"თუ გადავხედავთ შემადგენლობას, ყველა ფიგურა, გარდა "ლელოსი", არის "ნაცმოძრაობის" ყოფილი წარმომადგენელი და კოალიცია კი არა "ნაცმოძრაობის" რეანიმაციაა"
არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მერის მოადგილეობის, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობისა და გამგებლობის კანდიდატები დაასახელა. ამ გუნდში რამდენიმე უპარტიო წევრია, ხოლო დანარჩენები არიან "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "დროას", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "ევროპული საქართველოს", "ერთიანი საქართველოს" წევრები.
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ამომრჩევლები 20 მერსა და საკრებულოების მაჟორიტარ წევრებს აირჩევენ. თბილისის მერობისთვის თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იბრძოლებენ. მელიას ამ პრეზენტაციის შემდეგ გაიზრდება თუ არა მისი მოგების შანსი და, საერთოდ, რას ემსახურება ახლა ეს ნაბიჯი, - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ექსპერტებს ვესაუბრეთ.
ვახტანგ ძაბირაძე:
- რაც გაკეთდა, ეს არის პიარსვლა და მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზება, მაგრამ თუ გადავხედავთ კოალიციის შემადგენლობას, ყველა ფიგურა, გარდა "ლელოსი", არის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენელი და რაღაც კოალიციაზე კი არ უნდა ვილაპაკოთ, უნდა ვილაპარაკოთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაციაზეა. გარდა ხაზარაძისა, ყველა "ნაცმოძრაობის" ძველი შემადგენლობიდანაა. თუ "ლელოს" გამოვაკლებთ, ნიკა მელია ყველა ამ ძალის მიერ პირველივე ტურში მხარდაჭერილი იყო და მან ამ ხალხის მაქსიმალური მხარდაჭერა პირველივე ტურში მოიპოვა. იმის თქმა, რომ პირველ ტურში ამომრჩეველი არ მივიდა და ახლა უფრო მივა, გამორიცხულია. როგორც წესი, ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნებზე ყოველთვის მიდის. ამიტომ არ ველოდები და ცოტა საეჭვოა, რომ გარკვეულ ეფექტს ეს ნაბიჯი მოახდენს და არჩევნებზე ნეიტრალურ ამომრჩეველს გამოიყვანს. "ლელოს" მერობის კანდიდატის - ბიბილაშვილის ხმები და "ლელოს" ამომრჩევლის ხმები წავა, ალბათ, მელიასკენ, მაგრამ "ლელოს" ხმები არც ისე დიდი იყო, 2-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ჯაფარიძის მხარდამჭერი ისედაც უჭერდა მხარს მელიას, თუ რამე ცდომილება იქნა, ეს იქნება "ლელოს" ხარჯზე. ჩემი ვარაუდით, ძალიან მცირე ხმები გიორგი გახარიასი და ანა დოლიძის და ნეიტრალური ამომრჩევლის წავა კიდევ მასთან.
- ანა დოლიძის ხმების ნაწილი მელიასთან წავა? - დოლიძის ამომრჩეველი ან არ მივა არჩევნებზე, ან თუ მივა, ალბათ, 50-50-ზე იქნება და მისი ხმები გაიყოფა, გახარიას ამომრჩეველში პროპორცია იქნება 70-30-ზე, ანუ 70 "ქართული ოცნებას" და 30 პროცენტი ნიკა მელიას. რამდენიც უნდა ილაპარაკონ კოალიციურ ხელისუფლებაზე, ეს ხომ რეალურად არ არის კოალიცია. ეს არის ფალსიფიცირება, ხალხის მოსაზიდად გაკეთებული. კოალიცია მაშინ არის რეალური, როცა მასში შემავალ წევრებს აქვთ ზემოქმედების ბერკეტი არა სიტყვიერი, არამედ - რეალური. კოალიციის წევრებს რა ბერკეტი აქვთ, გარდა მელიას პატიოსანი სიტყვისა, ენდობიან სიტყვაზე. რეალურად გასაგები თამაშია, თამაში მიდის არა მხოლოდ დღევანდელ არჩევნებზე, არამედ - სამომავლო არჩევნებზეც. კოალიცია არ იქნება ერთჯერადი, ყოველ შემთხვევაში, ეს სუბიექტები ასე ფიქრობენ და ამიტომ შედიან კოალიციაში და არა იმიტომ, რომ ხაზარაძეს დღედაღამ მელიას მოდგილეობა ესიზმრება. თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება ან, თუნდაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ლელოს" შანსი, რომ თუნდაც 2-პროცენტიან ბარიერს გადალახავს, ძალიან დაბალია. ამიტომაც აწყობს მას კოალიცია, უფრო მომავლისთვის, ვიდრე ვიცეპრემიერობისთვის. ეს ნაბიჯი მელიას შანსებს მნიშვნელოვნად არ ზრდის. პროცენტი მელიას ხმების შეიძლება გაზარდოს იმან, რომ არჩევნებზე "ქართული ოცნების" ამომრჩეველი არ მივიდეს, მაგრამ თუ "ქართული ოცნების" ამომრჩეველი მივა, მაშინ ეს თემა დამთავრებულია.
გია ხუხაშვილი:
- ამ ნაბიჯით, გარკვეულწილად, გაიზრდება მელიას შანსები, მაგრამ იმას ვერ გეტყვით, ეს საკმარისი იქნება თუ არა იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. თუ საარჩევნო არითმეტიკით კოალიციაში შემავალი პარტიების რეიტინგს დავთვლით, ეს არ არის ჯერჯერობით საკმარისი, რომ კალაძეს მოუგონ, თუმცა თვითონ ამ შემოთავაზებაში არის გარკვეული სიახლე, რამაც გარკვეულ მოცემულობაში შეიძლება მოიზიდოს ნეიტრალური ამომრჩეველი. ჩვენ ახლა ვართ პოლიტიკურ პროცესში და ამომრჩევლის მოზიდვა არის მთავარი ამოცანა, თუმცა პოლიტიკურ მოტივებს რომ თავი დავანებოთ, მოტივი ამ ტიპის მმართველობის შექმნის არის საინტერესო და ცივილიზებული ფორმა. ჩვენთან ამ ტიპის კოალიციები კეთდება წინაასაარჩევნოდ და ნეგატიური ამოცანით, ხელისუფლების დამარცხების მიზნით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კოალიცია კეთდება მას შემდეგ, რაც პარტიების შედეგები უკვე ვიცით, ანუ გაზომვადია ყველა პარტია და ეს, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა. მითუმეტეს, ჩრდილოვანი კაბინეტის იდეაც ძალიან საინტერესოა. ამ ტიპის მმართველობამ შეიძლება დააზღვიოს იგივე თბილისის მერია სერიოზული რისკებისგან. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, თუ ერთი პარტიის მმართველობის ქვეშ ექცევა ეს თუ ის ქალაქი, მუნიციპალიტეტი, თუ მთლიანად ქვეყანა, ეს მთავრდება ძალაუფლების უზურპაციით. გარდა იმისა, რომ არადემოკრატიული, არაჯანსაღი მდგომარეობა გვაქვს, შეიცავს თავის თავში კორუფციულ რისკებს, ნეპოტისტურ რისკებს, როდესაც მერია ხდება იგივე პარტიული დასაქმების ბიურო. თუ კოალიცია იქნა, აქ უკვე პოლიტიკური ბალანსები ჩნდება ამ პარტიების მხრიდან და ურთიერთკონტროლიც, რაც ამ რისკებისგან აზღვევს ქვეყანას. საბოლოო ჯამში, ამ ქალაქის მოქალაქე ამით დარჩება მოგებული. ის დაფინანსება, ბიუჯეტი, რაც არის, მიემართება არა კორუფციულ და პარტიულ ინტერესებზე, რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში და ეჭვი მაქვს, რომ ახლაც ხდება, არამედ - წავა ქალაქის კეთილდღეობისკენ. მე მივესალმები ამ მოდელს და სხვა პარტიები თუ ამ მიმართულებით ივლიან, ეს ქვეყანას წაადგება.
- კოალიციაში შემავალ ცნობად სახეებს რაც შეეხება, უმრავლესობა რომ "ნაცმოძრაობის" ყოფილი და ახალი წევრები არიან, ეს არ ქმნის პრობლემას? - ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა, "ლელო" უფრო ხშირად მესმოდა, ვიდრე "ნაცმოძრაობა". პროპაგანდა ამას კი ამბობს, მაგრამ რეალური არითმეტიკით ასე არ გამოდის, მე მგონი.
- გიორგი გახარიას და ანა დოლიძის ხმები საით წავა? - ყველა მონაცემებით, სახლში უნდა დარჩეს, თუმცა არ არის გამორიცხული, მელიამ შეძლოს მათი მოზიდვა, თუ უპასუხებს იმ მოთხოვნებს, რაც ამ ადამიანებს აქვთ. ამ ადამიანების მოთხოვნა არ არის სააკაშვილის განთავისუფლება, მათ აინტერესებთ, რატომ იქნება ნიკა მელია უკეთესი მერი, ვიდრე კალაძეა და რა პრობლემებს გადაწყვეტს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. თუ ნიკა მელიამ ამ დღეებში დაარწუნა ეს ადამიანები, რომ მარტო "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი კი არ არის, არის ზეპარტიული ფიგურა, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, აქვს ის ხედვები, რაც ქალაქს წაადგება, არ არის გამორიცხული, ეს ხმები მან არჩევნებზე გამოიყვანოს. კალაძე ამ ხალხის გამომყვანი უკვე ვეღარ არის, იმიტომ, რომ მისმა შარდის ყუთით სირბილმა ხიდი ჩაუტეხა ამ ადამიანებთან.
(სპეციალურად საიტისთვის)