"ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაციის ისტორია - კვირის პალიტრა

"ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაციის ისტორია

ქართული და მსოფლიო პოეზიის შედევრი, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა და საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხის ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ბუნებრივია, ასეთი ნაწარმოების მიმართ ინტერესი მრავალმხრივი იყო და გამონაკლისს არც კინემატოგრაფია წარმოადგენდა. ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იოსებ იმედაშვილი იგონებდა: "კინოს განვითარების პირველ წლებში არ ყოფილა ქართული კულტურის არც ერთი ცოტად თუ ბევრად გამოჩენილი მოღვაწე, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" ეკრანზე ნახვას არ ოცნებობდა". ეს სიტყვები კარგად გამოხატავს იმ პერიოდის ქართველი საზოგადოების დაინტერესებას.

"ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაციის იდეა პირველად გასული საუკუნის 10-იან წლებში გაჩნდა, თუმცა მისი სიუჟეტის მიხედვით მხატვრული ფილმი დღემდე არ გადაღებულა. (კოტე მიქაბერიძის 1936 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი "ქაჯეთი" პოემის მხოლოდ ერთ მცირე ეპიზოდს ასახავს). მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიას ახსოვს არაერთი ვრცელი ეპიკური ნაწარმოების ეკრანიზაცია და არცთუ ურიგო. ცხადია, მხატვრული ფილმის "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით გადაღება ადვილი არ იქნება, პირიქით, დიდ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული.

მაყურებელი ფილმს დღემდე ამაოდ ელის. ამ გარემოებამ გვიბიძგა, პოემის ეკრანიზაციის მცდელობებზე მოგვეთხრო.

პირველი ნაბიჯი

"ვეფხისტყაოსნის" გმირების ეკრანზე გაცოცხლების პირველი იდეა XX საუკუნის 10-იან წლებში გაჩნდა და ამ პირველი მცდელობის სულის ჩამდგმელი იყო ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი შალვა დადიანი. მას "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტის მიხედვით დაწერილი სცენარი ერთ-ერთი ფრანგული ფირმისთვის გადაუგზავნია. ისინიც თავის მხრივ დაინტერესებულან, რასაც მოწმობს მათ შორის მიმოწერა. შალვა დადიანის მიერ ფრანგული ფირმისთვის გაგზავნილ წერილებს თავის დროზე მიაკვლია თეატრალური მუზეუმის თანამშრომელმა ლედი კაპანაძემ და ეს წერილები გამოაქვეყნა კიდეც ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში" (#9, 1971 წ. გვ.: 49-52). სამწუხაროდ, ფრანგული ფირმის მიერ შალვა დადიანისთვის გამოგზავნილი წერილები დღემდე არ არის მიკვლეული, თუმცა ისინი უნდა ყოფილიყო, რადგანაც დამადასტურებელ ინფორმაციას თავად შალვა დადიანის წერილებში ვხვდებით. მაგალითად, #1-ით დანომრილ წერილში შალვა დადიანი წერს: "ა.წ. 29 მარტს თქვენს მიერ გამოგზავნილ თავაზიან წერილზე პატივი მაქვს გიპასუხოთ..." უნდა ითქვას, რომ არც შალვა დადიანის მიერ გაგზავნილი ყველა წერილი შემონახულა. სულ გვაქვს სამი წერილი, რომლებიც დანომრილია 1, 2 და 4 ციფრებით. ამის გათვალისწინებით, უნდა ეარსება მესამე წერილსაც. ხოლო მე-4 წერილი რამდენად არის ბოლო, ესეც ძნელი სათქმელი გახლავთ.

გერმანე გოგიტიძე მეუღლესთან ერთად

აღსანიშნავია, რომ ამ წერილებში შალვა დადიანი საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობს. ლედი კაპანაძე ფიქრობდა, რომ ამ წერილებს შალვა დადიანი წერდა, ხოლო ხელს მისი მეუღლე, ელო ანდრონიკაშვილი აწერდა. ამგვარი ვარაუდის უფლებას მას აძლევდა ელო ანდრონიკაშვილის წერილი ერთი ნაცნობისადმი, რომელიც 1925 წლით არის დათარიღებული. იგი წერს: "გვაქვს "ვეფხისტყაოსნის" სცენარი (დღემდე არ არის მიკვლეული. - ზ.ქ.) და დიდად სასურველია, რომ ეს გერმანიის ფირმამ დადგას".

რაც შეეხება იმ სამი წერილის შინაარსს, ავტორი ფრანგულ ფირმას ურჩევს, კონსულტანტად შალვა დადიანი მიიწვიოს, რადგანაც "...იმ პიროვნების გარეშე, რომელსაც პოემა სპეციალურად აქვს შესწავლილი, როგორსაც ჩვენს მიერ რეკომენდებული მცოდნე წარმოადგენს (ე ი. შალვა დადიანი. - ზ.ქ.) მრავალი შესანიშნავი დეტალი და სპეციფიკური მხარე დაეკარგება პოემას".

წერილების მიხედვით აშკარაა, რომ ორივე მხარეს სრული მზაობა ჰქონდა "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტის მიხედვით კინოსურათის გადასაღებად, თუმცა ამ წამოწყებას ასრულება არ ეწერა. რატომ ვერ მოხერხდა ეს, ცნობილი ხდება თავად შალვა დადიანის მოგონებიდან - "მე და კინო", რომელიც ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში" გამოქვეყნდა: "ქართული კინემატოგრაფიის დაარსებამდე, ჩემთან კავშირი დაიჭირა ფრანგულმა, ცნობილმა პატეს ფირმამ. მთხოვა, რომ მათთვის "ვეფხისტყაოსნის" სცენარი ანუ როგორც ისინი ეძახდნენ, კინომანუსკრიპტი დამეწერა. ისინი საქართველოში აპირებდნენ ამ სურათის გადაღებას. მე ეს სამუშაო შევასრულე, მოიწონეს და ის იყო ჩემთან ხელშეკრულებაც უნდა დაედოთ, მაგრამ ამ დროს დაიწყო პირველი ომი ევროპისა რუსეთთან და ამის გამო ეს განზრახვა არ განხორციელდა" (ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება", #10, 1962 წ. გვ. 90). ამგვარად, სარაევოში გასროლილმა ტყვიამ პატეს ფირმასა და შალვა დადიანს შორის დაწყებული თანამშრომლობა, "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტის მიხედვით კინოსურათი შეექმნათ, ჩაშალა.

გართულება ხელოვნურად

"ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაციის აზრი მეორედ XX საუკუნის 20-იან წლებში დაიბადა. ამ იდეის ინიციატორი იყო საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე შალვა ელიავა. სწორედ მან დაავალა გერმანე გოგიტიძეს, თარგმნილი სცენარი ჩაეტანა გერმანელ კინემატოგრაფისტთან, "ნიბელუნგების" რეჟისორ ფრიც ლანგთან (1890-1976). რაც შეეხება გერმანე გოგიტიძეს, ის ერთ-ერთია იმათგან, ვინც ქართული კინემატოგრაფიის სათავეებთან იდგა. 1921 წლიდან სათავეში ედგა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციას, ხოლო 1923 წელს "სახკინმრეწვის" შექმნის შემდეგ იყო მისი დირექტორი. თვით გერმანე გოგიტიძე იდეისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი. თავის მოგონებებში წერდა: "...ასეთი დიდი ნაწარმოების ეკრანზე გადმოტანა არ უნდა ყოფილიყო გამართლებული... ვინაიდან ეს თხზულება... თავის მშვენიერებას ინარჩუნებს ფილოსოფიური შაირების გამო. თუკი ამ ბრძნულ გამონათქვამებს ამოვიღებთ ან კიდევ შევამოკლებთ, ნაწარმოები გაფერმკრთალდება". გერმანე გოგიტიძემ სცენარი გააცნო ლანგს და ისიც დათანხმდა ფილმის რეჟისორობას, თუმცა როგორც ქართველი კინომოღვაწე აღნიშნავდა, ლანგმა იმდენი თანხა მოითხოვა, იმ ფულით რამდენიმე ზაჰესსა და რიონჰესს ავაშენებდითო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გერმანე გოგიტიძემ მიზანმიმართულად გააზვიადა ფრიც ლანგის მოთხოვნები. ის პირდაპირ წერს თავის მოგონებებში: "არ მჯეროდა, რომ ამ სურათს რამენაირი მომავალი შეიძლება ჰქონოდა, ამიტომ ლანგის მიერ წაყენებული ყველა პირობა განზრახ ორმაგად გავართულე".

ასე და ამგვარად, რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, წამოწყებამ კრახი განიცადა.

"ქაჯეთი"

1935-1937 წლებში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით აღინიშნა რუსთაველის დაბადების 750-ე წლისთავი. საიუბილეო კომისიამ "სახკინმრეწვს" დაავალა, გამოეშვა სრულმეტრაჟიანი ფილმი "ვეფხისტყაოსანი" და ბიოგრაფიული კინოსურათი "შოთა რუსთაველი".

კადრი ფილმიდან

ბიოგრაფიული კინოსურათისთვის დაწერილი სცენარი დაიწუნეს, რადგანაც სცენარში დარღვეული იყო მეცნიერულად დაზუსტებული ფაქტებიც კი. ამიტომაც კონსულტანტად მიწვეული ივანე ჯავახიშვილი წინააღმდეგი იყო არა მარტო ამ სცენარისა, არამედ ბიოგრაფიული ფილმის დადგმისაც. დიდი მეცნიერი ამას იმით ხსნიდა, რომ შოთა რუსთაველის ცხოვრების გარშემო მთელი რიგი საკითხებისა ჯერ კიდევ დაუზუსტებელი და გაურკვეველი იყო. 1934 წლის 30 დეკემბერს გამართულ თათბირზე მან განაცხადა: "ჩვენს პირობებში აღნიშნულს კეთილსინდისიერად ვერ განვახორცილებთ. ცხადია, თუ ყველაფერს უბრალოდ, დახუჭული თვალით შევხედავთ და ყოველგვარ ნაკლზე ხელს წინასწარ ჩავიქნევთ, მაშინ შევძლებთ, მაგრამ ეს ხომ არ იქნება იუბილეს შესაფერი? ამისათვის საჭიროა მუშაობა. უნდა ჩატარდეს გამოკვლევები. არ შეიძლება გმირები ვატაროთ ბუტაფორიული კოსტიუმებით, გამოვიყვანოთ ტაკიმასხარები. მე ვფიქრობ, ეს საქმე ჯერჯერობით განუხორციელებელია, მაგრამ თუ განხორციელდება, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ". მართლაც, სათანადო სამეცნიერო ცოდნის დაგროვების შემდეგ, 1967 წელს მართლაც გადაიღეს ბიოგრაფიული კინოსურათი შოთა რუსთაველის შესახებ, გურამ პატარაიას რეჟისორობით.

იმავე სხდომაზე ივანე ჯავახიშვილი "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტის მიხედვით მხატვრული ფილმის გადაღების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: "მე ვფიქრობ, ჩვენს დღევანდელ პირობებში შედარებით უფრო ადვილია დავდგათ პოემა, შექმნილი თვითონ პოეტის მიერ, ვიდრე მისი ცხოვრება, თუმცა ესეც დიდ სიძნელეს წარმოადგენს... აქ საკითხს სვამდნენ იმაზე, თუ ვის შეუძლია მოგვცეს გარანტია პოემის ინსცენირების სიზუსტის შესახებ? მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ესეც მეტად ძნელია, მაგრამ აქ მდგომარეობას ამსუბუქებს ის, რომ პოემა ეს არის პოეტური ნაწარმოები და ინსცენირებისას ზოგიერთი გადახვევა დასაშვებია". ამდენად, დიდ ისტორიკოსს რეჟისორის მშვენიერი ალღოც აღმოაჩნდა.

მხატვრულ ფილმთან დაკავშირებით კინოსტუდიამ გადაწყვიტა, სრულმეტრაჟიან სურათამდე გადაღებულიყო მოკლემეტრაჟიანი ექსპერიმენტული მხატვრული ფილმი "ქაჯეთი", რომელშიც აღწერილი იქნებოდა ქაჯეთის ციხის აღება და ნესტან-დარეჯანის ქაჯთაგან გამოხსნა. ფილმის რეჟისორად დაინიშნა კოტე მიქაბერიძე, რომელმაც სცენარისტის ფუნქციაც იკისრა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოტე მიქაბერიძე ქართულ კინემატოგრაფიაში გამორჩეული ხელწერის რეჟისორია. ამის დასამტკიცებლად მხოლოდ ერთ ფილმს გავიხსენებთ - "ჩემი ბებია", რომელიც 1929 წელს გადაიღეს და საბჭოთა ბიუროკრატიული სისტემის მანკიერ მხარეებს ასახავდა. ამის გამო მხატვრული ფილმი საბჭოთა ცენზურამ დიდი ხნით შემოდო თაროზე. კიდევ ერთი ამბავი მისი ბიოგრაფიიდან: კოტე მიქაბერიძემ, არ შეშინებია რა საბჭოთა სისტემის, საჯაროდ დაგმო 1956 წლის 9 მარტის მანიფესტაციის სისხლიანი დარბევა. ამის გამო ჯერ პატიმრობაში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ გადაასახლეს სამი წლით...

alt

დავუბრუნდეთ კვლავ "ქაჯეთს", რომლის ოპერატორად დაინიშნა ალექსანდრე დიღმელოვი (დიღმელაშვილი), ხოლო პერსონაჟთა როლებს ასახიერებდნენ: კოხტა ყარალაშვილი (ტარიელი), თამარ ციციშვილი (ნესტან-დარეჯანი), ნიკოლოზ (კოკი) დადიანი (ავთანდილი), შალვა ხოფერია (ფრიდონი). განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია ტარიელის სახე, რომელიც კოხტა ყარალაშვილმა ბრწყინვალედ შეასრულა, შეიძლება ითქვას, რომ მთელ ფილმში ერთადერთი ტარიელის სახე იყო განსაკუთრებულად გამოკვეთილი.

33-წუთიანი მხატვრული ფილმი ექსპერიმენტული ხასიათის გახლდად და არც იყო ფართო ეკრანისთვის განკუთვნილი, თუმცა ის მაინც გამოვიდა ტელეეკრანებზე. ფილმს იმდროინდელი კინემატოგრაფიული საზოგადოება და მაყურებელი დადებითად შეხვდა. მთელი რიგი მიმართულებებით "ქაჯეთი" სიახლეს წარმოადგენდა ქართულ კინოში. კერძოდ, ფილმი მთლიანად პავილიონებში გადაიღეს. უხვად გამოიყენეს სპეცეფექტები, რაც იმ დროის ქართული კინოსთვის სიახლეს წარმოადგენდა. აგრეთვე "ქაჯეთი" ქართულ კინემატოგრაფიაში პირველი მცდელობაა კომბინირებული გადაღებისა, ანუ ერთი სცენის გადაღებისა სხვადასხვა ხედით. ამ ღირსებების მიუხედავად, კინოსურათმა ეკრანზე ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რადგანაც სცენარი სუსტი და უღიმღამო იყო. აგრეთვე, სათანადოდ ვერ გამოიკვეთა პერსონაჟთა სახეები. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმის გადაღების ვადები და ხარჯები ძალზე გაიწელა. ამის მიზეზი ტრიუკების დამდგმელ ი. ნიკიტჩენკოსა და რეჟისორ კოტე მიქაბერიძეს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება იყო. მიქაბერიძეს მიაჩნდა, რომ ნიკიტჩენკოს "გასაოცარმა უცოდინრობამ და სრულმა არაკოლეგიალობამ" გაზარდა ფილმის ვადები და ზედნადები ხარჯები.

მარცხნიდან: შალვა ხოფერია (ფრიდონი), ალექსანდრე დიღმელოვი, კოხტა ყარალაშვილი (ტარიელი), კოტე მიქაბერიძე, ნიკოლოზ დადიანი (ავთანდილი)

მიუხედავად მთელი რიგი ნაკლოვანებებისა, რაც მხატვრულ ფილმ "ქაჯეთს" აქვს, ის დღემდე რჩება "ვეფხისტყაოსნის" პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ ეკრანიზაციად.

* * *

1953 წელს დაიწერა კიდევ ერთი სცენარი, რომლის ავტორები იყვნენ ცნობილი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი მიხეილ ჭიაურელი, მწერალი სანდრო შანშიაშვილი და კინოდრამატურგი გიორგი ცაგარელი. სცენარის მიხედვით, ფილმის რეჟისორად გათვალისწინებული იყო მიხეილ ჭიაურელი. ქართული კინოს ისტორიის მკვლევარი კარლო გოგოძე მათ მიერ დაწერილ სცენარს აკრიტიკებდა და წერდა, რომ ის "სათანადო სიმაღლეზე არ იდგა და სრულყოფილი ფილმის საფუძვლად ვერ გამოდგებოდა" (ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება", #10, 1966 წ. გვ. 34). ამ სცენარის მიხედვით ფილმი აღარ შეუქმნიათ. ჩვენი აზრით, გარდა სცენარის არასრულფასოვნებისა, ამ წამოწყებას კიდევ ერთმა გარემოებამ შეუშალა ხელი: 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ სტალინი, ამის შემდგომ "ბელადის" საყვარელი რეჟისორი პარტიიდან გარიცხეს და სვერდლოვსკში გადაასახლეს. როგორც ჩანს, ამ მიზეზთა გამოც, სცენარი მიივიწყეს.

მიხეილ ჭიაურელი

"რუსთაველის ნაკვალევზე"

1966 წელს იუნესკოს ეგიდით აღინიშნა შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე. ამ პერიოდში "ვეფხისტყაოსნისა" და შოთა რუსთაველის შესახებ ხელოვნების არაერთი ნაწარმოები შეიქმნა. იუბილეს დღეებში კვლავ წამოიჭრა კინოსურათის შექმნის საკითხი. უპირატესობა მიენიჭა დოკუმენტურ-ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას. 1966 წლის მაისში კი საბოლოოდ დადგინდა ჯგუფი, რომელსაც ეს საქმე უნდა შეესრულებინა. სია ასე გამოიყურებოდა: რეჟისორი - გურამ პატარაია, სცენარის ავტორი - ილია რურუა, კინოოპერატორი - გივი მელქაძე. კონსულტანტებად მოიწვიეს ცნობილი ქართველი პოეტი ირაკლი აბაშიძე და გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, აკადემიკოსები: შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი. ჯვრის მონასტრისა და შოთა რუსთაველის ფრესკის ფირზე აღსაბეჭდავად საჭირო იყო ისრაელში გამგზავრება. 1967 წელს, დიდი ხნის მცდელობის შემდეგ მიიღეს ნებართვა და კინოსურათზე მომუშავე ჯგუფი კონსულტანტებთან ერთად ისრაელში გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ მათი იქ ყოფნისას ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ომი დაიწყო, ფილმის გადაღებები არ შეჩერებულა. რაც შეეხება კინოსურათის შინაარსობრივ მხარეს: ის მოგვითხრობს შოთა რუსთაველის შესახებ, განხილულია სხვადასხვა ვერსია მისი ბიოგრაფიის უცნობი დეტალების გარშემო. ფილმში აგრეთვე გადმოცემულია გადამღები ჯგუფის ისრაელში მოგზაურობისა და ჯვრის მონასტერში რუსთაველის ფრესკის ხელახლა აღმოჩენის ამბავი. კინოსურათს რეფრენად გასდევს ირაკლი აბაშიძის ლექსი. კინემატოგრაფისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ გურამ პატარაიას აღნიშნულმა კინოსურათმა, "რუსთაველის ნაკვალევზე", ახალი ფურცელი ჩაწერა ქართული დოკუმენტური კინოს ისტორიაში.

ბოლო მცდელობა

"ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაციის საკითხზე საუბრისას გვსურს გავიხსენოთ ერთი სახალისო ამბავი. რამდენად შეესაბამება ჩვენ მიერ ქვემოთ მოყვანილი ანეკდოტური ისტორია სინამდვილეს, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მიმდინარეობდა თათბირი, სადაც განიხილებოდა სერვანტესის "დონ-კიხოტის" ეკრანიზაციის საკითხი. თათბირს უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ დაინტერესებული იყვნენ "ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაციით და სურდათ, ის ქართულ მხარესთან ერთად გადაეღოთ. მათ იქვე დაასახელეს მსახიობები, რომელნიც, სავარაუდოდ, პერსონაჟთა როლებს შეასრულებდნენ და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელი აღმოჩნდა. ამ დროს დარბაზში მყოფთაგან ერთ-ერთს წამოუძახია, კი მაგრამ ქართველები რომელ პერსონაჟებს განასახიერებენო. თათბირზე მყოფ ნოდარ დუმბაძეს ხუმრობით უთქვამს, დაგავიწყდათ, "ვეფხისტყაოსანში" რამდენი ქაჯია, ქართველები ქაჯების როლებს შეასრულებენო...

"ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაციის საკითხი რამდენიმე წლის წინ კვლავ გახდა აქტუალური. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფილმის ტრეილერიც კი გადაიღეს, თუმცა თავად ფილმი აღარ გადაუღიათ. იდეის ავტორები იყვნენ ლევან დაბრუნდაშვილი და ჯაბა მელქაძე. ისინი განიხილებოდნენ მომავალში გადასაღები ფილმის რეჟისორებად.

შერჩეული იყვნენ მსახიობებიც. მაგალითად, ავთანდილის როლი უნდა შეესრულებინა გიორგი ვარდოსანიძეს, ტარიელის როლი - თორნიკე გოგრიჭიანს, ხოლო ნესტან-დარეჯანს რუსუდან მაყაშვილი განასახიერებდა. იდეის ავტორების თქმით, მათ პოემიდან სცენარი შექმნეს და სხვადასხვა დეტალიც დაამატეს. ეს კარგად ჩანს ტრეილერშიც, რომელიც დაახლოებით ხუთწუთიანია და გმირების მიერ ქაჯეთის ციხის აღების წინარე ამბავს გადმოგვცემს.

მარცხნიდან: გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე და ირაკლი აბაშიძე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, რუსთაველის ფრესკასთან

ტრეილერთან დაკავშირებით ჩნდება კითხვაც, რატომ არიან ქაჯები საშინელი შესახედაობის არსებებად წარმოდგენილი? თავად "ვეფხისტყაოსანში" მათ ამგვარი აღწერა არ მიესადაგებათ. ფატმანი როცა ავთანდილს ქაჯთა შესახებ ესაუბრება, მათ შემდეგი სიტყვებით აღწერს: "ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთგან კრებულნი, / კაცნი გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი"; "...თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ხორციელანი".

ტრეილერი 2012 წელს გამოვიდა. მას შემდეგ 8 წელიწადი გავიდა, თუმცა ფილმი არ გადაუღიათ. როგორც ჩანს, მომუშავე ჯგუფისთვის შემაფერხებელ გარემოებად, ფინანსურ მხარესთან ერთად, ამგვარი ფილმის გადაღების სირთულეც იქცა. გადამღები ჯგუფი იმდენად რთულ საქმეს შეეჭიდა, რომ დანარჩენი როლების შემსრულებლებიც შერჩევა ვერ მოხერხდა...

* * *

საუკუნეზე მეტმა განვლო მას შემდეგ, რაც რუსთაველის პოემის ეკრანიზაციის პირველი იდეა დაიბადა. ქართული კინემატოგრაფია დიდი ხანია გარშემო უვლის ამ თემას, მაგრამ, როგორც იტყვიან, საკითხი ადგილიდან არ იძვრის. ერთ-ერთ მთავარ დამაბრკოლებელ გარემოებად ფინანსური მხარე გვევლინება. პერსპექტიული ჩანს ის გზა, რომელიც ჯერ კიდევ შალვა დადიანმა აირჩია, როდესაც უცხოურ ფირმასთან დაიწყო მოლაპარაკება. სწორედ ქართულ-უცხოური თანამშრომლობა "ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაციის საქმეში, დიდი ალბათობით, მოხსნიდა ბევრ პრობლემას და რეალურს გახდიდა კინოსურათის შექმნის იდეას. მანამდე კი ეს მნიშვნელოვანი საქმე ისევ ელოდება თავის შემოქმედს.

ზაზა ქარჩავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

ჟურნალი "ისტორიანი".#121