"ხატია დეკანოიძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი"
რაც შეეხება ჩვენს ოპონენტს, იოსებ ხახალეიშვილის ოპონენტს, ვინ არის ოპონენტი? ქალბატონი ხატია დეკანოიძე. ქალბატონი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი ქუთაისში და არავითარი კავშირი, ბმა ქუთაისთან და ქუთაისელებთან არ გააჩნნია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში იმყოფება.
ამასთან, ღარიბაშვილმა ისაუბრა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ დიდხანს იქნება ციხეში.
"გასაგებია ის შედეგი, რაც მიიღო, ეს იყო სააკაშვილის დროებითი ეფექტი. თუმცა, ვნახეთ, რომ "გენიალურად დაგეგმილი" სააკაშვილის ავანტიურა, როგორ დასრულდა, ციხეში ამოყო თავი და დიდხანს იქნება პატიმარი სააკაშვილი ციხეში, მისი გამომშვები ციხიდან არავინ არის. მე ვიცი, რომ ქუთაისში დადიან ხატია დეკანოიძის წარმომადგენლები და მოსახლეობას აბნევენ, არწმუნებენ, რომ ერთ კვირაში გამოუშვებენ, ნახეთ, გადაწიეს და ახლა ამბობენ, ერთ წელს, ორ წელს. მე მინდა, მივმართო ყველას, რომ რაც დროზე გააცნობიერებენ იმას, რომ მათი ეს ბელადი დიდ ხანს იქნება ციხეში და დროზე იპოვნიან სხვა საქმეს და სხვა საქმიანობას დაიწყებენ, მით უკეთესი მათთვის. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მსგავსი პრეცედენტი დავუშვათ და ეს დამნაშავე კაცი ვადაზე ადრე გამოვიდეს ციხიდან, ეს არის გამორიცხული, ისევე, როგორც გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის. ეს მეორე საკითხია, რომელსაც ავრცელებენ ჩვენს ამომრჩევლებში და ზოგადად, მოსახლეობაში ორივე საკითხი არის ამოწურული, დახურული და არაფერი შეიცვლება ამ მიმართულებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.