"კონტროლიდან არიან გასული. ემუქრებიან მოსახლეობას... პრემიერი სადაც ჩადის, სიძულვილს აფრქვევს ყველგან"
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის დასტურია, რამდენად კონტროლიდან და ჩარჩოდანაა პრემიერი გასული.
"მას არ ესმის, რას ნიშნავს სახელმწიფო, არჩევნები და დემოკრატია", - განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშანტაჟებს მოსახლეობას და ამბობს, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მაშინ ცენტრალური ხელისუფლება საბოტაჟს გამოუცხადებს მოსახლეობას.
"კარგად ჩანს, როგორ კონტროლიდან არიან გასული. ემუქრებიან მოსახლეობას, თუ ოპოზიციონერი კანდიდატები გაიმარჯვებენ, მოუწყობენ საბოტაჟს, რაც არის დანაშაული. პრემიერი უარყოფს თვითმმართველობის პრინციპს. სადაც ჩადის, სიძულვილს აფრქვევს ყველგან. მათ აქვთ სერიოზული შინაგანი დაბრკოლება, იციან, რომ ოპოზიციონერი კანდიდატები გაიმარჯვებენ. პრემიერის ამ განცხადებას გადავცემთ საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან ეს არის დანაშაული. ოპოზიციის გამარჯვება არის ფუნდამენტი, რომ აუცილებელად რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.