"ბევრი ბელარუსი, რომელიც ლუკაშენკოს ხელისუფლებისაგან დევნას განიცდის, საქართველოში მიემგზავრება" - რას წერს გერმანული გამოცემა?
"პირდაპირი ავიარეისი მინსკიდან, უვიზო რეჟიმი, ენობრივი ბარიერის არარსებობა, ქვეყანაში ერთი წლით ცხოვრების შესაძლებლობა რეგისტრაციის გარეშე - ბევრი ბელარუსი, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებისაგან დევნას განიცდის, საქართველოში მიემგზავრება", - ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველეს" (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით - "ემიგრანტი ბელარუსები საქართველოში: "თავდაპირველად გეჩვენება, რომ დასასვენებლად მიდიხარ...". მასში რამდენიმე ადამიანის ისტორიაა გადმოცემული. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
"ან ელოდები, რომ დაგიჭერენ, ან თავს უნდა უშველო"
მინსკი-მოსკოვი-ვლადიკავკზი-თბილისი-ბათუმი, ორი გიტარა, ორი ჩემოდანი და თითქმის ერთი კვირა გზაში - ასე მივიდნენ თავიანთ დღევანდელ საცხოვრებელ ადგილამდე მუსიკოსი დიმიტრი და მუსიკის მასწავლებელი ნადეჟდა. ორივე მათგანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. დიმიტრის ბინა ბელარუსის პოლიციამ რამდენჯერმე გაჩხრიკა. იგი დააკავეს კიდეც და ჟოდინოს იზოლატორში რამდენიმე დღე გაატარა, საშინელ პირობებში.
2021 წლის აგვისტოში დიმიტრიმ და ნადეჟდამ ბელარუსიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მათ საქართველო აირჩიეს, ბუნებრივი პირობების გამო, რომელიც, დიმიტრის აზრით, მას საპყრობილეში შერყეული ჯანმრთელობის აღდგენაში დაეხმარება. რაც შეეხება სამუშაოს, დიმიტრი, მუსიკის გარდა, ინტერნეტსაიტების და ციფრული ხელოვნების შექმნით არის დაკავებული. ნადეჟდა მუსიკას ონლაინრეჟიმით აწავლის.
"ძალიან ძნელია ახლობლებისა და ნათესავების დატოვება... თავდაპირველად გგონია, რომ დასასვენებლად მიდიხარ, შემდეგ აცნობიერებ, რომ შენი ქვეყნიდან გაგდებენ და ხვდები, რომ სხვა ვარიანტი აღარ გრჩება: ან ელოდები, რომ დაგიჭერენ, ან თავს უნდა უშველო", - ამბობს ნადეჟდა.
"წასვლა იძულებით"
გროდნოელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ანდრეი მელეშკო ბელარუსის ხელისუფლებისაგან დევნას 1999 წლიდან განიცდის, ამის გამო, საზღვარგარეთ იყო წასული, მაგრამ მცირე ხნით. ახლანდელი მისი წამოსვლა საქართველოში, როგორც ჩანს, მისი აღიარებით, საკმაოდ გაჭიანურდება: "არ მინდოდა ემიგრირება, მაგრამ 2021 წლის აგვისტოში "კაგებემ" და საფინანსო გამოძიების დეპარტამენტმა მომაკითხა. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახთან ერთად საქართველოში გამოვფრინდი. მოგვიანებით, ცოლ-შვილი უკან დაბრუნდა, მე კი ჯერ გროდნოში ჩასვლას არ ვჩქარობ", - ამბობს ჟურნალისტი, რომელიც საპროტესტო აქციებს და მოსახლეობის განწყობას აშუქებდა. ამჟამად იგი რეპორტაჟებს ამზადებს, მათ შორის - იმ სოლიდარობის აქციებიდანაც, რომლებსაც საქართველოში მყოფი ბელარუსები მართავენ. 
"გაიძულებენ, რომ ქვეყნიდან წახვიდე", - ასე იწყებს ისტორიას თავისი ცხოვრების შესახებ ბრესტელი უფლებადამცველი რომან კისლიაკი, რომლის ბინა ბელარუსის "კაგებემ" 2021 წლის ივლისში გაჩხრიკა, რომელიღაც დანაშაულის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია. წაიღეს კომპიუტერი და ტელეფონი, ხელი მოაწერინეს ქალაქიდან გაუსვლელობაზე... ერთი კვირის შემდეგ რომან კისლიაკმა ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა, ავიაბილეთი მხოლოდ ბათუმის მიმართულებით იყო. "კვირას ბათუმში ჩამოვფრინდი, ორშაბათს კი ჩემი გვერდის გატეხვა სცადეს სოციალურ ქსელში, სამშაბათს ჩემმა კოლეგებმა შემატყობინეს, რომ მათი ბინებიც გაჩხრიკეს. ისინი ჩემთან ერთად ბრესტის აკუმულატორების ქარხნის აგების წინააღმდეგ გამოდიოდნენ", - ამბობს რომან კისლიაკი, რომელიც უფლებადაცვით საქმიანობას საქართველოდანაც აგრძელებს. 
რას აკეთებს აჭარაში ბელარუსთა დიასპორა?
როგორც აჭარაში (ბათუმში) მოქმედი ბელარუსთა დიასპორის საბჭოს წევრი ნატალია მილევსკაია ამბობს, 2020 წლის აგვისტოში ბათუმში ბელარუსები ცოტანი იყვნენ, ერთი წლის შემდეგ კი მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - დაახლოებით, 5 ათასამდე.
თვითონ ნატალია საქართველოში რამდენიმე წელია, ცხოვრობს. მისი თქმით, ბათუმში მყოფი ბელარუსები განათლებული ადამიანები არიან - ექიმები, პროგრამისტები, ჟურნალისტები... ზოგი დისტანციურად მუშაობს, ზოგი კი ადგილობრივად არის დაკავებული, სამუშაოს პოვნა ძნელი არ არის. ცხადია, არსებობს საყოფაცხოვრებო პრობლემები - ბინების სიძვირე, შვილების სწავლება რუსულ ენაზე... სახელმძღვანელოების უქონლობა. გარდა ამისა, ემიგრირებულ ბელარუსებს ზოგჯერ ფსიქოლოგიური დახმარებაც ესაჭიროებათ.
ბათუმში ყოველკვირეულად ტარდება სოლიდარობის აქციები, რომლებშიც ბელარუსები, რუსები, ქართველები და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მაგალითად, ჩატარდა აქცია იმ შეთანხმების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოსა და ბელარუსის სპეცსამსახურებს შორის გაფორმდა და დანაშაულში ეჭვმიტანილთა დეპორტაციას ითვალისწინებს.
"რა თქმა უნდა, ბევრი ამ შეთანხმებამ შეაშფოთა, თუმცა საქართველოს კანონების თანახმად, დეპორტაცია იოლი არ არის. ამასთან, არასასიამოვნოა, როცა საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ჩვენ შესახებ მინსკში მასალები გადასცეს. აქ მყოფ ბელარუსებს ეშინიათ, რომ სამშობლოში მათი ნათესავები შეიძლება დაზარალდნენ. თავშესაფრის მიღება ბელარუსებს ჯერჯერობით არ სურთ, რადგან მათ იმედი აქვთ, რომ უკან დაბრუნდებიან", - ამბობს ნატალია მილევსკაია. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ