როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის? - რას ამბობს ექიმი?
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი ხვალ შეიკრიბება. ამის შესახებ სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კონსილიუმის წევრები სააკაშვილის ანალიზების შედეგებს ეცნობიან და ამის მიხედვით მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხს გადაწყვეტენ.
„გვესმოდა, რომ აქ აქცია იყო და ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. ხვალ კონსილიუმი მოვა, ემზადება. კონსილიუმის დროს ვერ გეტყვით, ჯერ არ ვიცი, დღის პირველ ნახევარში იქნება“,- განაცხადა ყიფშიძემ.
რაც შეეხება იმას, თანახმაა თუ არა სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე, ყიფშიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მას პოზიცია არ შეუცვლია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ არის.
ექიმის თქმით, „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელის შემდეგ არ შეცვლილა“.
„წნევის ცვალებადობა, რა თქმა უნდა, კარგი არაა, თუმცა ამ მდგომარეობაშიც კი საშიში არ არის. დღეს უკეთესად დადიოდა“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
"ინტერპრესნიუსი"