"ლუკაშენკო - კონტრაბანდისტული სახელმწიფოს შეფი" - რას წერს გერმანული გამოცემა?
გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთის - "ფრანკფურტერ ალჰემეინე ცაიტუნგის" (Frankfurter Allgemeine Zeitung) სტატიაში სათაურით - "ლუკაშენკო - კონტრაბანდისტული სახელმწიფოს შეფი" (ავტორი - თომას გუჩკერი) ბელარუსის მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკაა გაკრიტიკებული.
როგორც ცნობილია, მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით ბელარუსის საზღვრებზე - პოლონეთთან, ლიეტუვასა და ლატვიასთან - დაძაბული სიტუაციაა შექმნილი - ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში ჩასული მიგრანტები ევროკავშირში შესვლას ცდილობენ, ევროკავშირის წევრების - პოლონეთისა და ბალტიისპირა ქვეყნების მესაზღვრეები კი მათ არ უშვებენ. ეს, ფაქტობრივად, ბელარუსის პასუხია იმ სანქციებზე, რომელიც მინსკს ევროკავშირმა გამოუცხადა - ალექსანდრე ლუკაშენკოს სათქმელი აქვს: "აი, ხედავთ, ევროკავშირის ქვეყნები როგორი დაუნდობელნი და უგულონი არიან, მათ ლტოლვილი ადამიანები არ ეცოდებათ, თავიანთ ტერიტორიაზე არ უშვებენ".
საქმე იმაშია, რომ ამ ზაფხულს მინსკში ბელარუსის ხელისუფლებას ერაყიდან, იორდანიიდან და ლიბანიდან ათასობით მიგრანტი სპეციალურად ჩაჰყავდა "ბელავიას" ჩვეულებრივი რეისებით. მართალია, მოგვიანებით ევროკავშირმა ამ ქვეყნების მთავრობებზე ზეწოლა განახორციელა და მათ მინსკისკენ პირდაპირი ავიარეისები გააუქმეს, მაგრამ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმმა ახალ ტაქტიკას მიმართა - ჩარტერულ რეისებს აღნიშნულ ქვეყნებში ცარიელს უშვებს, იქიდან კი მინსკში თვითმფრინავები სავსე ბრუნდებიან. ასეთ სიტუაციაში ევროკავშირი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: როგორ გამოუცხადოს სანქციები "ბელავიას", როცა მას თავისი "ეირბასის" ყველა ლაინერი ირლანდიაში ლიზინგით აქვს აღებული?", - წერს გაზეთი.
ერთ-ერთი წინადადება, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე განიხილეს, "ბელავიასათვის" ლიზინგის აკრძალვას ითვალისწინებდა, მაგრამ ირლანდიელმა მინისტრმა საიმონ კოვინმა განაცხადა - "კი, თანახმა ვარ, ავკრძალოთ, მაგრამ როგორ? ვინ დაზარალდება? კონტრაქტები ოფიციალურადაა დადებული და თანაც - მრავალი წლით".
პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების კიდევ ერთი თვალსაზრისი, რომლის მიხედვით, ბელარუსის ავიაკომპანია "ბელავიას", რომელსაც ევროპული რეისების განხორციელება ადრე გამოცხადებული სანქციებით ისედაც აკრძალული აქვს, ტექნიკური მომსახურების მიზნით, შუალედურ აეროპორტებში დაშვებებიც აეკრძალოთო, არ გავიდა.
გაზეთის ინფორმაციით, მინისტრების სხდომაზე გერმანიის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ხაიკო მაასმა კოლეგებს შესთავაზა, რომ არსებულ სანქციებში გარკვეული ცვლილებები შეეტანათ - მათი მოქმედება იმ პირებზეც და ორგანიზაციებზეც გავრცელდება, რომლებიც არალეგალურ მიგრაციას ხელს უწყობენ. ასეთი მიდგომა, სტატიის ავტორის აზრით, ირლანდიურ ფირმას საშუალებას მისცემს, უარი თქვას მინსკთან თანამშრომლობაზე. ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
"დრო არ ითმენს, ზამთარი ახლოვდება, სიცივე სულ უფრო მატულობს. ეს იმას მოასწავებს, რომ ათასობით მიგრანტს, რომელიც ბელარუსსა და პოლონეთს შორის საზღვრის ნეიტრალურ ზოლზეა თავმოყრილი, სავარაუდოდ, წინ მძიმე დღეები ელოდება, არ არის გამორიცხული - სიკვდილიც", - აღნიშნულია სტატიაში. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ