"მაშინ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო, კვლავ დააფიქსირდა ეს ცხოველი საქართველოში" - რა ინფორმაციას ავრცელებს თუ­შე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი? - კვირის პალიტრა

"მაშინ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო, კვლავ დააფიქსირდა ეს ცხოველი საქართველოში" - რა ინფორმაციას ავრცელებს თუ­შე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი?

თუშეთის ეროვნული პარკის ოფიციალური გვერდი "ფეისბუქში" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პოსტში ვკითხულობთ 2009 წლის შემდეგ პიველად, საქართველოში ჯიქი აღმოჩნდა

"ჯიქი კვლავ საქართველოშია! 12 წლიანი თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ, და მაშინ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა კვლავ დააფიქსირა ეს ცხოველი საქართველოში

ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Pantera pardus) ა.წ. აგვისტოში გადაღებული ფოტო დღეს აღმოვაჩინეთ

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჩვენს მიერ ორი თვის წინ დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის შემოწმებისას.

ამ რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა; როგორც წინა, ისე ეს მცდელობაც აწ განსვენებული ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილის მეოხებით განხორციელდა და ამ წარმატებას სწორედ მას ვუძღვნით.

-----------

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მისი ბოლო ნაკვალევი იქნა ნაპოვნი" - წერია თუშეთის ეროვნული პარკის ოფიციალური გვერდზე  (წყარო)