"თბილისში გამართულ შეხვედრებზე თავდაცვის მდივანმა იმ საფრთხეზე ისაუბრა, რაც საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონს რუსეთისგან ემუქრება"
პენტაგონი აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილა.
"შეხვედრებზე თავდაცვის მდივანმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია განიხილა, კერძოდ, ის საფრთხე, რაც საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონს რუსეთის მხრიდან ემუქრება", - აღნიშნულია პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
"თავდაცვის მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე დაადასტურა თავდაცვის დეპარტამენტის ერთგულება უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის შენარჩუნებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლაში დახმარების მიმართ. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ დიდი წვლილისთვის, რაც მან ავღანეთში უსაფრთხოების და სტაბილურობის დამყარებისთვის აშშ-ისა და ნატო-ს ძალისხმევაში შეიტანა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
"ინტერპრესნიუსი"