"დიდი შერიგება" ვერ მოხდება, სანამ "ნაციონალები" ამბობენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობს"
"მურუსიძე სააკაშვილთან იმდენად არის ვალში, შესაძლოა პირიქითაც არის საქმე, იქნებ ჰგონია, რომ სააკაშვილის გუნდი ბრუნდება ხელისუფლებაში და შესაძლოა ისევ მათი მხარე დაიჭიროს"
ქართველი საზოგადოება მეორე ტურის მოლოდინშია, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიები, კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მმართველ გუნდს მოუწოდებს, არ გაბედოს იმის გამეორება, რაც 2 ოქტომბერს გააკეთა. "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და სავარაუდო სცენარებსაც განიხილავს.
- ვერც 2009-2011 წლებში წარმოიდგენდა ვინმე, რომ 2011-2012 წლებში სააკაშვილის წინააღმდეგ ამხელა აქციები გაიმართებოდა და არჩევნებში დამარცხდებოდა. ცხოვრება დინამიკურია და პოლიტიკური თვალსაზრისით, ის, რაც ახლა ხდება, ნორმალურია. თუ რატომ დავდექით ამ რეალობის წინაშე, ძალიან საინტერესოა, მაგრამ მრავალგვარი პასუხი არსებობს - ხალხი დაიღალა. მესამე წრეზე არც ერთი ხელისუფლება არ წასულა.
ამომრჩეველი სულ ერთი და იმავე ძალისა და მათ მიერ შექმნილი პრობლემებით დაიღალა. არა მგონია, ქუჩაში გამოსულთა დიდ უმრავლესობას ადამიანის უფლებების ან მართლმსაჯულების მდგომარეობა აწუხებდეს, მაგრამ სიღარიბე და უმუშევრობა, "კოვიდით" გამოწვეული კრიზისი, რომელიც ძალზე ფართომასშტაბიანია, აწუხებს.
მოსახლეობის უკმაყოფილებას მიზეზი ბევრ სფეროში აქვს. 14 ოქტომბრის აქციაზე მაინცდამაინც დიდ აქცენტს არ გავაკეთებ, რადგან ეს აქცია იყო ბოლო ხანებში ქვეყანაში შეუქცევადად მიმდინარე პროცესების შედეგი. ოდესმე კულმინაციაც დგება.
- ეს აქცია კულმინაცია იყო? - არა, ვინაიდან რაც უნდა ბევრი ხალხი ყოფილიყო იქ, და ნამდვილად იყო, საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს კი არ ემსახურებოდა, ერთი კონკრეტული პარტიის მიერ ერთი მიზეზით - თავისი ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით იყო ორგანიზებული. ასეთი ამბების დიდი გულშემატკივარი არა ვარ, ბელადების პიედესტალზე აყვანას სულ არ ვემხრობი, მაგრამ კულმინაცია იქნება ის, თუ 30 ოქტომბერს ხელისუფლება შედეგებით მანიპულირებას, არჩევნების გაყალბებას ისეთი უხეში ფორმებით შეეცდება, რომ თავის მხარდამჭერებსაც კი უხერხულობის განცდა გაუჩნდებათ, სწორედ ისე, როგორც "ვარდების რევოლუციის" წინ მოხდა. ასეთ შემთხვევაში ქუჩაში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან ლიდერის ამომრჩეველი კი არა, ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი გამოვა, რაც უკვე დიდი ზვავი იქნება.
- ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ? - პოლიტიკური პარტიები შეგნებულად არ ვახსენე, ცალკეულ გაბრაზებულ ადამიანებზე ვსაუბრობ, რომელთაც ყველაფერი ყელში ამოუვიდათ და გამოსავლის ძიებაში არიან...
- თუ მეორე ტურში ოპოზიციისთვის არასასურველი შედეგი დადგა, "ნაციონალურ მოძრაობას" ვითარების დამოუკიდებლად შეცვლის რესურსი აქვს? - სააკაშვილმა საკუთარი პარტიისთვის ძალიან ცუდი როლი ითამაშა. როდესაც მისი ჩამოსვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, პირველ ტურში "ქართული ოცნების" თეორიული მხარდამჭერების მობილიზება მოხდა. წინასწარი კვლევებით, იმ მოქალაქეებმაც კი მისცეს ხმა, ვინც არჩევნებზე მისვლას არც აპირებდა. მათ დაინახეს ის, რისიც ამდენი წლის განმავლობაში ეშინოდათ - შესაძლოა დაბრუნდეს რეჟიმი. ასე რომ, ვფიქრობ, მეორე ტურში "ნაცმოძრაობას" გამარჯვებისთვის საკმარისი ამომრჩეველი არ ეყოლება. გამარჯვებას სჭირდება ამომრჩევლის ხმათა ის რაოდენობა, რაც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს. ამის ალბათობა კი იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არის, ძალიან ცოტაა.
დარწმუნებული ვარ, გახარიას ამომრჩეველი არ მისცემს ხმას "ნაცმოძრაობას". ასევე წარმოუდგენელია, სხვა პარტიის მხარდამჭერები, ვინც "ოცნებით" იმედგაცრუებულია, "ნაციონალებისკენ" გადაიხარონ. მათ კი, ვინც "ნაციონალებისთვის" აპირებდა ხმის მიცემას, პირველ ტურში უკვე მისცეს და შესაბამისად, მეორე ტურში ახალ სურათს არ ველოდები.
თუმცა საქართველო იმდენად უცნაური ქვეყანაა, ყოველდღე შეიძლება რაღაც უჩვეულო მოხდეს. ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ 30 ოქტომბრამდე "ქართულმა ოცნებამ" ისეთი რამ ჩაიდინოს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე მეც კი გამიყვანოს ქუჩაში, რაც ახლა სრულიად ფანტასტიკად მიმაჩნია. თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა დაგვანახა, რომ მათ სიბეცეს, სიბრიყვესა და უტიფრობას საზღვარი არა აქვს.
- რამდენიმე წელია მესამე ძალის გამოჩენაზე უშედეგოდ ვსაუბრობთ. რატომ ვერ მოხერხდა ორპოლუსიანი სისტემის გარღვევა? - ჯერ კიდევ ძალიან ადრეა მესამე ძალის რესურსზე საუბარი. გიორგი გახარიას "ბრენდი" მოქმედებს და მისი რესურსიც აქედან იკრებს ძალას. ის, რომ "ოცნების" ამომრჩევლის ნაწილი მას გაჰყვა, ჩვეულებრივი ამბავია, თუნდაც იმიტომ, რომ თავის დროზე, როდესაც "ევროპული საქართველო" "ნაცმოძრაობას" გამოეყო, ადგილობრივ არჩევნებში 10% აიღო... ასე რომ, არც გახარიასა და "ოცნების" ყოფილი ამომრჩევლის არჩევნის მიკვირს. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მეორე ტურში, ასევე საკრებულოში მუშაობის დროს, რა შედეგს აჩვენებენ მისი პარტიის წევრები. უამრავი პრინციპული საკითხია: საკრებულოს თავმჯდომარეები ასარჩევი არიან, თუ სადმე ოპოზიციონერმა მერმა მოიგო, ადგილობრივი მთავრობებია ჩამოსაყალიბებელი კოალიციური უმრავლესობით, ვინაიდან იქ უკვე "ოცნება" ვეღარ აკომპლექტებს... ასე რომ, არაერთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ და შესაბამისად, გამოჩნდება, რისთვის არიან მზად.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ გავარღვიეთ ორპოლუსიანი სისტემა, იმიტომ, რომ ამომრჩეველი ოცდაათი წელია პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ ორ ფერში ხედავს. ეს მეტყველებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ უმწიფრობაზე. პარტიები არაფერ შუაში არ არიან, ეს ამომრჩევლის პრობლემაა, რომელიც მუდმივად მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის აკეთებს არჩევანს. ყველაზე არ ვსაუბრობ, მცირედი გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ ისინი საერთო მოცემულობას ვერ ცვლიან. სანამ ამას თვალს არ გავუსწორებთ, მუდამ იმ გმირის ძიებაში ვიქნებით, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებული მოვა და გაგვათავისუფლებს.
- საზოგადოების ნაწილში აქტიურად განიხილება "ნაცმოძრაობის" რეაბილიტაციისა და რევოლუციის სცენარი. თქვენ რას ფიქრობთ? - დღევანდელ "ნაცმოძრაობაში" სააკაშვილის გარდა, არავინ არის დარჩენილი, ვისაც რეაბილიტაცია სჭირდება. ყველა, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილი დანაშაულების ორგანიზებაში ან იდეოლოგიურ მხარდაჭერაში იყვნენ ეჭვმიტანილი, დღეს სხვა პარტიაში არიან, ზოგი ქვეყნიდან არის წასული, სასჯელს იხდის ან უკვე მოიხადა, ანუ "ნაცმოძრაობაში" მაშინდელი ლიდერებიდან და გადაწყვეტილების მიმღები პირებიდან, ორი-სამი კაცის გარდა, არავინაა. უგულავა დაბრუნდა, თორემ ისიც წასული იყო პარტიიდან. ასე რომ, მელიასთვის მისი მთავარი პრობლემა და გამოწვევა სააკაშვილია. თორემ პარტია, როგორც ასეთი, რეაბილიტირებულია. შესაძლოა ადამიანს არ ენდობოდე და ასეთი ადამიანები გუნდში თითქმის აღარ დარჩნენ. მე, მაგალითად, გახარიას სრულიად არ ვენდობი, მერე რა, რომ "ნაციონალებთან" არ ყოფილა, არც ხელისუფლებაში გატარებული წლების ან 20 ივნისის გამო, კიდევ უფრო ადრინდელი მიზეზები მაქვს, რის გამოც არ ვენდობი, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს საჭიროდ არ ვთვლი. ასე რომ, ახლა "ნაციონალებს" ასეთი კადრი, სააკაშვილის გარდა, არა ჰყავთ, არავის სჯერა, რომ ის შეიცვლება... რაც მთავარია, მისი გუნდის წევრები არც იმას ამბობენ, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
- გია ბარამიძე ამბობს, რომ მას არც ერთ საქმეში არ მიუძღვის ბრალი. - დიახ, იკადრა და გირგვლიანის საქმეც კი უარყო, გასაგებია რატომაც - ის თავადაც არის ამ საქმეებზე პასუხისმგებელი, მაგრამ ამ ჯგუფის ეს ყველაზე ექსტრემისტული ნაწილიც რომ გადავდოთ, საინტერესოა, სხვების, თუნდაც ხატია დეკანოიძისა და ნიკა მელიას პოზიცია - სამართლიანი სასამართლო არ არსებობსო. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება რომ გვქონდეს, კი ბატონო, წარდგეს მიხეილ სააკაშვილი მის წინაშე და ყველა მივიღებთ იმ განაჩენს, რაც დადგებაო. უკაცრავად, მაგრამ რატომ არ არსებობს?..
- ამაზე ასეთი პასუხი ექნებათ - მურუსიძის გამოო... - დიახ და მაშინ მოგვიყვნენ, რა პრობლემა აქვს მურუსიძეს, როგორ გაჩნდა ეს კლანი, როგორ ფორმირდებოდა და რანაირად ჩაბეტონდა სასამართლო სისტემაში.
მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ზურა ადეიშვილი არიან ის პირები, ვის თვალწინაც იქმნებოდა ეს კლანი. ისაუბრონ ამაზე და უფრო დამაჯერებლებიც იქნებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სასაცილოა უსამართლო სასამართლოსკენ თითის გაშვერა, სადაც წლებია არაფერი შეცვლილა, მხოლოდ პატრონი გამოიცვალა. ის კი არა, მურუსიძე სააკაშვილთან იმდენად არის ვალში, შესაძლოა პირიქითაც არის საქმე, იქნებ ჰგონია, რომ სააკაშვილის გუნდი ბრუნდება ხელისუფლებაში და შესაძლოა ისევ მათი მხარე დაიჭიროს.
- "სააკაშვილი პუტინის პატიმარია", "დიდი შერიგება" უნდა შედგეს - რამდენიმე დღეა გვესმის "ნაციონალური მოძრაობისგან". - სააკაშვილი ნამდვილად არის პუტინისა და ივანიშვილის პატიმარი, მაგრამ "დიდი შერიგება" ვერ მოხდება, სანამ ამბობენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობს. მათი დანაშაულებრივი საქმიანობა მხოლოდ გირგვლიანის ტრაგედიით არ შემოიფარგლება, მაგრამ კარგი მაგალითია იმისთვის, თუ რატომ არის შეუძლებელი მათთან დიდი შერიგება.
- როგორ შეიძლება პოლიტიკური პროცესები განვითარდეს? - სააკაშვილი ნამდვილად არ ეკუთვნის იმ კატეგორიას, რომელიც "ბოლი გამოვუშვით და ახლა დავმშვიდდეთ" პოზაში ჩადგება. მუდმივად იქნება ხელისუფლების პროვოცირების მცდელობა და არ გამოვრიცხავ, რომ წამოეგება და მორიგ სისულელეს ჩაიდენს. რაც მეტ სისულელეს ჩაიდენს, უფრო გამძაფრდება საერთაშორისო ზეწოლა.
სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებიდან არც ერთი სააკაშვილის მხარდამჭერი არ ყოფილა. მათ კარგად იციან, რომ სააკაშვილი უდანაშაულო არ არის, მაგრამ აკრიტიკებენ ქართულ მართლმსაჯულებას, ხელისუფლების წევრთა უგუნურ განცხადებებს.
"ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს სისულელეების კეთების რესურსი, რის შედეგადაც მორიგი საერთაშორისო ავანტიურის წინაშე დაგვაყენებს, მაგრამ თუ მოახერხა და კანონის ფარგლებში განაგრძო მოქმედება, რაიმე განსხვავებულს არ უნდა ველოდოთ. ვგულისხმობ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლას. უფრო შიდა წნეხს ველოდები, "ნაციონალები" მუდმივად შეეცდებიან ვითარების დესტაბილიზაციას. გეგმავენ მცირე, მაგრამ პერმანენტულ შეკრებებს, მასშტაბურ აქციას კი მეორე ტურის არჩევნების ღამეს გეგმავენ.