"ხან საბურავებს ვიმარაგებთ პარტიის შტაბში, ხან ბარიკადებს ვაგებთ სადღაც - რევოლუციაზე საუბარი გვესმის 2012 წლიდან" - კვირის პალიტრა

"ხან საბურავებს ვიმარაგებთ პარტიის შტაბში, ხან ბარიკადებს ვაგებთ სადღაც - რევოლუციაზე საუბარი გვესმის 2012 წლიდან"

"ჩრდილოვანი კაბინეტის გარკვეული კონტურები და მონახაზი უკვე არსებობს, გვინდა რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია იყოს წარმოდგენილი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი არის ერთგვარი ტესტი ოპოზიციისთვის. უდუმაშვილი ასევე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას რევოლუციურ შტაბზე და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების გზით უნდა გაისტუმრონ ხელისუფლებიდან.

"ქართული ოცნების" მხრიდან რევოლუციაზე საუბარი გვესმის 2012 წლიდან, ხან საბურავებს ვიმარაგებთ პარტიის შტაბში, ხან ბარიკადებს ვაგებთ სადღაც, რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე წრეზე წავიდეს "ქართული ოცნება". ხომ ნახეთ, მშვიდად ვერ ვიტყოდი, მაგრამ საარჩევნო ბრძოლით მივაღწიეთ, რომ 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური იქნება, ზუსტად ასე მშვიდად, მაგრამ ბრძოლით ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ მშვიდობიანად, არჩევნების გზით უნდა გავისტუმროთ ეს ხელისუფლება. გარკვეული კონტურები და მონახაზი ჩრდილოვანი კაბინეტის უკვე არსებობს, თუმცა, არ მინდა წინასწარ გავუსწრო მოვლენებს, რადგან ყოველდღიურად შეიძლება რაღაც შეიცვალოს. გვინდა რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია იყოს წარმოდგენილი კოალიციურ მთავრობაში, ეს არის ერთგვარი ტესტი, როგორ ჩავაბარებთ ტესტს კოალიციურ მმართველობაზე", - განაცხადა უდუმაშვილმა.

მან "ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკლიპზეც ისაუბრა და ხელისუფლება ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.

"ქართული ოცნება" ორმაგ სტანდარტებს არ ეშვება მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, ერთი მხრივ ვნახეთ კონკრეტული კანონპროექტის ინიცირება, რითაც სურთ თითქოსდა შეზღუდონ ზიზღის და სიძულვილის ენა, ეს პირდაპირ ეხება სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ მეორე მხრივ, პირდაპირ ამზადებენ ახალ ვიდეო რგოლებს, ის ბანერები, რაც იყო ჩამოკიდებული მთელი ამ თვეების განმავლობაში, არ ეყოთ, ახლა დაამზადეს ახალი ვიდეო რგოლები, საიდანაც პირდაპირ ზიზღი და სიძულვილი იფრქვევა და ეს არის "ქართული ოცნების" კამპანია მთელი 9 წლის განმავლობაში. როცა უჭირთ მაშინვე გადადიან ზიზღის კამპანიაზე, მაგრამ ეს ფანდები აღარ მუშაობს და ამით საკუთარ ამომრჩეველსაც ზედმეტად აღიზიანებენ", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ უნდა გამოვრიცხოთ რისკი, "ერთ მუნიციპალიტეტში მაინც ოპონენტმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან ეს იქნება რევოლუციური შტაბი".

"თუ "ქართული ოცნება" ყურად არ იღებს რასაც ეუბნებიან, ამას კონკრეტული სანქციები მოჰყვება", - როგორც მან აღნიშნა, ყველამ კარგად დაინახა, ვისთან აქვთ საქმე, როცა "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ "გადააგდო" პარტნიორები.

"როცა 70-ზე მეტი პოლიტიკოსი ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ამაზე მეტი გზავნილი რა უნდა მოვიდეს ევროპიდან. თუ ყურად არ იღებს "ქართული ოცნება" რას ეუბნებიან, მაშინ ამას მოჰყვება კონკრეტული გადაწყვეტილებები, ოღონდ ეს გადაწყვეტილებები იქნება სანქციები. ყველამ კარგად დაინახა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმაც, თუ ვისთან აქვთ საქმე. ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, რომელთაც არაერთხელ გადააგდეს პარტნიორები. ასე რომ, მეტს აღარაფერს აპატიებენ "ქართულ ოცნებას" და თუ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, ამას მოჰყვება სანქციები", - განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის 73 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის მიმართავს. წერილის ავტორების განცხადებით, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს მანამ, ვიდრე ის წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

"ინტერპრესნიუსი"