"მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან... ლიზა იასკოს არ ვიცნობ" - კვირის პალიტრა

"მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან... ლიზა იასკოს არ ვიცნობ"

უკვე რამდენიმე კვირაა საზოგადოება აქტიურად განიხილავს საქართველოს ექსპრეზიდენტის პირად ცხოვრებას. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისას დააკავეს, მან ხალხს პირად ცხოვრებაში არსებული სიახლე ამცნო.

აღმოჩნდა, რომ ჰყავს საყვარელი ქალი, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და ეს უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკოა, რომელზეც ექსპრეზიდენტი 23 წლით უფროსია.

მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი "თბილისელებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ლიზა იასკოს არ იცნობს და იქვე დასძენს, რომ მას მხოლოდ ერთი რძალი ჰყავს.

- მიშამ არ იცის ოჯახის წევრებთან თავისი პოლიტიკური ამბების გაზიარება. არც ზოგადად, პოლიტიკაში ყოფნის დროს ყოფილა ასე, არც მისი პრეზიდენტობის დროს. ის ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ოჯახი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკურ საკითხებში.

- თუმცა სანდრა სულ ჩართული იყო მის პოლიტიკურ ამბებში, გვერდით ედგა...

- სანდრა იყო და არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ჰოლანდიელ ქართველს ვეძახი, უსაყვარლესი გოგოა. ცხოვრობს თბილისში და ქართულად ზრდის შვილებს.

- ვინაიდან "ფეისბუქმომხმარებელი" ხართ, ალბათ, ბევრ რაღაცას კითხულობთ, ისმენთ თქვენს შვილზე. როგორ გუნებაზე გაყენებთ ეს?

- "ფეისბუქზე" იმდენ სისულელეს ვკითხულობ ხოლმე, არ ვიცი, რა ვთქვა. რამდენჯერ წავიკითხე რაღაცები, კარგ გუნებაზე დავდექი. ბევრი ვიცინე, იმიტომ რომ ენას ძვალი არა აქვს. ვიმეორებ, ასეთი ადამიანები, როგორიც მიშაა, საუკუნეში ერთხელ იბადებიან. გავა წლები, ისე დაფასდება მიშა, როგორც დაფასდა ბევრი ისტორიული პიროვნება.

მე შემსწრე ვარ მისი პრეზიდენტობის პერიოდში, სრულიად შემთხვევით... სადღაც მიდიოდა. უცებ გადაკეტეს ყველაფერი, შემოცვივდა დაცვა, ხალხი გაწიეს, გამოწიეს ვესტიბულში. გადაირია მიშა. ეს რას ნიშნავსო - თავისი დაცვა დატუქსა. გაწია დაცვა, შეერია ხალხს და დაიწყო მათთან ლაპარაკი, - ძალიან კარგად ვგრძნობ ხალხთან თავს, არ მაქვს ამბიცია, რომ მე უნდა ვიყო ცალკეო. ჩემს მეგობრებს მიშა უნახავთ მეტროში, - უცებ შემოვარდა სადგურის მოედანზე, დაჯდა ხალხში და დაუწყო ლაპარაკიო.

- ახლა ლიზა იასკოზეც მინდა გკითხოთ. ამას, ნამდვილად არავინ ელოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასეა, მიშამ თავად დადო ეს ვიდეო...

- არ ვიცი. მას არ ვიცნობ. მე ვიცი, რომ მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი საყვარელი შვილიშვილი მიშასგან. ენაცვალოთ მათ ჩემი თავი. სხვა ვერაფერს გეტყვით, არ ვიცნობ ამ ადამიანს. არ ვარ საქმის კურსში. ცოტა გამიკვირდა კიდეც.

წყარო