"მოსკოვი საქართველოს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს"
მოსკოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვას თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ნოტა გაუგზავნა, - ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"ინტერესთა განყოფილებამ (საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია) გაუგზავნა ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თხოვნით, მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში არსებული ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის ფაქტის შესახებ, ასევე გაეწიოს საჭირო იურიდიული დახმარება გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის სწრაფად გადაცემის საკითხში,"- აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
სამინისტროს ცნობით, საკონსულო განყოფილების თანამშრომლები უშუალო კონტაქტში არიან თბილისში ჩამოსულ გარდაცვლილის მამასთან.
"საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება ყველა საჭირო ზომა საქართველოში მყოფი გარდაცვლილის ნათესავების ინტერესების დასაცავად, მათ შორის მისი არასრულწლოვანი ვაჟის, რომელსაც აქვს რუსეთის მოქალაქეობა,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში ორი დღის წინ მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.
"ინტერპრესნიუსი"