რას შემოგვთავაზებს პენტაგონის შეფი და რას შევთავაზებთ ჩვენ?
რატომ აფასებს ისტორიულად აშშ-ის თავდაცვის მინისტრის სტუმრობას საქართველოს ხელისუფლება და რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს ოფიციალური თბილისისთვის ამ დონის საერთაშორისო შეხვედრები...
ამ კვირაში თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა აშშ-ის თავდაცვის მდივანი (იგივე თავდაცვის მინისტრი) ლოიდ ოსტინი. ის საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეხვდება. საქართველოს მთავრობის ზოგიერთმა მაღალი თანამდებობის პირმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი წინასწარ შეაფასა, როგორც ისტორიული, თუმცა რაიმე კარდინალური გადაწყვეტილების, მაგალითად, ნატოში მიღების იმედი, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს.
ქვეყანაში ბოლო წლებში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე, როცა ოპოზიცია ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდით ცდილობს, მსოფლიოს ასპარეზზე სახელი გაუტეხოს დღევანდელ მთავრობას და მას, მართალთან ერთად, ბევრი ტყუილიც დააბრალოს, ოფიციალური თბილისისთვის ჰაერივით სასიცოცხლოა მაღალი და ძალიან მაღალი დონის ხშირი საერთაშორისო კონტაქტები, თუნდაც იმისთვის, რომ ამომრჩევლებს დაანახვოს - საქართველოს დასავლური კურსი არ შეცვლილა და ისევ ვესწრაფვით ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას.
პენტაგონის შეფი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან შესახვედრად არ გამოფრენილა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან. ის მოინახულებს უკრაინასა და რუმინეთსაც, მერე კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბში, ბრიუსელში, ნატოს სამიტს დაესწრება.
როგორც ჩანს, საქართველოს, უკრაინისა და რუმინეთის არჩევა შემთხვევითი არ არის. ამ სამ ქვეყანას შავ ზღვაში გასასვლელი გვაერთიანებს, ხოლო ნატოს ახალი სტრატეგია, რომელიც ჩამოყალიბების სტადიაშია, უკვე ითვალისწინებს ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდას სწორედ შავი ზღვის რეგიონში.
სანამ ბოლო ორი ათეული წელი ნატოს სახსრები და ენერგია შორეულ ავღანეთში უშედეგოდ იხარჯებოდა, რუსეთმა შავი ზღვის სანაპიროზე აფხაზეთის საბოლოო ოკუპაციაც მოასწრო, უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძულიც "ჩამოაჭრა" და აზოვის ზღვაც ჩაკეტა. ამასთან, თავისი შავი ზღვის ფლოტის წყალზედა და წყალქვეშა ძალები თითქმის სრულად გადაიარაღა, ხოლო ოკუპირებულ-ანექსირებული ყირიმი "ჩაუძირავ ავიამზიდად" გადააქცია იქ თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო და საზენიტო სარაკეტო სისტემებისა თუ საბრძოლო ავიაციის განთავსებით და ეს მაშინ, როცა შავიზღვისპირა ექვსი ქვეყნიდან სამი ნატოს წევრია (თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი), ორი კი ალიანსში გაწევრებას, დიდი ხანია, ამაოდ იხვეწება...
მაგრამ არის ერთი დიდი ბარიერი, რომელიც უშლის და მომავალშიც შეუშლის ხელს, თუკი ვაშინგტონი მოსკოვის საპირისპიროდ შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო-საზღვაო პოტენციალის გაზრდას ეცდება. ეს არის 85 წლის წინ დადებული მონტროს საზღვაო კონვენცია, რომელიც არაშავიზღვისპირა ქვეყნებს შავ ზღვაში თავისი სამხედრო ხომალდების 21 დღე-ღამეზე მეტხანს ცურვას უკრძალავს და, ამასთან, მათი საერთო წყალწყვაც შეზღუდვას ექვემდებარება.
ასე რომ, თუკი პენტაგონს მართლაც სურს შავი ზღვის აკვატორიაში გაძლიერება და აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თბილისში, კიევსა და ბუქარესტში ვოიაჟისას მოლაპარაკებების მთავარი თემა სწორედ ეს იქნება, მაშინ მთავარი ყურადღება, ალბათ, უფრო ამ შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების გაზრდას უნდა მიაქციოს - თუნდაც ამერიკული სამხედრო ფლოტისგან მეორე და მესამე რანგის ხომალდების გადმოცემას, უპირველესად, რუმინეთისა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის.
აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს აღარ ჰყავს სამხედრო-საზღვაო ძალები და შავ ზღვაზე წარმოდგენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კატარღებით, რაც, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად ოპტიმალური გამოსავალია, რადგან ფრეგატებისა კი არა, საბრძოლო მდგომარეობაში ერთი კორვეტის შენახვაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვებოდა ჩვენი ქვეყნის ისედაც გაჭირვებულ ბიუჯეტს.
სამაგიეროდ, არის მეორე გამოსავალი, როცა ამერიკელ პარტნიორებს შავ ზღვაში საქართველოს მოქმედებების გაზრდისთვის ეძლევათ საშუალება, არც მწვადი დაწვან და არც - შამფური, ანუ არც მონტროს კონვენცია დაარღვიონ და თან შავი ზღვის აკვატორიაში მოკავშირეების სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობები გაზარდონ.
ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუკი ქართული მხარე თბილისში სტუმრობისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შესთავაზებდა ინიციატივას, რომლის თანახმად პენტაგონი საქართველოს თავდაცვის ძალებს სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში დაეხმარებოდა. იგულისხმება ქართულ სანაპიროზე შორი ან საშუალო სიშორის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მობილური დანადგარების განთავსება, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა არა მარტო ქართული პორტებისა და დესანტსაშიში სანაპირო მონაკვეთების სრული გაკონტროლება, არამედ ტერიტორიული წყლების იქით, შავი ზღვის ცენტრისკენ "შეჭყეტვაც". თუმცა, ეჭვი მეპარება, ამერიკელ სტუმარს ეს შესთავაზონ, რადგან როცა წლების წინ თავდაცვის ერთ-ერთ მინისტრს (აწ უკვე ყოფილს) დავუსვი კითხვა სანაპირო დაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე, მისმა პასუხმა განმაცვიფრა - ეგ ხომ სასაზღვრო პოლიციის საქმეა, ჩვენ, თავდაცვა, რა შუაში ვართო...
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა მშვიდობიან პერიოდში, ძირითადად, სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენით და საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ატარებს და მას ვერ მოსთხოვ, ჩაძიროს ქობულეთთან პლაჟს მომდგარი რუსული სადესანტო ხომალდი ან გზა გადაუღობოს ფოთის პორტში დაუპატიჟებლად შემოსულ რუსულ სარაკეტო ფრეგატს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დებულების თანახმად, ომის დროს სანაპირო დაცვის კატარღებს საზღვაო ფლოტის ფუნქციების შესრულება ევალებათ, მაგრამ ეს - ქაღალდზე, რეალურად კი შეუძლებელია, ქართველი მესაზღვრეების ტყვიამფრქვევიანმა კატარღამ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველაზე დაბალი რანგის საბრძოლო მცურავ საშუალებასაც კი.
სწორედ ამიტომაც არის აქტუალური ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო მართვად "ჯაველინებსა" და "მისტრალებთან" ერთად ქართული არმიის შეიარაღებაში ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემების მიღებაც, რომელთა მობილური დანადგარები სისტემატურად შეიცვლის საცეცხლე პოზიციებს და ძალიან რთული აღმოსაჩენი და გასანადგურებელი=მიზანი იქნება სავარაუდო მოწინააღმდეგის სამხედრო ხომალდებისა და ავიაციისთვის.
ამ თემაზე, ათწლეულებია, ვლაპარაკობთ და, ცხადია, გვახსოვს რუსული საზღვაო დესანტირება ქართულ სანაპიროზე, როგორც აფხაზეთის (ტამიშის დესანტი), ისე აგვისტოს (დესანტირება ოჩამჩირესთან) ომების დროს, რამაც ოპერატიულ-ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა.
ამის განმეორების საშიშროება ისევ არსებობს, მით უმეტეს, თუკი ნატო მართლაც დაიწყებს შავი ზღვის რეგიონში თავისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას და ამისთვის მხარში, თავის წევრ ქვეყნებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინასაც ამოიყენებს.
P.S. ესტონეთი საქართველოზე პატარა ქვეყანაა და უფრო მცირერიცხოვანი არმიაც ჰყავს, მაგრამ ამ ქვეყნის (რომელსაც ჩვენსავით ემუქრება "რუსული დათვის საფრთხე") სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, 50 მლნ ევრო გამოყოს ისრაელის წარმოების თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის შესაძენად, რომელსაც 290 კმ-ზე გარანტირებულად შეეძლება ფრეგატის ტიპის სამხედრო ხომალდის დაზიანება-ჩაძირვა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესტონეთი, დიდი ხანია, ნატოს წევრია, მაგრამ მხოლოდ ალიანსის კოლექტიური თავდაცვის იმედად არ რჩება.