Reuters: "თალიბანი" თვითმკვლელი ტერორისტების ქმედებებს მიესალმება და მათ ოჯახებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს"
"თალიბანი" თვითმკვლელი ტერორისტების ქმედებებს, რომლებიც ყოფილი მთავრობისა და დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ განახორციელეს, მიესალმება და მათ ოჯახებს ფინანსურ დახმარებასა და მიწებს ჰპირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირაჯუდინ ჰაქანი, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ქაბულში ინტერკონტინენტალურ სასტუმროში თვითმკვლელ ტერორისტთა ოჯახებს შეხვდა.
"მინისტრმა თავის გამოსვლაში შეაქო მუჯაჰედინების თავგანწირვა და მათ ისლამისა და ქვეყნის გმირები უწოდა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში Twitter- ზე.
"თალიბანის" სპიკერის ყარი საიდ ხოსტის განცხადებით, სირაჯუდინ ჰაქანმა თვითმკვლელ ტერორისტთა ოჯახებს ტანსაცმელი და 10 000 ავღანი, დაახლოებით 111 დოლარი გადასცა.