"მიშა ციხეში სერიოზული პრობლემაა. რაც დრო გავა, მეტი უხერხულობა გაჩნდება... მერე, ალბათ, გაუშვებენ უკრაინაში"
"რევოლუციაზე თუ ფიქრობს ვინმე, რევოლუციის ეპოქა საქართველოში დასრულდა"
"თავისუფლება მიშას" - ამ მოთხოვნით სააკაშვილის მხარდამჭერები 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. აქციაზე ხალხი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ავტომობილებით ჩამოვიდა. მათ გზად ხვდებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეები ცოცხებითა და ყავარჯნებით და ძველ დანაშაულებს ახსენებდნენ. "ჩვენი ძალა სიმრავლეშია","- მიმართა შეკრებილებს პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ. მისი აზრით, პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელია, თუ მორალურად არ გაიმარჯვებ და ოპოზიცია სწორედ მორალურად არის გამარჯვებული. ნიკა მელიამ მორიგი აქცია არჩევნების შემდეგ დააანონსა...
აქციაზე ნიკა გვარამიამ წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის მიმართვაც. ექსპრეზიდენტი საზოგადოებას შერიგებას სთავაზობს: "ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან, უკანონო პოლიტპატიმარი, მაგრამ გარეთ, პირველ რიგში, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ, გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე საკუთარი ქვეყანა. არასდროს შეუქმნია რაიმე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე".
შერიგებისკენ მხარეებს რამდენიმე სასულიერო პირმაც მოუწოდა, თუმცა ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ ამ ვითარებაში შერიგებაზე ლაპარაკი ნაადრევია.
- "ნაცმოძრაობა" მაქსიმალურად იყო მობილიზებული, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანა. ამასთან, არის ხალხის ნაწილი, რომელსაც გულწრფელად მოჰბეზრდა ეს ხელისუფლება და მესამე: ბევრი შეაწუხა სააკაშვილის შიმშილობამ და ამის გამოც გამოვიდნენ ქუჩაში.
- "ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებდნენ, "ნაცმოძრაობას" მხარდამჭერები არ ჰყავსო... - მხარდამჭერები როგორ არ ჰყავს! ამბობდნენ, მაგრამ თვითონაც არ სჯეროდათ ამ სიტყვების. არჩევნების შედეგებიც აჩვენებს, რომ მათ ჰყავთ მხარდამჭერები. სხვა საქმეა, ამ ხალხის შეკრებას რა შედეგი მოჰყვება. შეიკრიბნენ და დაიშალნენ. მერე რა? თუ ეს მუხტი შენარჩუნდება მეორე ტურზე სრული მობილიზაციისთვის, არის შანსი, რამდენიმე ქალაქი "ნაცმოძრაობამ" მოიგოს, თუმცა თბილისს, ალბათ, ვერ მოიგებენ. რევოლუციაზე თუ ფიქრობს ვინმე, რევოლუციის ეპოქა საქართველოში დასრულდა.
ეს აქცია ერთჯერადი ძლიერი გასროლა იყო, მაგრამ მეორე ტურამდე ორ კვირაზე მეტია დარჩენილი. მიშა ციხეში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად როგორ გაძლებს, არ ვიცით. მას, მინიმუმ, ორი კვირა იქ მოუწევს ყოფნა და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია.
- ამდენი ხალხის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ როგორი იქნება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დამოკიდებულება - ხომ არ მოსთხოვენ ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებას? - ზეწოლა, ალბათ, არა, მაგრამ იქნება მოწოდებები, თუმცა - ინდივიდუალური ხასიათის. შეიძლება გამოჩნდეს რამდენიმე კონგრესმენი, მაგრამ მკაცრ განცხადებებს არ ველოდები, რადგან მათ იციან, რომ განაჩენი უკვე გამოტანილია და რა უნდა გააპროტესტონ?
თუ განაჩენს გააპროტესტებენ, მაშინ უნდა გამოიძიონ, სამართლიანად ჩატარდა თუ არა გამოძიება. ვერ ეტყვი თუნდაც პატარა, მაგრამ სუვერენულ სახელმწიფოს, განაჩენი გააუქმე და პატიმარი გამოუშვიო. მაშინ უნდა გქონდეს არგუმენტი, რომ ყველაფერი არასწორად გაკეთდა. როგორც ვიცი, სააკაშვილმა განაჩენი სტრასბურგში გაასაჩივრა და მათი გადაწყვეტილება რამდენიმე თვე მაინც დაიგვიანებს, ასე რომ, სააკაშვილის გულშემატკივრებს ბევრი ხელმოსაჭიდი არ აქვთ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შეიძლება საფრთხე დაემუქროს მის ჯანმრთელობას.
- 30 ოქტომბრის შემდეგ მისი უკრაინაში ექსტრადიცია ხომ არ არის მოსალოდნელი? - სასამრთლო პროცესები აუცილებლად გაიმართება, რადგან ორ საქმეზე განაჩენი არსებობს. რაღაც დროს ციხეში გაატარებინებენ და მერე, ალბათ, გაუშვებენ უკრაინაში. ყველასთვის ასე აჯობებს, განსაკუთრებით - ამ ხელისუფლებისთვის, რომ ეს ჭირი თავიდან მოიშორონ. მიშა ციხეში სერიოზული პრობლემაა. რაც დრო გავა, მეტი უხერხულობა გაჩნდება.
- ვნახეთ, იმ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ადამიანები ცოცხებითა და ყავარჯნებით ხელში როგორ დახვდნენ აქციაზე მომავალ კოლონებს. სამოქალაქო დაპირისპირების საფრხეს ხომ არ ხედავთ? - სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვხედავ, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე.
დიდი იმედი მაქვს, ხელისუფლება კონტრაქციას არ მოაწყობს, იმიტომ, რომ ასეთ დროს ერთ-ერთმა მხარემ უნდა დათმოს და ეს სწორედ ხელისუფლება უნდა იყოს, რადგან პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ცოცხებით ხალხის ქუჩაში გამოყვანა, რბილად რომ ვთქვათ, ლამაზი არ იყო. ეს ორგანიზებული იყო თუ არა, არ ვიცი, ხელს ვერავის დავადებ, არც ფაქტები მაქვს, მაგრამ არის ლოგიკური ეჭვი, რომ ეს დაგეგმილი იყო.