"წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტია" - რას აცხადებს სააკაშვილის პირადი ექიმი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტია" - რას აცხადებს სააკაშვილის პირადი ექიმი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის მოწვევა შესაძლოა, სამშაბათზე ადრე გახდეს საჭირო.

როგორც ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა.

მისივე განცხადებით, კონსილიუმის წევრმა ექიმებმა უნდა დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება საჭიროა თუ არა სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანა და როგორ შეიძლება გაგრძელდეს მისი მკურნალობა.

"ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ ეს კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს, ექიმებმა უნდა თქვან რა გავაკეთოთ შემდეგ. საჭიროა თუ არა მისი ჰოსპიტალში გადაყვანა, რა მინერალები უნდა მივცეთ, ან რა უნდა გადავუსხათ.

შეიძლება დასჭირდეს კონსილიუმის უფრო ადრე დანიშვნა ვიდრე სამშაბათს, მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული. აქვს სისუსტე და უფერულობა, როდესაც ადამიანი სუსტად გრძნობს თავს და გრიპი გადახდა... ასეთი სიტუაციაა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში საჭირო არ არის, მაგრამ ვნახოთ. წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტია.

კონსილიუმთან დაკავშირებით სახლში წასვლის შემდეგ დავურეკავ ციხის ექიმს და შემდეგ მათ უნდა გადაწყვიტონ, როდის ჩანიშნავენ”, - აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"