ახლავე შეუნდეთ პრეზიდენტს! ანუ, როცა რეალობას ვეღარ აღვიქვამთ
ერთობლივი, შეთანხმებული მუშაობით ხდება მანიპულირება ხალხის აზრზე, სოციალური კონტროლი. და, რა სავალალოა, რომ სახელმწიფო მთლიანად ეყრდნობა ტვ-ინფორმაციას. ეს შესაძლოა, განვითარებულ ქვეყნებში იყოს, სადაც მაკონტროლებელი ორგანოები არსებობს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს ყოველივე, მაგრამ - ჩვენთან? ვინ მართავს დღეს ქვეყანას? გვარამია და მის გარშემო არსებული ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიები. მათ საბჭოთა გაგებით ეკიდებიან მისი მიმდევრები და აღმერთებენ. თუმცა აქ ერთი მაგალითის გახსენება არ მაწყენდა. ჩემს ყოფილ მეგობარს, რომელიც ე.წ. ქვეყნის გადამრჩენელ ტელევიზიაში მუშაობს, წლების წინ ვკითხე, ამას რატომ აკეთებ, ხომ იცი, რომ არ არის მართალი-მეთქი, იცით, რა მიპასუხა? "ვიცი, მაგრამ ქვეყანა ასე ცხოვრობს, მე კი მაქვს კარგი ხელფასი, ახალი სახლის კრედიტი დასაფარი და მაწყობსო..."
როდესაც ადამიანს აქვს სწრაფვა წარსულისკენ, ის ვერ ხედავს რეალობას. არადა, 30 წელია, ცხვირით ვეჯახებით ამ რეალობას და წრეზე ვბრუნდებით. რატომ? იმიტომ, რომ - თან კარგი ცხოვრება გვინდა, თან არაფრის შეცვლა არ გვსურს.
ბოლო ორი დღეა, გვიმტკიცებენ, მერე რა, რომ მაგ საკითხში კომპეტენცია არ აქვს, შეკითხვას რატომ გაურბისო... ყველა ყველაფერზე საბჭოთა სისტემაში საუბრობდა, ევროპულ ქვეყნებში ასეთ რამეს ვერ ნახავ. იყო "ოპოზიცია", საერთოდ არ ნიშნავს, გამოიგონო ინფორმაცია, ცილი დასწამო, დეზინფორმაცია გაავრცელო, ოპონირების ნაცვლად შეურაცხყო...
ქრისტიანობა ვერ მოერგება ადამიანის ცხოვრებას. თუ ქრისტიანი გინდა იყო, შენ უნდა მოერგო წესებს. თუ ამის თქმა სასაცილოდ მიგაჩნიათ, რასაც საკუთარ არხებზე სისტემატურად აკეთებთ, მაშინ რატომ ითხოვთ ქრისტიანულ პატიებას? ჯერ იყო და, გიორგი მამალაძის შემთხვევაში, თითის ქნევით ელაპარაკებოდნენ სასულიერო პირებს, ეხლავე მიდით და აზიარეთო... ახლა კი, ეხლავე აპატიეთ მესამე პრეზიდენტს, თორემ, იცით, რას გიზამთო... მოსაყდრე კი დაამცირეს, რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, მაგრამ ჯერ არ გამიგია, მიზანმიმართულ დანაშაულებებზე არანაირი სინდისის ქენჯნა და შენდობის სურვილი რომ არ ჰქონდეს ადამიანს და - ვინმემ მიუტევოს.
მომდევნო დღეებში გვარამიამ კი დაიმუქრა, ვიდრე აზრზე მოხვალთ, თქვენი ეგზარხოსებიან-მამაოებიანად მოგიღებთ ბოლოსო, მაგრამ მაინც სხვაზე ამბობს, ზიზღის ენით ლაპარაკობენო...
რაც უნდა ღვაწლმოსილი იყოს ადამიანი, სასაცილო ხდება, თუ მათ გუნდში არ არის. რაც უნდა აზრიანი თქვა ან გააკეთო, თუ რომელიმე მხარეს არ მოიაზრები, დამცირდები...
მათი აღტკინებული "იდეოლოგია" იმის საწინააღმდეგოს მტკიცებაა, რაც თავად დანერგეს წლების განმავლობაში. ის მორალი, ის დამოკიდებულებები კორუფციის, "მეშჩანობის", თანამდებობის, მომხვეჭელობის, ამპარტავნების, ზოგადად, ქვეყნისა და ხალხის მიმართ, ავლენს იმას, რის გამოც 30 წლის განმავლობაში 3-მილიონიან ქვეყანას ვერა და ვერ ვაშენებთ.
ერთობ ფორმალურია ოპოზიციის კოალიცია. წლების მანძილზე არაფერი უთქვამთ, რა არის ამ ქვეყნის ხარვეზები, არ გაუანალიზებიათ წარსული, არ გვეუბნებიან, რას როგორ შეცვლიდნენ. მხოლოდ ინტრიგები, სიცრუე, გამოგონილი პრობლემები. არასოდეს, ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა ხელისუფლების ნამდვილი ოპონირება და ყველამ ვიცით მათი შიდა დაპირისპირებების შესახებაც, არა?
დღესაც გრძელდება ხულიგნური მენტალიტეტით სიცრუის კონკურენცია ქვეყანაში და ჩვენს ხალხსაც სიცრუის დევნაში ახარჯვინებენ თავისი ძალისხმევის დიდ ნაწილს.
გაჭირვებულო ადამიანებო, არ დაიჯეროთ რომ "პოლიტიკოსები" ჩვენნაირებზე დარდობენ, პირიქით - ჩვენ მათ ვჭირდებით, რომ წლიდან წლამდე ჩვენით ერთმანეთთან ივაჭრონ, ვინაიდან ამათი პოლიტიკური ტვინების აზროვნება უფრო შორს ვერ მიდის, ჩვენნაირების შენარჩუნება კიდევ დიდხანს იქნება საჭირო.
იმ ტექსტების მოსმენა, რომელიც "ბომონდად" ქცეული ზეჟურნალისტებისგან ვისმენთ, უკვე საბჭოთა ტექსტებსაც აღარ შეესაბამება. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია შესაძლებელი, გუშინდელი კანონდამრღვევები ან მკვლელები დღეს ადამიანის უფლებების დამცველები ხდებოდნენ და ამ ტელევიზიებიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე გველაპარაკებოდნენ.
მოქალაქეებს მოგვენატრა, არჩევანი გავაკეთოთ არა პარტიული ნიშნით, არამედ - სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან გამომდინარე.
სიმართლისთვის ბრძოლის და ქვეყნის გადამრჩენლის იარლიყი, რაც აბსოლუტურად ბოროტმა ძალამ მიიკერა, საბოლოოდ, კრახისთვის არის განწირული, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, ხალხი ვერ მიხვდეს იმ რეალობას, რაც დადგა.
"თითოეული ჩვენი ტყუილი წარმოშობს ვალს სიმართლის წინაშე. ადრე თუ გვიან, ეს ვალი უნდა გადავიხადოთ. ჩვენი ტყუილები ჩვენს ზნეობას ქმნიან... მიუხედავად იმისა, ვხედავთ მას თუ არა, ის ყოველთვის არსებობს. სიმართლეს არ აინტერესებს ჩვენი მოთხოვნილებები და სურვილები. ადრე თუ გვიან ჩვენ მის წინაშე ვალის გადახდა მოგვიწევს."
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს