"ის მოსწავლე ახლაც თვალწინ მიდგას. ლოყა გაუწითლდა და თვალები ცრემლით აევსო... ახალგაზრდა დაიღუპა. ძალიან ვინანე" - კვირის პალიტრა

"ის მოსწავლე ახლაც თვალწინ მიდგას. ლოყა გაუწითლდა და თვალები ცრემლით აევსო... ახალგაზრდა დაიღუპა. ძალიან ვინანე"

სულ თითზე ჩამოსათვლელი მასწავლებლები მახსოვს, ვინც მოწოდებით იყო პედაგოგი. უმეტესობა, ადრეც და ახლაც, ბავშვებს ვერ უგებს. სხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მერე უცებ მოიფიქრებენ, მასწავლებელი ხომ არ გავხდეო, გაივლიან რამდენიმეთვიან ტრენინგებს და პედაგოგები არიან...

თინათინ არაბული 54 წელი გერმანულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, აქედან 23 წელი - შატილის სკოლაში. ხევსურეთში დაბრუნება მეუღლის, მიხა ჭინჭარაულის სურვილით გადაწყვიტა. მიხა ჭინჭარაული, ავტორი წიგნისა "შატილი და შატილივნები", თავის ქვეყანასა და კუთხეზე უზომოდ შეყვარებული კაცი გახლდათ. ხევსურეთში დაბრუნებული ცოლ-ქმარი ოცნებობდა, არ დაცლილიყო იქაურობა. ჩემი რესპონდენტი უკვე 82 წლისაა, არაჩვეულებრივი მოსაუბრე გახლავთ და ვფიქრობ, თავისი დროის საუკეთესო მასწავლებელიც.

- თელავის რაიონში დავიბადე. დედ-მამა ხევსურეთიდან გადმოასახლეს 1934-1935 წლებში. 4 წლისას მამა ტრაგიკულად დამეღუპა. დოღში ნამყოფს ცხენი განზე გაუხტა და ფეხი დაუზიანდა, შემდეგ გაუმიზეზდა და აღარაფერმა უშველა. დავრჩით და-ძმა და დედა. ჩემმა ძმამ რაღაც გადაყლაპა და ფილტვებში გადაუვიდა. ექიმებმა ვერ გაბედეს ოპერაციის გაკეთება, 15 წლის რომ გახდება, მერე მოიყვანეთო, მაგრამ 13 წლის გარდაიცვალა...

რამდენ ადგილას ვიცხოვრე - სოფელ გამარჯვებაშიც, თბილისშიც, შატილშიც, მაგრამ სიზმარში მარტო ჩემს სოფელს ვხედავ, სადაც დავიბადე, ბავშვობა გავატარე.

- გამიგია, რომ ხევსურეთში ადრე სირცხვილად ითვლებოდა გრძნობების გამომჟღავნება.

- ასე იყო, შვილის ტირილის უფლებაც არ ჰქონდა დედას. ბევრი ტირილით დაუძლურდებოდა, ის კი ოჯახს, სხვა შვილებს ძლიერი სჭირდებოდათ. 9 წლის ვიყავი, ჩემი ძმა რომ დაიღუპა და მახსოვს, დედაჩემი ხალხში ტრიალებდა ჩვეულებრივად, მოსულს ემსახურებოდა, პატივს სცემდა და როდესაც წავიდოდნენ, მერე დაჯდებოდა და ტიროდა...

ღირსებად ითვლებოდა ქალისადმი დიდი მორიდება. ხევსურ კაცს, სადაც გინდა, იქ გაჰყვებოდი უშიშრად. გამორიცხული იყო, ცუდად მოქცეულიყო. აფასებდნენ ქალის ერთგულებასა და მორიდებას. ზედმეტი ლაპარაკი არ შვენოდა არც ქალს და არც კაცს. დედამთილსა და მამამთილს, ასევე, ქმარს, მაზლს სახელით არ მიმართავდნენ... პარალელს რომ ვავლებ თანამედროვეობასთან, დიდ განსხვავებას ვხედავ. რატომ დავკარგეთ, ქართველებს რაც კარგი გვქონდა?

- მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ?

- თავიდან იურიდიულზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ გადავიფიქრე, ისევე, როგორც მფრინავობა. თბილისში იყო საფრენოსნო სკოლა, მაგრამ ხრუშჩოვმა გააუქმა და ოცნება ვეღარ ავისრულე. მახსოვს, გერმანულის მასწავლებელს დედაჩემმა ერთი მანქანა შეშა ჩაუტანა და მომზადება ისე დავიწყე. აღმოჩნდა, რომ ენების ათვისების კარგი უნარი მქონდა, ამიტომაც უნივერსიტეტში დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები. უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, თბილისი ერთხელაც კი არ მქონდა ნანახი... სიაში პირველი ჩემი გვარი რომ ეწერა, ყველაზე ბედნიერი ვიყავი. 1962 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და იმავე წელს დავიწყე მუშაობა. 23 წლის ვიყავი მაშინ. 77 წლამდე ვასწავლიდი. სულ 54 წელი ვიმუშავე სკოლაში. დილით ცუდად რომ ვიყავი, სკოლის ეზოში შევიდოდი თუ არა, წნევაც მავიწყდებოდა და ყველა სხვა ტკივილიც. ხუთ-ექვს სკოლაში მიმუშავია დირექტორადაც, სასწავლო ნაწილის გამგედაც და სულ თითზე ჩამოსათვლელი მასწავლებლები მახსოვს, ვინც მოწოდებით იყო პედაგოგი. უმეტესობა, ადრეც და ახლაც, ბავშვებს ვერ უგებს. საერთოდ სხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მერე უცებ მოიფიქრებენ, მასწავლებელი ხომ არ გავხდეო, გაივლიან რამდენიმეთვიან ტრენინგებს და პედაგოგები არიან...

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?

- პირველ რიგში, საგანი უნდა იცოდეს კარგად. ხმას არ უნდა აუწიოს მოსწავლეებთან, თორემ ვერაფრით შეძლებს მათ "ხელში აყვანას". თავდაპირველად გომბორის საშუალო სკოლაში გამანაწილეს და დღემდე მწარედ მახსოვს იქ მომხდარი ერთი შემთხვევა.

ერთ მოსწავლეს რამდენჯერმე ვუთხარი, ჟურნალი, რომელიც სახლიდან ჰქონდა მოტანილი, დაეხურა და ჩემთვის მოესმინა. მაინც ჯიუტად აგრძელებდა იმავეს. გავბრაზდი და მთელი ძალით გავარტყი ხელი. სასწავლო ნაწილმა დამიბარა, თუ პედაგოგობა გინდა, მონახე შენს თავში ძალა და არასოდეს ხმა არ აიმაღლო, იცოდე, ბავშვები არ დაგემორჩილებიანო. ის ბავშვი ახლაც თვალწინ მიდგას. ლოყა გაუწითლდა და თვალები ცრემლით აევსო. დიდი, უშველებელი თვალები ჰქონდა... სოფელ ვერონიდან იყო. ახალგაზრდა დაიღუპა. ძალიან ვინანე, არასდროს დამვიწყებია მომხდარი - ალბათ, ამის გამო იყო, რომ ჩემს შვილებს სულ ვეუბნებოდი, არავითარ შემთხვევაში ბავშვს არც სახეში გაარტყათ და არც თავში წამოარტყათ-მეთქი. ზრდასრულ ადამიანზე გაცილებით დიდი თავმოყვარეობა აქვთ პატარებს.

მკაცრი არა, მაგრამ სამართლიანი ვიყავი და ალბათ, ამის გამო ჩემი რიდი ჰქონდათ. გომბორიდან რომ წამოვედი, იმ ბავშვების წერილები კარგა ხანს მქონდა შენახული..

- ოჯახზეც უნდა გკითხოთ... თქვენ თბილისიდან გადახვედით ხევსურეთში, რათა მეუღლის გვერდით ყოფილიყავით. - მიხეილი ოთხი წლით უფროსი იყო ჩემზე. ექვსი კლასი დაამთავრა ბარისახოს სკოლა-ინტერნატში, მერე მათი ოჯახი თეთრწყლებში გადმოსახლდა და ჩემს კლასში მოხვდა. იქიდან დაიწყო ჩვენი ამბავი. მაშინ მე რა მესმოდა სიყვარულის, პატარა ვიყავი, ის კი ხან რას მიწერდა ფურცლებზე, ხან - რას. რვა კლასის დამთავრების შემდეგ მიხეილმა თავის დასთან, გამარჯვების სკოლაში გააგრძელა სწავლა, მე - თელავში. სტუდენტები რომ გავხდით, ორივე სტუდქალაქში ვცხოვრობდით და კვლავ შევხვდით ერთმანეთს. მე-4 კურსზე რომ გადავედით, მკითხა, რატომ არ მოგწონვარ, რით ვერ მიიღე გადაწყვეტილებაო და თანხმობა ვუთხარი. რაც შეეხება ხევსურეთში საცხოვრებლად გადასვლას - ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა ასე. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი იყო, დისერტაცია დაიცვა, გლდანში ბინა მივიღეთ, მოვეწყვეთ და ამ დროს გადაწყვიტა, წასულიყო მთაში. 1982 წელი იყო. შევარდნაძემ, შატილი უნდა აღდგეს და მთას მთიელი უნდა დაუბრუნდესო. მიხეილს ისე სტკიოდა იქაურობა, რომ მაშინვე თანხმობა თქვა. როგორც მისი მამა-ბიძა ცხოვრობდა, ისე ცხოვრობდა თვითონაც, რთულ და გაუსაძლის პირობებში. მეურნეობის დირექტორი იყო და რაღაცას რომ იყიდდა, მწყემსი დირექტორიო - ასე აწერდა ხელს ხუმრობით.

ჩემი ბიჭი მაშინ მერვე კლასში იყო. უმამობა დაეტყო, აღარ სწავლობდა. ავდექი და ბარისახოში გადავიყვანე. მერე, როდესაც ბარისახოს სკოლა-ინტერნატში დირექტორად დამნიშნეს, ყველაფერი გავაკეთე, ცენტრალური გათბობაც კი. მერე შატილშიც გაიხსნა სკოლა. იმ პერიოდში შატილში სკოლის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მიღმახევიდან ბარისახოს სკოლა-ინტერნატში მოჰყავდათ ბავშვები. 1991 წელს 40 ბავშვი გვყავდა, ახლა თითზე ჩამოსათვლელნი არიან მოსწავლეები.

მე და მიხეილმა საქონელი გავამრავლეთ, ვთიბავდი კიდეც, ზამთარში აცეხიდან, სადაც საქონელი გვყავდა და სადამდეც 5 კილომეტრია, ჩამოვდიოდი შატილში, გაკვეთილებს ვატარებდი და ისევ უკან მივდიოდი ყოველდღე...

- უკვე 82 წლის ბრძანდებით, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება დაგიგროვდათ. რას გვეტყვით, რა არის მთავარი? - მართალი და პატიოსანი ადამიანი უნდა იყო, არ უნდა გრცხვენოდეს შენი გაკეთებული საქმის - ეს არის მთავარი.…

ნინო ჯავახიშვილი