"მინდოდა, ჩემი ცხოვრებისთვის რაღაც მომეხერხებინა და ვინმე გამოვსულიყავი. მაგრამ ყველაფერი განადგურდა"
მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" ავღანეთში მმართველობა ხელში ჩაიგდო, მოსახლეობის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. "თალიბების" მთავრობაში მოსვლის შემდეგ ქალები თითქოს გაქრნენ, არა მხოლოდ ქუჩებიდან, ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრებიდანაც. ქალებს ჯერ კიდევ არ აქვთ უფლება, სამსახურებს დაუბრუნდნენ. საქმიანობას აგრძელებენ მხოლოდ ისინი, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში არიან ჩართულნი. "ბი-ბი-სის" ავღანელი ჟურნალისტი იოგიტა ლიმაი იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ახალი რეჟიმის მოსვლის გამო სკოლებსა და სამსახურში ვეღარ დადიან.
"ახლა ჩვენ, უბრალოდ, სახლში ვსხედვართ, ქალების მთელ თაობას უწევს საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღოს", - ამბობს გოგონა ჟურნალისტთან საუბრისას.
უკვე ერთი თვე გავიდა, რაც ავღანეთში ქალებს აკრძალული აქვთ სკოლაში სიარული. 17 წლის ავღანელი გოგონა თალიბების მმართველობაში მოსვლამდე, ყოველდღე, ძმასთან ერთად დილით ადრე დგებოდა და სკოლაში მიდიოდა. ახლა კი იძულებულია, ახალ, შარიათის კანონებს დაემორჩილოს.
"განადგურებული ვარ, 11 წელი ვსწავლობდი სკოლაში. მიუხედავად დიდი რისკისა, ამ ხნის განმავლობაში გაკვეთილებს მაინც ვესწრებოდი, ხან არ ვიცოდით, შინ ცოცხლები დავბრუნდებოდით თუ არა. მამაჩემი შეზღუდული შესაძლებლობების პირია, მაგრამ მას ბევრი მუშაობა უწევს, რადგან რვეულებისა და კალმებისთვის ფული გამოიმუშაოს. ყველა ამ გასაჭირის შემდეგ, ჩვენ იძლებულნი ვართ, სახლში ვისხდეთ", - ამბობს 17 წლის გოგონა.
როგორც ის ამბობს, კლასში საუკეთესო მოსწავლე იყო და ექიმობა სურდა.
"ძალიან მენატრება ჩემი მასწავლებლები, კლასელები და წიგნები. მინდოდა, ჩემი ცხოვრებისთვის რაღაც მომეხერხებინა და ვინმე გამოვსულიყავი. მაგრამ ყველაფერი განადგურდა და ახლა სიბნელეში დავრჩი".
ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, გოგონას ოჯახს თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირს. ოჯახის უფროსს ხან საჭმელზეც უწევს უარის თქმა, რადგან ბავშვებს განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინვენტარი უყიდოს.
"არ არსებობს ისლამში ისეთი კანონი, რომელიც ამბობს, რომ ქალები და კაცები არათანაბარი არიან", - ამბობს გოგონას მამა.
BBC-ს გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქალებს, რომლებმაც საპროტესტო აქცია მოაწყვეს და უფლებების აღდგენა მოითხოვეს, ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქალი, რომელიც აქციისას ელექტროსადენით სცემეს, ჟურნალისტს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა. როგორც ის ამბობს, აგვისტომდე აქტიურად მუშაობდა და 6-კაციან ოჯახს არჩენდა. ახლა მას მუშაობა აკრძალული აქვს.
"ქალების მთელ თაობას უწევს, მსხვერპლი გაიღოს და კანონებს დაემორჩილოს. ვწუხვარ, ჩემს შვილებს რომ ვუყურებ, მათ ცუდი მომავალი ელით. დავკარგე დამოუკიდებლობა, ყველა ჩემი იმედი და ამბიცია", - ამბობს ავღანელი ქალი.
"თალიბები" ცდილობენ, მედიის საშუალებით, საზოგადოებას დაანახონ, რომ ამჯერად ისინი უფრო მეტად ლმობიერები არიან, ვიდრე - წარსულში, ხელისუფლებაში ყოფნისას. მიუხედავად ამისა, მათი ქმედებები საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში არსებობდა სამინისტრო, რომელიც ქალთა უფლებებს განიხილავდა. "თალიბების" მოსვლის შემდეგ, სამინისტრო გააუქმეს. ქალთა უფლებების სამინისტრო ექსტრემისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, წინასწარმეტყველის სამინისტრომ ჩაანაცვლა. "ბი-ბი-სის" ჟურნალისტი "თალიბების" წარმომადგენელს შეხვდა და ქალების მომავლით დაინტერესდა...
"ქალებს თავად არ სურთ სკოლაში სწავლა და ჩვენ მათ ვერაფერს დავაძალებთ. ქალებს აქვთ უფლება ისწავლონ სკოლაში, უფრო მეტიც, მომავალში ვგეგმავთ, რომ ქვეყანაში ქალთა სკოლებიც გავხსნათ".
- თქვენ აცხადებთ, რომ ქალების უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება, თუ ისინი სახლში დარჩებიან, ამავე დროს, ამბობთ, რომ მათ აქვთ უფლება იარონ სკოლაში. ასე რომ, ეს არ არის სიმართლე, როცა ამბობთ, რომ მათ თავად არ სურთ სკოლაში წასვლა...
- წინა ხელისუფლებას წლები დასჭირდა, რათა ქალებისთვის სკოლა გაეხსნათ და თქვენ ელოდებით, რომ ჩვენ ამას რამდენიმე დღეში შევძლებთ?
- რამდენი დრო დაგჭირდებათ? არ ფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში გოგონები იმსახურებენ იცოდნენ, როდის დაუბრუნდებიან სწავლას და სამსახურებს?
- როცა შევძლებთ, ჩვენ გავხსნით ამ გზას... ქალებს ექნებათ საშუალება, იმუშაონ იმ სფეროში, რომელიც მათ სურთ.
მიუხედავად ამ და სხვა უამრავი დაპირებისა, როგორც ჩანს, ავღანეთში ქალები ქუჩაში გამოსვლას თავს არიდებენ. ხოლო ის, თუ როდის შეძლებენ სწავლის გაგრძელებას, ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობია. (წყარო)