ნაპოლეონის ბედისწერა
"სიკვდილი არაფერია, მაგრამ ცხოვრობდე დამარცხებული, ყოველდღე სიკვდილს ნიშნავს". - ნაპოლეონი
წმინდა ელენეს პირქუში და ცივი კუნძული, რომელიც ატლანტის ოკეანის სამხრეთით მდებარეობს, გადასახლებული ნაპოლეონისთვის საბოლოო ნავსაყუდელი აღმოჩნდა. სწორედ აქ გარდაიცვალა 51 წლის ნაპოლეონი 1821 წლის მაისში. ცნობაში მითითებულია, რომ იმპერატორი კუჭის სიმსივნით გარდაიცვალა, მაგრამ მას ამ დაავადების არც ერთი კლასიკური სიმპტომი არ გამომჟღავნებია. თანამედროვე მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნაპოლეონი მოწამლეს. თუ ასეა, ვინ იყო მკვლელი, რა გამოიყენა საწამლავად და როგორ?
ნაპოლეონი 1815 წლის ივნისში, ვატერლოოს ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე. ყოფილ იმპერატორს კაეშანმა დარია ხელი და მხოლოდ ცხენით ჯირითი თუ შველოდა. ნაპოლეონს ახლა საკუთარი თავის გარდა არაფერი აინტერესებდა. ინგლისელთა ფრეგატზე ყოფნისას თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა. მას ყველგან თან დაჰყვებოდა ინგლისელი ჯარისკაცების ფხიზელი თვალი, რაც უფრო მძაფრად აგრძნობინებდა თავისი მდგომარეობის სიმძიმეს. თუმცა ზედამხედველები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო. ლონგვუდ-ჰაუსიდან, სადაც ნაპოლეონი დააბინავეს, ზღვისა და მთების მშვენიერი ხედი იშლებოდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა სააბაზანო, წიგნებითა და რუკებით სავსე ოთახი და დიდი საძინებელი. ნაპოლეონს ნება მისცეს, ჰყოლოდა ოცი მსახური. კარგადაც კვებავდნენ, მზარეული საუცხოო ნუგბარს - შაქრის ტრიუმფალურ თაღებსა და ქარვისფერ სასახლეებს უმზადებდა. საჭმელს ფაიფურისა და ვერცხლის თეფშებიდან შეექცეოდა. ასე რომ, უკანასკნელ დღემდე არაფერი აკლდა. ნაპოლეონ ბონაპარტი 1821 წლის 5 მაისს, 51 წლისა გარდაიცვალა.
ნაპოლეონი მაშინ საკმაოდ მსუქანი იყო და ეს არავის უკვირდა. დასკვნაში სიკვდილის მიზეზად მითითებული იყო კუჭის სიმსივნე. სიმსივნე ავადმყოფის კახექსიას, დაუძლურებას იწვევს. იმპერატორი კი, პირიქით, სუქდებოდა. მას შემდეგ ისტორიკოსები და მეცნიერები ცდილობდნენ იმპერატორის გარდაცვალებისთვის ახსნა მოეძებნათ და ნამდვილი მიზეზი ახლახან გახდა ცნობილი, როცა ნაპოლეონის ცხოვრების მკვლევარმა კანადელმა ბენ უაიდერმა და შვედმა ტოქსიკოლოგმა სტენ ფორშუფვუდმა ნაპოლეონის თმის კულულის ტესტირება ჩაატარეს.
თმა ნაპოლეონს გარდაცვალების მეორე დღეს შეჭრეს და საგანგებოდ შეინახეს. უკანასკნელ პერიოდის დნმ-ის ანალიზმა ცხადყო, რომ თმა ნამდვილად მას ეკუთვნოდა. დეტალური შესწავლის შემდეგ ბენ უაიდერმა და სტენ ფორშუფვუდმა დაადგინეს იმპერატორის გარდაცვალების მიზეზი: თმაში აღმოჩნდა დარიშხანის მაღალი კონცენტრაცია - ნორმაზე 38-ჯერ მეტი, თანაც თმის სხვადასხვა ნაწილზე სხვადასხვა კონცენტრაციის, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპერატორს სიკვდილამდე ყოველდღე დარიშხანის სხვადასხვა დოზას აძლევდნენ.
ანალიზის სიზუსტე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს საწამლავების დეპარტამენტმა დაადასტურა და ვერც ერთმა ექსპერტმა ვერ შეძლო მისი გაბათილება.
ნაპოლეონი შეიძლებოდა მოწამლულიყო სასმელი წყლით, თმის კრემით, შპალერის სუნის შესუნთქვით. მოწამვლა შეიძლება წინასწარაც იყო დაგეგმილი. ამის დამადასტურებელი სამხილები ჰქონდათ იმ პირებს, ვინც წმინდა ელენეს კუნძულზე ნაპოლეონს თან ახლდნენ. განსაკუთრებით ლუი მარშანს - ნაპოლეონის ერთგულ მსახურს, ჭკვიანსა და დაკვირვებულ კაცს. მარშანის ჩანაწერებისთვის, რომელშიც დარიშხანით ნაპოლეონის მოწამვლის დამახასიათებელი სიმპტომებია აღწერილი, დიდხანს ყურადღება არავის მიუქცევია, სანამ თმის ანალიზი არ ჩაატარეს. ანალიზისა და მარშანის ჩანაწერების შედარებამ ცხადყო, რომ ის დღეები, როცა ნაპოლეონი იმ სიმპტომებით იტანჯებოდა, რაც დარიშხანით მოწამვლაზე მიუთითებს, ზუსტად ემთხვეოდა დარიშხანის მიღების დღეებს. შეჯერებულმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ ნაპოლეონი მოკლეს.
ყოფილი იმპერატორი მხოლოდ დარიშხანს არ მოუკლავს. მას ორ ეტაპად უღებდნენ ბოლოს: პირველად დარიშხანი არა უგვიანეს 1816 წლის ივნისში მისცეს (ვატერლოოს ბრძოლიდან ერთი წლის შემდეგ), ხოლო სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში დოზას თანდათან უმცირებდნენ, რათა შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს ნაპოლეონი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ბოლო ეტაპი 1821 წლის მარტის ბოლოს დაიწყო, როცა ფრანჩესკო ანტომარკიმ, ყოფილი იმპერატორის პირადმა ექიმმა, სიკვდილის პირას მყოფ ნაპოლეონს სასაქმებელი დაალევინა. სასაქმებელს ნაპოლეონს დროდადრო ასმევდნენ, რამაც პირღებინების რეფლექსი დაუქვეითა. ასეთ დროს გაწმენდილი კუჭი საწამლავს უფრო იოლად შეიწოვს და აღარ ძალუძს მისი გამოდევნა. ნაპოლეონი მართალი იყო, როცა თავს არიდებდა მის მიღებას. ბოლოს, 1821 წლის 21 მარტს, ნაპოლეონი დათანხმდა სასაქმებლის მიღებას მას შემდეგ, რაც ანტომარკიმ დაჟინებით მოსთხოვა. ექიმს მხარი აუბა ნაპოლეონის კამერგერმა გრაფმა შარლ დე მონტოლონმა. იმპერატორს ორი დოზა მისცეს და ლუი მარშანმა დღიურში ჩაწერა: "ძალად გამოწვეული ღებინების დროს მხოლოდ მცირე ნერწყვი ამოანთხია!"
ერთი თვის შემდეგ ნაპოლეონს ორშადი - ფორთოხლის ყვავილისა და მწარე ნუშის გამაგრილებელი სასმელი დაალევინეს და დაარწმუნეს, წყურვილს მოგიკლავთო. გაძლიერებული წყურვილი დარიშხანით მოწამვლის კიდევ ერთი სიმპტომი იყო. ნაპოლეონს სულ უფრო უძლიერდებოდა წყურვილი და სულ უფრო მეტ ორშადს სვამდა. ექიმმა ანტომარკიმ უთხრა, ეს ლიმონათიაო. "ლიმონათი! - თქვა ნაპოლეონმა, - რა საშინელი დასალევია".
მარტო ორშადი არ ყოფილა ნაპოლეონის სიკვდილის მიზეზი. ლუი მარშანმა დამტკბარ წყალში გახსნილი კალომელი (ვერცხლისწყლის ქლორიდი) დაალევინა, რითაც სურდა ნაპოლეონისთვის ყაბზობა შეემსუბუქებინა. ყაბზობაც ერთ-ერთი სიმპტომია დარიშხანით მოწამვლისა. კალომელის სამკურნალო დოზა მარცვლის 1/4-ს შეადგენდა, ნაპოლეონს კი 10 მარცვალი გაუხსნეს დამტკბარ წყალში. რით შეიძლება აიხსნას ასეთი მაღალი დოზის მიღება?
იმ დღეს დე მონტოლონმა ექიმ ანტომარკის ნაპოლეონის ავადმყოფობის სიმპტომების ჩამონათვალი მოსთხოვა.
ამ დროს მასთან ერთად იყვნენ კუნძულის გუბერნატორი სერ ჰადსონ ლოუ და ორი ინგლისელი ექიმი - შორტი და მიჩელი. ავადმყოფს ინგლისელმა ექიმებმა გამოუწერეს 10 მარცვალი კალომელი, რაც ანტომარკიმ გააპროტესტა - იმპერატორი ძალზე დასუსტებულია და ასეთ დიდ დოზას ვერ გაუძლებსო. დე მონტოლონი, ამ "კონსილიუმის" მოთავე, ინგლისელებს დაეთანხმა. ლუი მარშანმა იმ დღეს დღიურში ჩაწერა: "ბოლოს დავთანხმდი, კალომელი ცოტაოდენ შაქრიან წყალში გამერია... როცა იმპერატორმა მთხოვა, რამე დამალევინეო, ის დამტკბარი წყალი მივუტანე. მან გაჭირვებით კი გადაყლაპა, მაგრამ სცადა, უკან გადმოენთხია".
ორგზის მიცემული კალომელი და ორშადი ავადმყოფის კუჭში მომაკვდინებელ საწამლავად - ვერცხლის ციანიდად იქცა. იმ საღამოსვე კრიზისი დაიწყო. უკანასკნელ საათებში ნაპოლეონს აუტანელი ტკივილი ტანჯავდა, სიკვდილამდე სამი კვირით ადრე კი ჯერ კიდევ ხუმრობდა და იტალიურ სიმღერებს მღეროდა. ნაპოლეონს ოფლიანობა დაეწყო და მალე გონიც დაკარგა.
იგი 1821 წლის 5 მაისს გარდაიცვალა. ექიმმა ანტომარკიმ აუტოფსია ჩაატარა. იმპერატორს კუჭის გარსი საშინლად დაზიანებული ჰქონდა - ექიმის დასკვნით, ნაპოლეონი კუჭის სიმსივნით გარდაიცვალა. ექიმმა ერთი უცნაურობაც შენიშნა - მას სხეულზე თითქმის აღარ ჰქონდა თმა. ეტყობა, ანტომარკიმ არ იცოდა, რომ ესეც დარიშხანით მოწამვლის ნიშანი იყო.
სავსებით ცხადია, ნაპოლეონი მოკლეს, მაგრამ ვინ მოკლა? ბუნებრივია, დაახლოებულმა პირმა, ვინც მასთან ერთად წმინდა ელენეს კუნძულზე იყო. ალბათ, ისიც ლონგვუდ-ჰაუსში ცხოვრობდა და არა მარტო იმპერატორის უკანასკნელ დღეებს შეესწრო, არამედ თვეებისა და წლების განმავლობაში მის გვერდით ტრიალებდა. ამგვარად, ეჭვმიტანილთა სია სულ უფრო ვიწროვდება და მხოლოდ ორი ადამიანი შეიძლება დასახელდეს: ლუი მარშანი და დე მონტოლონი. ისეთ თავდადებულსა და ერთგულ მეგობარს, როგორიც ლუი მარშანი იყო, საეჭვოა, ნაპოლეონისთვის ეღალატა. აი, მონტოლონი კი შეიძლება რაღაცით უკმაყოფილო ყოფილიყო და ჯავრი ეყარა. მის წინააღმდეგ ხუთი სამხილი მეტყველებს:
- ნაპოლეონი იმავე კერძებს შეექცეოდა, რომელთაც მასთან ერთად სუფრასთან მსხდომნი, მაგრამ მხოლოდ ის სვამდა ღვინო "კონსტანციას", რომელიც საგანგებოდ მისთვის ჩამოიტანეს სამხრეთ აფრიკიდან. 1818 წლის თებერვლიდან იმპერატორს დე მონტოლონი ამარაგებდა ამ ღვინით.
- როგორც სერ ჰადსონ ლოუს დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, სწორედ დე მონტოლონმა ჩაამატებინა ორშადში მწარე ნუში, რომელიც საწამლავთან რეაქციაში შედის.
- ნაპოლეონის სიკვდილამდე ორი დღით ადრე ანტომარკისა და ინლისელი ექიმების კამათში დე მონტოლონმა ამ უკანასკნელთ დაუჭირა მხარი, როცა დაიჟინეს ავადმყოფისათვის ათი მარცვალი კალომელის (ვერცხლისწყლის ქლორიდი) მიცემა.
- ერთადერთი საბუთი, რომელშიც ნათქვამია, რომ იმპერატორი დაუძლურებით გარდაიცვალა, დე მონტოლონის მემუარებია, რომელიც 1848 წლით თარიღდება. ყველა სხვა ჟურნალსა და ჩანაწერში მითითებულია, რომ იმპერატორი სიკვდილის წინ ძალზე გასუქებული იყო. ნუთუ დე მონტოლონმა ყალბი ჩანაწერი გააკეთა, რათა გაემყარებინა აზრი ნაპოლეონის სიმსივნით სიკვდილზე?
- დასასრულ, ნაპოლეონის ანდერძის მიხედვით, სწორედ დე მონტოლონს ერგო მისი ქონების დიდი ნაწილი - იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა - 2,2 მლნ ფრანკი.
ყველა ეს სამხილი მეტ-ნაკლებად სარწმუნოა. არ არსებობს სხვა რაიმე ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნაპოლეონის ღვინო მოწამლული იყო. სამართლებრივი თვალსაზრისით შეიძლებოდა დე მონტოლონზე ეჭვი გასჩენოდათ, მაგრამ ისტორიკოსებს არსებული სამხილები არ აკმაყოფილებდათ. ვიღაცამ მართლაც მოკლა ნაპოლეონი და შესაძლებელია, ეს სწორედ დე მონტოლონი იყო.
თუ გრაფი მართლაც მკვლელი იყო, ხომ არ ასრულებდა ის ხელისუფლების დავალებას? ხომ არ იყო ინგლისის მთავრობისა და საფრანგეთის მეფე ლუი XVIII-ის აგენტი? ერთხელ ნაპოლეონმა თურმე თვალებში გამომცდელად ჩახედა სერ ჰადსონ ლოუს და უთხრა: "სიმართლე გითხრათ, სერ? დიახ, გითხრათ სიმართლე? ვიცი, რომ ჩემი მოკვლა დაგავალეს. დიახ, ჩემი მოკვლა".
სწორედ ლოუ იყო, დე მონტოლონს მწარე ნუში რომ მისცა. ნაპოლეონის ადიუტანტის, გენერალ გასპარ გურგოს დღიურის მიხედვით, ლოუმ აიძულა ექიმები, "შეეცვალათ აუტოფსიის დასკვნა და არ ჩაეწერათ ღვიძლში აღმოჩენილი ცვლილებები". ლოუ ის კაცი არ იყო, დამოუკიდებლად გაეცა ეს განკარგულება. ალბათ, ის მითითებებს ინგლისის მთავრობისგან იღებდა, რასაც საფრანგეთის მეფეც ეთანხმებოდა. ბურბონებსა და ინგლისელებს საკმაო მიზეზი ჰქონდათ ნაპოლეონის პოლიტიკური ავანსცენიდან გასაქრობად. ერთი რამ ცხადია: ამ საიდუმლოს ფარდა არასოდეს აეხდება.
მომზადებულია National Geographic-ის გამოცემა "ისტორიის საიდუმლოებანის" მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი".#105