მოძრაობა „თავისუფლება მიშას“ წევრებმა ჭორვილაში აქცია გამართეს
მოძრაობამ "თავისუფლება მიშას" ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერი წარწერით - "თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს" და სკანდირებდნენ - "მიშა, მიშა".
ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც გზა გადაკეტეს. პოლიციელებმა გზაზე კორდონი გააკეთეს, რისი გადაკვეთის შესაძლებლობასაც აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ.
სწორედ კორდონის მეორე მხარეს ადამიანების კიდევ ერთი ჯგუფი იყო შეკრებილი. ისინი, სავარაუდოდ, კონტრაქციას მართავდნენ.
"ჩვენ აქ ვნახეთ უპრეცედენტო რამ, პოლიცია მოვიდა და გზა გადაკეტა, ეს სამარცხვინო ამბავია. მესმის პოლიციელების რომ ისინი დავალებას ასრულებენ, მაგრამ ამ ადამიანებს ვპირდებით, რომ ძალიან მალე ეს პოლიციელები კანონიერ დავალებებს შეასრულებენ და ასეთი დავალებების შესრულება აღარ მოუწევთ",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, გიორგი მუმლაძემ.
საჩხერეში კი, სადაც მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები იყვნენ შეკრებილი, ხმაური იყო. მოძრაობის წევრების თქმით, მათ ავტომობილები ჰყავდათ გაჩერებული და ქალაქში კოლონით გადაადგილებას გეგმავდნენ, რა დროსაც მოულოდნელად სხვა ავტომობილებიდან კვერცხები დაუშინეს, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა. აქტივისტების განცხადებით, ერთ-ერთი, ვინც კვერცხები ისროლა, ჭიათურის მერია. აქტივისტები სამართალდამცველებს დროული რეაგირებისა და მათი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.