როდის და როგორ განახლდება ავარიული კორპუსები - კვირის პალიტრა

როდის და როგორ განახლდება ავარიული კორპუსები

"პროექტი ჯერ ნედლია და ვინც პირველი იქნება მზად, იმასთან ვითანამშრომლებთ"

ავარიული შენობების თემა ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა ბათუმის ტრაგედიის შემდეგ საკითხი განსაკუUთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ახლა ყოველი მეორე წუწუნებს, რომ თურმე მობინადრეებმა მის კორპუსში ბინებს საყრდენი კედლები გამოაცალეს და სარემონტო სამუშაოები ყოველგვარი წესების დარღვევით შეასრულეს. მაგრამ ახლა ვაი-ვიში დაგვიანებულია და თავის დროზე ხმა რომ ამოეღოთ, შესაძლოა, ბათუმის ტრაგედიაც არ დატრიალებულიყო.

2017 წელს, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ინიციატივით გამოვიდა, თბილისში "ხრუშჩოვკები" ეტაპობრივად ჩანაცვლებულიყო. "თბილისის გათავისუფლება საბჭოთა იდეოლოგიის ამ გადმონაშთებისგან და მათი ჩანაცვლება მყარი, კომფორტული საცხოვრისით ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიმართულება იქნება. ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ "ხრუშჩოვკის" ტიპის ბინებში, ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილი იქნებიან ბინით ან შესაბამისი კომპენსაციით, საკუთარი არჩევნის მიხედვიათ", - აცხადებდა კალაძე. ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის 31 მაისს, უკვე თბილისის მერმა "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტის დაწყება დააანონსა და აღნიშნა, რომ პროექტი პირველ ეტაპზე ვარკეთილს შეეხებოდა და ვარკეთილის მასივში მდებარე 30 205 კვმ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით კონკურსი გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე 160-მდე ოჯახი დაკმაყოფილდებოდა, რაც მერიას სამი ავარიული კორპუსის ჩანაცვლების საშუალებას მისცემდა. 2019 წელს მერმა ისიც განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი მშენებლობების ნაცვლად, უფრო მაღალი შენობები აეშენებინათ.

წლეულს, 9 სექტემბერს, კახა კალაძე ამბობდა, რომ "უამრავი თანხა იხარჯება მსგავსი სახლების გამაგრების სამუშაოებზე. თუმცა გამაგრებიდან ოთხი წლის შემდეგ ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ეს თანხები წყალში გადაყრილია. ბევრი ვეცადეთ, მათ შორის ინვესტორების ჩართულობით ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებას, მაგრამ არ გამოვიდა. მაგალითად, ხუთსართულიანი "ხრუშჩოვკის" ტიპის სახლი რომ დავანგრიოთ, ინვესტორი ითხოვს 16-17-სართულიანი შენობის აშენებას. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქალაქში 10 ათასამდე ცათამბჯენი გაჩნდეს? ეს საერთოდ გაანადგურებდა თბილისს, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამას მერია განახორციელებს და გარანტორიც თავად იქნება. საბოლოოდ, ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება".

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ არსებობს არა "ხრუშჩოვკების", არამედ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტი, რომელიც ამ საარჩევნო პერიოდის დაპირებაა. "კვირის პალიტრის" კითხვებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი პასუხობს.

- 2017 წელს მერის მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად, 2022 წლისთვის ავარიული ბინებისა და "ხრუშჩოვკების" ეტაპობრივი ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

- არ ვიცი, თქვენ რას გულისხმობთ, მაგრამ პროექტი ეხებოდა მხოლოდ ავარიულ შენობებს. ჩვენ ბევრი შრომა გავწიეთ როგორც კოოპერატიული ბინათმშენებლობით, ისე დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებულებისთვის. ყველა ძირითად პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქში არსებობდა - "ცენტრპოინტი", "სვეტი" და სხვა დიდი დაუმთავრებელი პროექტები - შეთანხმება მიღწეულია და სამშენებლო სამუშაო დაწყებული.

ახლა არის მეორე, საერთოდ სხვა ეტაპი, რომელიც გულისხმობს ავარიული "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებას. ეს პროექტი არის ამ საარჩევნო პერიოდის დაპირება. შემუშავებული გვაქვს პარამეტრები, რა მონაცემებითა და დაშვებებით დავიწყებთ ბიზნესთან კომუნიკაციას. მერმა ეს ახლახან დააანონსა და შევიმუშავეთ პროექტიც, ბიუჯეტში კი გამოიყო თანხები და, შესაბამისად, მომდევნო წლიდან დაიწყება მუშაობა ყველა პროექტზე.

- შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, რამდენი ავარიული კორპუსია თბილისში? - ამ დროისთვის არა მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა გვაქვს მონაცემები, რომ პირველად დაიწყება იმ კორპუსების ჩანაცვლება, რომლებიც ძალიან ავარიულია.

- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პირველად ვარკეთილში უნდა დაწყებულიყო "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება, რასაც "არქი" 2022 წელს დაასრულებდა... - რაც შეეხება ვარკეთილის მესამე მასივს, ჩვენ შემუშავებული გვაქვს კონცეფცია და ვმუშაობთ ორ ინვესტორთან. შესაბამისად, მათ დაწყებული აქვთ ტერიტორიების დამუშავება. "არქი" არ მონაწილეობს ამ პროექტში.

- რომელი კომპანია მონაწილეობს? - გამიჭირდება პირდაპირ თქმა. ამ ეტაპისთვის ის კომპანიები თვითონ აწარმოებენ მოლაპარაკებას მოსახლეობასთან, ვინაიდან იქაც საჭიროა ხელმოწერების 100%. ჩვენ კომპანიებთან სრულად გვაქვს გაცვლილი ინფორმაცია და პარამეტრების თაობაზეც შეთანხმებული ვართ. პარამეტრები უკვე დამტკიცებულია საკრებულოში და როგორც კი კომპანიები დაასრულებენ მოსახლეობასთან მოლაპარაკებას, ყველაფერი ცნობილი გახდება.

გამგეობებს დავალებული აქვთ დაიწყონ ავარიული ბინების ბინათმესაკუთრე ამხანაგობების თავმჯდომარეებთან კომუნიკაცია და მათთან ერთად ხელმოწერების შეგროვება. ეს პროექტი ჯერ ნედლია და ვინც პირველი იქნება მზად, იმათთან ვითანამშრომლებთ.

- ეს პროექტი კორპუსების გამაგრებასა და ზედ სართულების დაშენებას გულისხმობს, თუ დანგრევასა და ახლის აშენებას? - შეკეთება და გამაგრება არ იგულისხმება.

ავარიული კორპუსების გამაგრება მიმდინარეობდა და დრომ გვაჩვენა, ასეთი კორპუსები 3-5 წელიწადში უვარგისი ხდებოდა. აქედან გამომდინარე, კორპუსები დაიშლება და ახლით ჩანაცვლდება. ჩვენს ურბანულ გარემოს რომ გავუფრთხილდეთ და არ მივიღოთ ცათამბჯენები, ეს იქნება კერძო და საჯარო თანამშრომლობა. მარტივად რომ ვთქვათ, 5-სართულიანი კორპუსების ნაცვლად მივიღებთ 7-8-სართულიან კორპუსებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რა მდგომარეობაა "ხრუშჩოვკების" ეზოებში, არის თუ არა გარაჟები.

- გამოდის, "ხრუშჩოვკა" თუ ავარიული არ არის, მისი ჩანაცვლება არ მოხდება? - ამ ეტაპზე არ მოხდება.

- ფართობს რაც შეეხება, მობინადრეები რის მიხედვით მიიღებენ? - ფართობი იქნება ერთი ერთში.

- არის ოჯახები, რომელთაც ფართობი მომატებული აქვთ მიშენების ხარჯზე. - მობინადრეებს რეგისტრირებული რაც აქვთ, იმხელა ფართობს მიიღებენ.

- რა გრაფიკით არის გაწერილი ავარიული ბინების დაშლა და ახალი კორპუსებით ჩანაცვლება? - ჩანაცვლება დაიწყება იმის მიხედვით, როცა იქნება მობინადრეთა თანხმობა და შეგროვდება ხელმოწერები. ამის შემდეგ მეყსეულად ვიმოქმედებთ.

- რა დროშია ეს ყველაფერი გაწერილი? - ორ წელიწადში დაიშლება და აშენდება კონკრეტული კორპუსი. ამჟამად პროცედურების გამარტივებისთვის ვმუშაობთ. როცა ხელმოწერები და სამშენებლო ნებართვები სრულად გამზადდება, ჩვენ მზა პროექტები გვექნება. სამშენებლო კომპანიებს პროცედურების დიდხანს ლოდინი არ მოუწევთ, ამიტომ მუშაობა მალევე დაიწყება. სანამ მობინადრეები ბინებს დაცლიან და მერია მათ ბინებს დაუქირავებთ, ამ დროის განმავლობაში შევძლებთ დემონტაჟის დაწყებას, ოღონდ ეს ყველაფერი დაიწყება მაშინ, როდესაც გვექნება ხელმოწერები. ერთი მოსახლეც რომ არ იქნეს თანახმა, ბინას ხომ არ დავუნგრევთ? ამხანაგობამ უნდა მოიტანოს სამხარაულის ბიუროს დასკვნა. თუ კორპუსი ავარიულია, ამხანაგობას შეუძლია მიმართოს სამხარაულის ბიუროს, შემდეგ შეაგროვოს ხელმოწერები და მიმართოს გამგეობას, რომელიც მერე მერიას, ჩვენს სამსახურს გადმოსცემს.

- სამი კვირის წინ მერმა განაცხადა: "ბევრი ვეცადეთ, მათ შორის ინვესტორების ჩართულობით ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებას, მაგრამ არ გამოვიდა. მაგალითად, ხუთსართულიანი "ხრუშჩოვკის" ტიპის სახლი რომ დავანგრიოთ, ინვესტორი 16-17-სართულიანი შენობის აშენებას ითხოვს და ქალაქში თუ 10 000-მდე ცათამბჯენი გაჩნდება, ეს საერთოდ გაანადგურებს თბილისს". - ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ პროგრამა მერიამ განახორციელოს და გარანტორიც თავად იყოს. საბოლოოდ, 5-სართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად აიგება ახალი 8-სართულიანი კორპუსები.

სწორედ იმიტომ, რომ ურბანული სიმახინჯეები არ მივიღოთ, ამ პროცესში მუნიციპალიტეტი ჩაერთვება და მაქსიმუმ 8-სართულზე იქნება საუბარი.

- ეტაპობრივად ჩანაცვლების პროექტი მხოლოდ ავარიული ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, თუ თბილისში არსებულ სხვა ავარიულ სახლებსაც? - ეს პროექტი არა მხოლოდ "ხრუშჩოვკების", არამედ ნებისმიერი ავარიული კორპუსის ჩანაცვლებას ითვალისწინებს. პრიორიტეტი მიენიჭება ავარიულობის ხარისხს - პირველ რიგში ის სახლები ჩანაცვლდება, რომლებიც უფრო ავარიული და საცხოვრებლად სახიფათოა.

- იმ ფირმების ინტერესი რა არის, რატომ თანხმდებიან 7-8 სართულის ნაცვლად 17-18-ს? - მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობის მიზანი სწორედ ის არის, რომ არ დაუშვას სართულების მატება. ამ მონაწილეობის გარეშე, პირობითად ვამბობ, საბურთალოს რაიონში თუ 5 სართულის ჩანაცვლება 17-18 სართულით და ზოგ შემთხვევაში 20-ითაც მოხდებოდა, გარეუბნებში ეს სხვაობა 20-22 და მეტ სართულსაც მიაღწევდა. რომ არ მივიღოთ ურბანული სიმახინჯე, ამისთვის მუნიციპალიტეტი მიმართავს ინსენტივებს (წამახალისებელი ბიძგი), რომლითაც სართულიანობა დაყვანილი იქნება დამატებით მხოლოდ 2-3 სართულამდე. დამატებითი სართულები და დამატებითი ინსენტივი წარმოადგენს სამშენებლო ფირმების ინტერესის სფეროს.