"გაიხაროს იმან, ვინც სააკაშვილს ეხმარება" - რას ამბობს ექსპრეზიდენტის შემოსვლის საქმეზე დაკავებულის ოჯახის წევრი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული გიორგი ნარიმანიძის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ 32 წლის კაცი ბოლო პერიოდის განმავლობაში სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა. მათთვის უცნობია, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა გიორგი ნარიმანიძეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო შემოყვანასთან.
"ჩემი შვილი გუშინ ღამით მოვიდა და დაიძინა. ტრაილერს მართავდა, ხან დასავლეთში იყო და ხან სად", - აცხადებს დაკავებულის მამა.
ოჯახის ერთ-ერთი წევრი ასევე აცხადებს, რომ გიორგი ნარიმანიძე "ასეთ რამეს არ გაბედავდა".
"ტრაილერით დადის, მაგრამ მარტო ეგ ხომ არ არის, იქ რამდენიმე ბიჭია. თურქეთშიც დადის, გაიხაროს იმან, ვინც სააკაშვილს ეხმარება, სულ რომ არაფერი, სიტყვებით მაინც. გუშინ იყვნენ მოსული, ერთს ტანსაცმელზე პოლიცია ეწერა, დანარჩენს არაფერი, შავი ფერის ტანსაცმელი ეცვათ. ეს ასეთ რამეს არ გაბედავდა, რადგან პატარა ბიჭია", - განაცხადა დაკავებულის ოჯახის წევრმა.
ცნობისთვის, გიორგი ნარიმანიძეს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება. სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ვიდეო