მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
პროკურატურამ რა მასალებიც გადმომცა, იმ მასალებში არ არის ვიდეომასალები. დამაკლეს, არ მომცეს, დამიმალეს? - ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია პროკურატურის განცხადებას, რომ 20 ოქტომბერს ადვოკატებს გადაეცათ საქმის მასალები, რომლებსაც თანდართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა.
ბექა ბასილაიას თქმით, პროკურატურის მიერ გადმოცემულ მასალებში არ ყოფილა 21 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული ვიდეო.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, თავად დაუკავშირდა საქმის გამომძიებელს, რომელმაც განუცხადა, რომ ეს ვიდეო მასალა მისთვის გადაცემული არ იყო.
"მე მინდა ვუპასუხო პროკურატურის სიცრუეს: ამ საქმეში ვიდეო მასალები გადმოგვეცა ორ ადვოკატს, - ნარიმანიძის ადვოკატებს ეს მასალები გადაეცა მაშინ, როდესაც "ტელეიმედს" ეს მასალა უკვე გავრცელებული ჰქონდა. რაც შეეხება მეორე ადვოკატს, მეორე ადვოკატი ვარ მე, რომელსაც ეს მასალები გადმომეცა. როგორ ფიქრობთ, მე ეს მასალები გადავეცი "ტელეიმედს"? - ამავდროულად, პროკურატურამ რა მასალებიც გადმომცა, იმ მასალებში არ არის ის ვიდეომასალები. დამაკლეს, არ მომცეს, დამიმალეს? მე მაქვს პროკურატურისგან გადმოცემული რამდენიმე მეხსიერების ბარათი, სადაც ეს მასალა ჩაწერილი არ არის. უფრო მეტიც, ამ მასალის გავრცელების შემდეგ, ვინაიდან საქმე არის 6 ტომიანი და იყო რამდენიმე მეხსიერების ბარათი, მე დავუკავშირდი საქმის გამომძიებელს და ვკითხე, ეს მასალა ნამდვილად არის ამ საქმეში? მან მითხრა, რომ ეს მასალა ჩვენთვის გადმოცემული არ არის და საერთოდ, რა მასალაზეა საუბარი, არ იცის“, - განაცხადა ადვოკატმა.
უფლებადამცველის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ ჩაიდინეს დანაშაული.
"სანამ ოფიციალურად მოხდებოდა დალუქვა და გადაგზავნა სამხარაულის ბიუროში, ან იქ ლუქი მოხსნეს და ისე ამოიღეს, პიარულად გადასცეს "ტელეიმედს" საიმისოდ, რომ შემდეგ გაუგებარი პროპაგანდა აეწყოთ, რომელიც პირიქით კონტრ-პროპაგანდაა. აქ ძალიან ნათლად ჩანს, თუნდ ეს იყოს რეალობა, მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება. სააკაშვილი ამ ვიდეოში გამოიყურება ხალისიანი, ძალიან კეთილშობილი ადამიანი.
ეს საკითხი არ გაგვივლია, სერიოზულად ვერც კი ვიმსჯელებდით არაავთენტურ ვიდეოზე, რომელიც პარტიზანულად მიაწოდა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთ ტელეკომპანიას. აქ ტელეკომპანიის ბრალეულობაზე არ არის საუბარი, შსს-მ და პროკურატურამ ჩაიდინეს ეს დანაშაული. თუმცა, რასაც ვუყურებთ, იქიდან გამომდინარე, ნახევრად სახუმარო შინაარსის კონტენტია“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
საქართველოს პროკურატურა მედიაში გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზე განცხადებას ავრცელებს.
"მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ, 21 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების თაობაზე გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ 20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის, ე.ც.-ს და გ.ნ-ს ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გადაეცათ საქმის მასალები, რომელსაც ნივთიერი მტკიცებულებების სახით თან დართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამ საქმეში ფიგურანტი სხვა პირების მონაწილეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"