"მსოფლიოში ახალი პროცესები იწყება და თუ დავაგვიანებთ, ეს ძვირი დაგვიჯდება" - კვირის პალიტრა

"მსოფლიოში ახალი პროცესები იწყება და თუ დავაგვიანებთ, ეს ძვირი დაგვიჯდება"

"პარტნიორს შეუძლია ჩვენი სახელმწიფოსთვის გააკეთოს მხოლოდ ის, რაც შეუძლია და ევალება. ჩვენს გასაკეთებელს დასავლელი მეგობრები ვერ და არც გააკეთებენ. ისინი ჩვენი ქვეყნისთვის ქმნიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს"

გასულ კვირას საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას თანამშრომლობის ახალი ფორმატი - "საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა" შესთავაზა. ექსპერტების შეფასებით, ეს ვიზიტი ამერიკის მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის და მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ლოიდ ოსტინის ევროპულმა ტურნემ სწორედ შავი ზღვის აუზის სამი ქვეყანა გააერთიანა. მასპინძელთაგან რუმინეთი უკვე ნატოს წევრია, ხოლო საქართველო და უკრაინა ჯერ ისევ ალიანსისკენ მიმავალ გზაზე დგანან. სახელმწიფო მდივანმა ტურნე დაასრულა ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომაში მონაწილეობდა.

როგორც ამ ვიზიტისას გახდა ცნობილი, ამერიკა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ახალ პროგრამას იწყებს და მემორანდუმს ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელებმა, ლოიდ ოსტინმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ, 18 ოქტომბერს მოაწერეს ხელი. "ეს ინიციატივა წინ წასწევს ჩვენს საერთო უსაფრთხოების ინტერესსა და გააძლიერებს პარტნიორობას", - თქვა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

სწორედ ამ ვიზიტის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან:

- აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი არაერთი მიმართულებით შეიძლება შეფასდეს მნიშვნელოვნად, მით უფრო დღევანდელ ვითარებაში, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს. ვიზიტის მნიშვნელობა უპირველესად აღსანიშნავია ორმხრივი ურთიერთობისთვის. ამ თვალსაზრისით ხელშესახები შედეგი გვაქვს ახალი შეთანხმების სახით, რომელმაც უნდა გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს და ამასთანავე, უფრო გააღრმავებს საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობას. ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც განუზომელ დახმარებას გვიწევდა აქამდეც თავდაცვის სფეროს განვითარებაში, ახლა კი ამ შეთანხმებით იწყება კიდევ ერთი ახალი ეტაპი.

ამ ვიზიტს ასევე აქვს მრავალმხრივი კონტექსტი, რაც დაკავშირებულია ნატოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან. აღსანიშნავია, რომ ტურნეს ფარგლებში ის ჩავიდა ბრიუსელში, სადაც ნატოელ კოლეგებთან ერთად განიხილა ნატოს სტრატეგიული გეგმები, რუსეთთან დამოკიდებულება და ის გამოწვევები, რაც შავი ზღვის უსაფრთხოებას უკავშირდება.

კიდევ ერთი აღსანიშნავი მომენტია, რომ ნატო კვლავაც აგრძელებს მუშაობას სტრატეგიული კონცეფციის ბოლო შტრიხებზე, რამაც უნდა განსაზღვროს ალიანსის ათწლიანი სტრატეგია, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ნატოში გაწევრებისთვის. მნიშვნელოვანია როგორ იქნება მასში შავი ზღვის აუზის თემა წარმოჩენილი. ამასთანავე, ეს ვიზიტი იყო ერთგვარი პასუხი იმ ანტიდასავლური ჯგუფებისთვის, რომლებიც ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ამერიკის მიერ რეგიონის "მიტოვებას" ზეიმობდნენ და ამბობდნენ, რომ ავღანეთში მისიის დასრულების შემდგომ აშშ საქართველოს დაივიწყებდა.

ამ ვიზიტმა ცხადყო, რომ ასე არ არის და საქართველო რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად.

ეს უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ძალიან ცდილობს რეგიონში თავისი გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებას. მოკლედ, ეს ვიზიტი ბევრ კონტექსტშია განსახილველი და ის უპირველესად ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ზრდასა და საზოგადოდ, ქვეყნის გაძლიერებას.

- ეს ვიზიტი გაიმართა მაშინ, როდესაც ქვეყანაში მწვავე შიდაპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. ეს გაუთავებელი და დაუსრულებელი კონფლიქტები რამდენად აზიანებს დასავლელ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობას და ხომ არ მივდივართ იმისკენ, რომ დასავლეთმა შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, ხელიც კი ჩაიქნიოს ჩვენზე? - რა თქმა უნდა, ეს პროცესები აზიანებს ქვეყანას, მათ შორის მის პარტნიორებთან ურთიერთობასაც. პარტნიორს შეუძლია ჩვენი სახელმწიფოსთვის გააკეთოს მხოლოდ ის, რაც შეუძლია და ევალება. ჩვენს გასაკეთებელს დასავლელი მეგობრები ვერ და არც გააკეთებენ. ისინი ჩვენი ქვეყნისთვის ქმნიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. ამგვარ შესაძლებლობას მიეკუთვნება სწორედ ოსტინის ვიზიტის შედეგებიც, მაგრამ ამ შესაძლებლობებს სწორად გამოყენება სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენი ეროვნული ინტერესები ამ გაუთავებელი შიდა დაპირისპირებების გამო მეორე პლანზე აღმოჩნდა, რაც არასწორია. ეს საკითხები შეიძლება ჩვენ დავივიწყოთ, მაგრამ ამით პრობლემების აქტუალურობა მცირედითაც არ იკლებს. მეტიც, იზრდება. ნათქვამია, კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო.

ეს გადადებული პრობლემები დროის გასვლასთან ერთად უფრო რთული მოსაგვარებელი ხდება, მით უფრო იმ პირობებში, რაშიც გვიწევს ცხოვრება და რა რეალობაც გვაქვს რეგიონსა და საზოგადოდ, მსოფლიოში. არავინ დაიწყებს იმის ლოდინს, როდის გაერკვევიან ქართველები საკუთარ პრობლემებში.

მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ იცვლება - იწყება ახალი პროცესები. ამას ან აჰყვები, ან დააგვიანებ და შემდეგ ძალიან დიდხანს მოგიწევს ლოდინი წარმატების მისაღწევად და ეს ძვირი დაგვიჯდება. ის ქვეყნები, რომლებიც თავის დროზე გაერკვნენ ამაში და სწორი პოზიცია დაიკავეს - ვგულისხმობ, ბალტიის სახელმწიფოებს - დღეს ევროკავშირსა და ნატოში არიან. მიუხედავად მწვავე შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა, მათ ერთხანს დაივიწყეს პოლიტიკური ამბიციები და წინ დააყენეს სახელმწიფო ინტერესები. ჩვენ მაშინაც, როდესაც ნატოს დიდი გაფართოების დრო იდგა, ამისთვის ვერ მოვიცალეთ და მას შემდეგ გვიწევს ლოდინი, მაგრამ ახლა რომც გამოჩნდეს შესაძლებლობის ფანჯარა, გამოვიყენებთ კი? თუ ისევე ჩვენს შიდა დაპირისპირებას გადავაყოლებთ ამ შესაძლებელობებს? თუ ჩვენ მზად ვიქნებით, წავალთ წინ, თუ არადა, ისევ დავტრიალდებით ისტორიის ამ სპირალზე და ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდება.

- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილე მეთიუ ბრაიზამ "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "საქართველოში ამჟამად ძალიან დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა, რაც ჩემს იმედგაცრუებას იწვევს. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კვლავ პოლიტიკური დაძაბულობაა. ამას ემატება 19 აპრილს მიღწეული შარლ მიშელის შეთანხმების საქართველოს ხელისუფლების მიერ გაუქმება. საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კი კრიზისული სიტუაცია უფრო გაამძაფრა. საქართველოს მეგობრები ვაშინგტონსა და ევროპაში დაღლილები არიან და ამ ყველაფერს უკვე დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ". - სამწუხაროდ, ეს ტენდენცია შეიმჩნევა. ამ დაპირისპირებით შექმნილი დაძაბულობა უკვე კარგა ხანია გრძელდება. რამდენიმეჯერ შეიქმნა თითქოს ვითარება, რომელიც იძლეოდა დაძაბულობის განმუხტვის საშუალებას, მაგალითად, იმავე შარლ მიშელის შეთანხმების წყალობით. გვეგონა, დაპირისპირება გადავლახეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ისევ იმავე წრეს დაუბრუნდა. რაც ბატონმა ბრაიზამ თქვა, ეს სკეპტიციზმი ჩვენს დასავლელ პარტნიორებში ნამდვილად შეიმჩნევა. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს საბოლოოდ ჩამოყალიბებული და ერთიანი ტრენდია, თუმცა, სამწუხაროდ, სკეპტიკური პოზიციები ძლიერდება და ამაში დამნაშავეები ჩვენ ვართ.

- პროცესების განსაკუთრებული რადიკალიზაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო. ამან, ფაქტობრივად, ისევ გაკრიფა შუა პოლიტიკურ ასპარეზზე. მოგეხსენებათ, სააკაშვილი პატიმარია და ის შიმშილობს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? - ის, რაც დღეს ხდება, არის მართლმსაჯულების სისტემის, ჩვენი პოლიტიკოსების, საზოგადოდ, პოლიტიკური სისტემის გამოცდა. იმ დროს, როდესაც სააკაშვილის შესახებ შეფასებებს უნდა აკეთებდეს მართლმსაჯულება, შეფასებები გვესმის პოლიტიკოსებისგან. მერე გვიკვირს, რატომ აფასებს ვიღაც სააკაშვილთან დაკავშირებულ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად. მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ ვითარების განმუხტვაზე, ისეთი რამეები ხდება, ისეთი განცხადებები კეთდება, ვითარება უფრო იძაბება.

სააკაშვილის ჩამოსვლის დეტალებზე აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ, ფაქტია, არჩევნების მეორე ტურამდე დაძაბულობის პიკი იქნება. სამწუხაროდ, მეორე ტური "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისეთ ბრძოლად გამოაცხადეს, ან ყველაფერი, ან არაფერიო. ისეთი საარჩევნო დაპირისპირების მომსწრენი ვართ, ეს გვაფიქრებინებს, რომ მხარეები უფრო დიდ კონფრონტაციაზეც არიან წამსვლელი. თქვენ სწორად აღნიშნეთ, სააკაშვილის დაბრუნებამ პოლიტიკურ ველზე შუა ისევ მოასუფთავა, მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობისა, რომ ერთობა შექმნას სხვა პოლიტიკურ ძალებთან. ვნახეთ, რომ რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად თბილისის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინეს, მაგრამ ამ ყველაფერს საზოგადოება მაინც ორ პოლუსად აღიქვამს.

მოკლედ, რაც დღეს ხდება, ეს არის ტესტი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ გადავლახავთ ამ დაპირისპირებას. ის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ყოფნა საპყრობილეში უხერხული და პრობლემური საკითხია ქვეყნისთვის, ცხადია. ასე იქნებოდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც. ისიც ცხადია, როდესაც ამ ტიპის პოლიტიკოსზეა ლაპარაკი, როგორც საქართველოს კეთილმოსურნეების, ასევე მისი მტრების ყურადღება გაათმაგებულია. დამერწმუნეთ, ამ ვითარებისგან სარგებლის მიღებას აუცილებლად შეეცდებიან ჩვენი ავის მოსურნეები.

ვნახოთ, რამდენად შეუძლია ქვეყანას კრიზისის დაძლევა, რამდენად მომწიფებული და ფუნქციონირებადია სახელმწიფო ინსტიტუტები იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევა ღირსეულად გადაილახოს. მოკლედ, ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ ფაზაში.

ეს არ არის მარტივი საკითხი. არ არის ლაპარაკი მიხეილ სააკაშვილის ან რომელიმე სხვა ცალკე აღებულ პოლიტიკოსის ბედზე, ჩვენ განვიხილავთ ქვეყნის მომავალსა და იმიჯს. ამიტომ ყველაფერი უნდა კეთდებოდეს, რომ სააკაშვილის საქმის პოლიტიზებაზე არ დაისვას კითხვები.

- მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსებისა და ევროპარლამენტარებისგან ისმის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები, ასევე ვნახეთ მათი ერთობლივი მიმართვა ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებისადმი. აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დასავლეთისგან მხარდაჭერის მასშტაბით დიდად არ არის კმაყოფილი. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც სააკაშვილის საქმის პოლიტიკურ მოტივზე ლაპარაკობენ, პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებად აცხადებენ. - ხშირად დასავლელი მეგობრებისგან ძალიან ბევრს ველით, ისეთ რამეებს, რაც მათი ხელწერა არ არის. მათ სააკაშვილის შესახებ ძალიან მკაცრად განაცხადეს, რომ ელოდებიან სამართლიან სასამართლოს, სადაც ექსპრეზიდენტს ექნება საშუალება თავისი არგუმენტები წარადგინოს. ასევე გამოთქვამენ დიდ იმედს, რომ პროცესი არ იქნება პოლიტიზებული. ახლა ბურთი არის ჩვენს მხარეს და იმისდა მიხედვით, როგორი იქნება ჩვენი ქმედებები, გაკეთდება შესაბამისი შეფასებებიც და გადაიდგმება ნაბიჯებიც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ამდენი პრობლემაა, ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში ვინმე იმაზე ფიქრით იძინებს, რა ხდება საქართველოში, ძალიან ცდება, მაგრამ ამ ყველაფერს შეფასება აუცილებლად მოჰყვება. ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და შემდგომი ნაბიჯები თუ თანამშრომლობის პერსპექტივები ამაზე ბევრად იქნება დამოკიდებული.

იმაზე არ არის ლაპარაკი, უნდა დარჩეს თუ არა ციხეში. ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი პოლიტიკისგან. სამწუხაროდ, დღევანდელი სურათი ამისგან რადიკალურად განსხვავებულია.

- არჩევნების მეორე ტურამდე 10 დღით ადრე "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საზოგადოებას თბილისის მრავალპარტიული, კოალიციური მმართველობის მოდელი შესთავაზა და თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარუდგინა. "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თავისი კოალიციური გუნდი დაასახელა. ამ წარდგენამ გააჩინა განცდა, რომ ქართულ საშინაო პოლიტიკაში რაღაც ახალი იწყება. - ეს მართლაც რაღაც ახალია ქართულ პოლიტიკაში და საინტერესოც ჩანს. არ ვიცი, კონკრეტულად ეს ერთობა რა შედეგს მოიტანს. ნებისმიერი პროექტი რეალურად შეიძლება იქცეს, თუ საზოგადოება მოისურვებს. ვფიქრობ, ოდესმე უნდა მივხვდეთ - ფორმულა, რომ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, დამღუპველია უპირველესად იმავე გამარჯვებულისთვის. საქართველოს ყველა ხელისუფლებას საბოლოოდ ერთი და იგივე პრობლემა წარმოეშვა - მის ხელში აღმოჩენილ ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო.

რაც უნდა ძლიერი იყოს პოლიტიკური სუბიექტი, გარკვეული დროის შემდეგ იღლება და ამ ყველაფერს ვეღარ ზიდავს. ამასთან, როდესაც გადაწყვეტილების ინკლუზიურად მიღების მექანიზმი არ არსებობს და ყველაფერი ერთი გუნდის ხელშია, შეცდომებიც მეტია. ამიტომაც არის ხოლმე, ავირჩევთ ვიღაცას გიჟური პროცენტებითა და დიდი აღტაცებით, თუმცა გავა დრო და ისევ ჩვენ ვითხოვთ მის გადადგომას.

ხელისუფლების გაზიარება არის პასუხისმგებლობის გაზიარებაც და შეკავების პრინციპის რეალიზაციაც. ეს არის ის კულტურა, რაც უნდა ვისწავლოთ. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება. თუ პოლიტიკურ პროცესს აღიქვამთ ისე, თუ წავაგებ, ქვეყანა დაინგრევაო, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად წავა, მაგრამ თუ ვამბობთ, ჩვენ შორის უკეთესმა გაიმარჯვოს და არჩევნების შედეგს პატივს ვცემო, მაშინ წავალთ კოალიციური მმართველობისა და პასუხისმგებლობის განაწილებისკენ. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს შორს ვართ ამ მეორე რაციონალური მიდგომისგან.

ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ გაიგო ერთი რამ - ვინც უნდა იყოს ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, არსებობს ეროვნული ინტერესები, რისთვისაც უნდა ითანამშრომლონ. ჩვენ დღეს წრეგადასული რადიკალური რიტორიკის მომსწრენი ვართ, რაც საზოგადოებას უფრო ხლეჩს და ანაწევრებს.

მეორე ტურის საჭიროება ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ამ ძალებს ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ. შეიძლება ძალიანაც არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეორე მხარეს, რომელსაც მოწინააღმდეგედ თუ მტრად მივიჩნევთ, არცთუ ცოტა მხარდამჭერი ჰყავს. როდესაც ამბობ, რომ ის მეორე მხარე უნდა მოსპო, ამით უპირისპირდები საკუთარი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც შენი მოწინააღმდეგის მომხრეა. ამგვარი დაპირისპირების უფლება კი ყველაზე მეტად სახელისუფლებო ძალას არა აქვს. როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში, შენ ხარ მთელი ქვეყნის ხელისუფლება და არა მხოლოდ შენი მხარდამჭერებისა. ამგვარმა არასწორმა დამოკიდებულებამ შეიძლება ქვეყანა ძალიან მწვავე დაპირისპირებამდე მიიყვანოს. კეთდება უკიდურესად რადიკალური განცხადებები. ერთი შეხედვით ეს საარჩევნო პროცესის კონტექსტში ხდება, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ მეორე ტური დასრულდება და ეს ყველაფერი მორჩება. რადიკალიზაციის დონე ისეთი მაღალია, უცებ ვერ დაიწევს. კი, არჩევნები ერთ კვირაში დასრულდება, მაგრამ ამ სიძულვილისგან ასე მარტივად ვერ გავთავისუფლდებით.

- როგორ ფიქრობთ, ვის აქვს მეორე ტურში გამარჯვების მეტი შანსი? - ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ისწავლეს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ პირველი ტურის შემდეგ და რამდენად მოახერხებენ ამომრჩევლის მობილიზებას. ვფიქრობ, სააკაშვილის ფაქტორი ამ მობილიზაციის კარგ საშუალებად იქცა "ნაციონალური მოძრაობისთვის", თუმცა ხელისუფლებაც არ ყოფილა გულხელდაკრეფილი. ვნახოთ, გააქტიურდება თუ არა ის ამომრჩეველი, რომელიც პირველ ტურზე პასიური იყო და საარჩევნო ურნასთან არ მისულა. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.