოგადოება ქალს უფრო მეტად სთხოვს გაწონასწორებულობას. მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ სააკაშვილის მიმართ, მაგალითად, გია ბარამიძისა და თაკო ჩარკვიანის თაყვანისცემაში.A არცერთს არა აქვს მუხრუჭი, ორივე ნაჯახივითაა...
- თუმცა მაინც უცნაურია, რომ არაერთი ემიგრანტი ქალბატონი, რომელთა უმძიმესმა შრომამ იხსნა მათივე ოჯახები და ქვეყანა, მზად არის, სამშობლოში სააკაშვილის მხარდასაჭერად დაბრუნდეს, არადა, ათეული წლებია, შვილების ნახვასაც ვერ ახერხებენ. - ბევრ ჩვენგანს, მათ შორის მეც, უამრავი ახლობელი გვყავს ემიგრანტთა შორის. ყველამ კარგად ვიცით, როგორ მძიმე შრომას ეწევიან ისინი და როცა ინტერნეტთან ან ტელეეკრანთან ყოფნის დრო აქვთ, მხოლოდ ფრაგმენტულად ხედავენ, რა ხდება მათ სამშობლოში. მათი უმეტესობა ქვეყნიდან წავიდა მაშინ, როცა არ იყო შუქი, გაზი, საჭმელი... ახლა კი ეს ყველაფერი არის და ყველაფერი სააკაშვილის პრეზიდენტობით დაიწყო, შესაბამისად,
მათი ნაწილი ექსპრეზიდენტში მხსნელს ხედავს, მაგრამ როგორც მე არ ვიცი, როგორ ტანჯვაში ცხოვრობდნენ ისინი, ასევე მათ არ იციან, რა ტანჯვა გამოვიარეთ საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებისას, ადამიანების ფიზიკური განადგურებით დაწყებული, ადამიანის მორალისა და ეთიკის გათელვით დამთავრებული. ამ ყველაფერზე დასაფიქრებლად ხშირად მათ რესურსიც არ გააჩნდათ, რადგან თავიანთი განსაცდელი ჰქონდათ, ასე რომ, გაუუცხოვდნენ მოვლენებს და სააკაშვილის მმართველობას უფრო ჰეროიკულად აღიქვამენ, ვიდრე სინამდვილეშია, მას თავიანთი ოჯახების ბედთან აკავშირებენ. ამიტომაც არის ემიგრაცია საშინელება - ადამიანი, რომელიც სადღაც შორეულ იტალიაში ან საბერძნეთში ცხოვრობს, უბედურების მნახველს გიხსნის, რომ ეს უბედურება სინამდვილეში ბედნიერებაა, თუმცა მე ამ მხრივ აქ დარჩენილი საზოგადოების ნაწილის მდგომარეობა უფრო მეფიქრება.
- პიროვნების თავისუფლება უზენაესია, თუმცა როდესაც თავისუფლება სცდება ეთიკის ნორმებს, როდესაც მედიასაშუალებებით უზნეობა ზნეობრივ ნორმად კანონდება, საქმე მხოლოდ სულიერი სტრესი აღარ არის... - ადამიანების ნაწილი მზად არის, ძალაუფლებისთვის ყველაფერი იკადროს, რისი სიმბოლო თავად სააკაშვილიც გახლავთ. საზოგადოების დიდ ნაწილს კი, რომელიც დღის ბოლომდე თავის გატანაზე ფიქრობს და გათენებისას არ იცის, შვილებს რა აჭამოს, ამ მოვლენების ადეკვატურად შეფასებისთვის არც დროს აქვს და არც განწყობა. ადამიანები შვილების გადარჩენისთვის ბრძოლაში დაუნდობლები ხდებიან და, ალბათ, მეც ასე ვიქნებოდი, Aასე რომ, ეთიკის ნორმების დარღვევა გასაკვირი სულაც არ არის. და მეორე: ეთიკის ნორმების არაფრად ჩაგდების უფლებას მოსახლეობას ლიბერალური სახელმწიფო ანიჭებს. სხვათა შორის, პირველად მარგარეტ ტეთჩერმა თქვა, არ არსებობს საზოგადოება, არსებობენ ცალკეული ადამიანები და ისინი განსაზღვრავენ ყველაფერსო.
თანამედროვე ეპოქაში ადამიანს მიაჩნია, რომ ყველაფრის ჩადენა შეუძლია და მისი შემაკავებელი არაფერია. ბუნებრივია, ეს საზოგადოებასაც აზარალებს და სახელმწიფოსაც. საკუთარი ძალაუფლების ხიბლით გაბრუებული ადამიანი ღირებულს ვერაფერს ქმნის, მაგრამ, ცხადია, ეს ყველას არ დაემართება. იმედი მაქვს, საზოგადოების დიდ ნაწილს ეს არ ემუქრება - ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ხომ მოაზროვნე არსებაა.
- ალბათ, სწორედ საზოგადოების ეს ნაწილი იჩენს რაციონალურ აზროვნებას კრიტიკულ მომენტში, როცა რადიკალურად განწყობილ ოპოზიციას მხარს არ უჭერს, მის შეკრებებზე არ დადის და სახელმწიფოს დანგრევის საშუალებას არ აძლევს... - ვფიქრობ, რაციონალური აზროვნება კი არა, ამაში საზოგადოებასაც და სახელმწიფოსაც თვითგადარჩენის ინსტინქტი ეხმარება - ჩვენ ხომ უმძიმესი წლები გამოვიარეთ და მისი გამეორება აღარ გვინდა. ჩვენ რომ მიტინგზე არ მივდივართ და ამით არ ვეთანხმებით ძალაუფლებისთვის ბრძოლის ბინძურ მეთოდებს, ეს არ ნიშნავს, თითქოს რაღაც ღირებულისთვის ვიბრძვით. ჩვენ მხოლოდ პასიურ უარყოფას გამოვხატავთ, რაც ჩვენი რეაქციული პოზიციაა - ინსტინქტი გვაიძულებს, რეაქცია გვქონდეს რაღაც საშიშზე, რომელიც წინ გველოდება. თუმცა რა არის ამის შემდეგ? არაფერი! საზოგადოება უკეთესისთვის ორგანიზებას ვერ ახერხებს, ეს არ შეუძლია, რადგან მარტოა და დაქსაქსულია.
საზოგადოების პროგრესს სჭირდება რომელიმე ჯგუფთან მისი მიკუთვნებულობა, მსგავსი კი ჯერჯერობით არც პოლიტპარტიაა, არც - პროფკავშირი, არც - პიროვნება და არც - ეკლესია, რომელიც მიზანმიმართულად დაასუსტეს.
- ხალხი იძულებულია, გვერდით დაუდგეს იმ ხელისუფლებას, რომელიც არ მოსწონს... - დიახ, ხალხი, რომელიც თავად ვერაფერს აკეთებს, იძულებულია, ნაკლებად რეაქციულ ძალას მისცეს ხმა. რაღა შორს წავიდეთ, 2018 წელს "ქართული ოცნების" კანდიდატს თვითონაც მხოლოდ იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ უზნეო და არაფრით გამორჩეული ძალა არ მომეყვანა ხელისუფლებაში, თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ნელ-ნელა იშლება ზღვარი ბოროტებასა და ნაკლებ ბოროტებას შორის. ხელისუფლება თანდათან ემსგავსება ოპოზიციას. ხარი, რომელიც მეორე ხართან დააბეს, ფერს იცვლის. სწორედ ამის ნიშანია ჩვენი დიდი ქალაქების არჩევნების შედეგები. მაგალითად, ბათუმში მერობის კანდიდატად წინა ხელისუფლების ჯალათი, მეგის ქარდავას ყოფილი მოადგილე, ანუ ექსჯალათი დააყენეს, სახელმწიფოსგან სრულიად მიტოვებული ქუთაისის მერობის კანდიდატობა კი მეტსახელად "ბოცას" მიანდეს. ბათუმში ხელისუფლებას არჩევნების შედეგად უკვე გაეცა საკადრისი პასუხი, ქუთაისი კი ისევ ყვირის, მიშველეთო.
- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რეაქციული ძალის დაბრუნებას მალე უნდა ველოდოთ?
- რადგან ზღვარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნელ-ნელა ფერმკრთალდება, ცხადია, უნდა ველოდოთ და ეს იქნება ხელისუფლებისთვის საკადრისი პასუხი. მანამდე კი ხალხი ელოდება, რომ რაღაც შეიცვლება, რომ ხელისუფლებაში ვიღაც მიხვდება, როგორ უნდა გახდეს ქვეყანა უკეთესი. ხალხი ელოდება პასუხს კითხვებზე, რატომ ვერ ეღირსა ადამიანურად ცხოვრებას და როდემდე უნდა იყოს ასეთი გაჭირვებული. და რას პასუხობს მას ხელისუფლება? ვერაფერს! სამაგიეროდ, მათ აქვთ პასუხი კითხვებზე, როგორი მანქანა სურთ, როგორი მეტლახი დააგონ თავიანთ სახლებში, როგორ იმოგზაურონ უცხოეთში, როგორ გაიკეთონ ხელზე ძვირფასი საათი. და ეს არ ადარდებს არც ოპოზიციას. მეტიც, მაგალითად,G "გირჩი" - ეს პათოლოგიური დაჯგუფება, რომელიც მზად არის, ტელეგადაღებისთვის შარვალი ჩაიხადოს, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივად შექმნეს თავიანთი შუამავლობისთვის. ბევრს ახსოვს, როგორ ამბობდა კვირიკაშვილი, ეს შუამავალი ოპოზიცია იქნებაო.
ხელისუფლების და, ალბათ, სახელმწიფოს ბედადაც, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სრულიად არაადეკვატურია, რაც მისი ბოლო ქმედებითაც აშკარად გამოჩნდა: როგორ შეიძლება ადეკვატურმა ადამიანმა მეუღლეს ახალი ოჯახის შექმნის შესახებ სოციალური ქსელით საჯაროდ შეატყობინოს?! იმ მეუღლეს, რომელიც არაერთხელ აქცია მსხვერპლად. ბოლოს ზუგდიდის მერობის კანდიდატადაც კი გამოაცხადა! რა თქმა უნდა, განქორწინება ხდება, მაგრამ ასეთი შოკის მომგვრელი ფორმით?! ცხადია, ექსპრეზიდენტი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ყველაფერს ჩაიდენს, რაც, წესით, მისი მომხრეებისთვისაც საზიანოა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ხელისუფლებას კიდევ აქვს დრო, ნამდვილ ღირებულებებზე იფიქროს; თავადაც დაბრუნდეს იმ ოჯახში, რომელსაც ხალხი ჰქვია და ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილიც დააბრუნოს, ისე, როგორც დაბრუნდა უძღები შვილი, რომელმაც ოჯახი გააკოტრა, თუმცა ოჯახმა შეუნდო. ისევ სახარებასთან მივდივართ, სხვანაირად ვერასოდეს ვიცხოვრებთ ისე, როგორც გვინდა.