"ამ კოალიციას აზრი არა აქვს, მელიას წარმოდგენილი შემოთავაზებით მივიღეთ ძველი "ნაცმოძრაობა"
"რატომ უნდა დაუჯერონ მოქალაქეებმა მელიას, რომელიც დემოკრატიული მმართველობის მოდელებისკენ ისწრაფვის მაშინ, როდესაც პარლამენტის შტურმში მონაწილეობდა"
"კოალიციურ მმართველობას აზრი მაშინ აქვს, როცა ეს ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციაზე არიან. მელიას შემოთავაზებით კი მივიღეთ პრაქტიკულად ძველი "ნაციონალური მოძრაობა". ეს ადამიანები ხომ ისედაც ერთ აზრზე იყვნენ. "ლელოს" რა მოტივაცია აქვს და რატომ მიიღო ამაში მონაწილეობა, არ ვიცი. მიკვირს ხაზარაძის", - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.
- მიუხედავად იმისა, რომ არასამართლიან საარჩევნო გარემოში გვიწევდა მონაწილეობა, მოვახერხეთ და თვითმმართველობის არჩევნებზე მნიშვნელოვანი შედეგი მივიღეთ. ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ხელში გვიჭირავს "ოქროს გასაღები", რაც საშუალებას აძლევს პარტიას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ძალაუფლება დააბალანსოს, არც ერთ მხარეს არ მისცეს ერთმმართველობის სისტემის ჩამოყალიბებისა და ასევე საბოტაჟის საშუალება, რათა ჩიხში შევიდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. ჩვენი შეთავაზების არსი სწორედ ამაში მდგომარეობდა, თუმცა არც ერთი მხრიდან პასუხი არ მიგვიღია.
გამბედაობა ეყოთ და თუ არ არიან თანახმა ამ ღია ფორმატზე, პირდაპირ თქვან. ორივე პარტია თუ შეთანხმდება რომელიმე კანდიდატზე, ჩვენც დავუჭერთ მხარს, რადგან ბევრს ნიშნავს, რომ ორი დაპირისპირებული ძალა მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცაზე შეთანხმდეს. თუმცა ამის პერსპექტივასაც ვერ ვხედავ - არც ჩვენთან მოდიან სალაპარაკოდ და არც ერთმანეთს ელაპარაკებიან.
- მაგრამ არის თქვენი თანაგუნდელების გადაბირების მცდელობა? - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" შეიძლება ჩვენს იმედზე არიან, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ სისტემურ კოალიციას არავის შევუკრავთ. ჩვენს ამომრჩეველს არ ვეტყვით, მეორე ტურში ვის დაუჭიროს მხარი. ჩვენ ვთქვით, რომ გადაწყვეტილებებს კონკრეტული საქმეებიდან და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ.
- მელიას დასახელებულ ჩრდილოვან მთავრობაზე რას ფიქრობთ?
- ჩვენთვის კოალიციური მთავრობა, რომელიც დემოკრატიული მმართველობის ფორმაა, მისაღებია, მაგრამ ჩვენ მივესალმებით რეალურ კოალიციას, მელიას შემოთავაზებულ კოალიციურ მთავრობაზე კი ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს.
- კონკრეტულად? - პირველი - ეს ყველაფერი რამდენად რეალურია და მეორე - რამდენად ქმედითი. რატომ არ გააკეთეს ეს შემოთავაზება პირველ ტურამდე, მაშინ, როდესაც კოალიციური მთავრობის მოდელის შემოთავაზება საკრებულოებშიც იყო შესაძლებელი.
გვეუბნებიან, რომ მომავალზე არიან ორიენტირებული, არადა, დაკომპლექტებული არიან იმ პირებით, რომლებიც გუშინ ერთი პარტიის შემადგენელი ნაწილი იყო, "ლელოს" გარდა.
- ჰქონდა თუ არა მელიას თქვენს პარტიასთანაც შემოთავაზება?
- ჩვენი პარტია ამაში არ მონაწილეობს. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ამ კოალიციაში არ შევალთ იმ კითხვის ნიშნებიდან გამომდინარე, რომლებიც გვაქვს. "ნაცმოძრაობაში" ჩამოუყალიბებელი პოზიციები აქვთ. საერთოდ, ვინ რას მართავს, რა როლი აქვს მელიას, სააკაშვილს, ერთმანეთთან დაპირისპირებაც შეინიშნება. მაგალითად, რატომ უნდა დაუჯერონ მოქალაქეებმა მელიას, რომელიც ამბობს, რომ ერთპარტიული მმართველობა მიუღებელია და დემოკრატიული მმართველობის მოდელებისკენ ისწრაფვის მაშინ, როდესაც პარლამენტის შტურმში მონაწილეობდა.
- გასაგებია, რომ არ ეთანხმებით, მაგრამ კონსულტაციები თუ გქონდათ? - არანაირი საუბარი "ნაცმოძრაობასთან" და არც წარდგენილ რომელიმე პარტიასთან არ გვქონია.
- გამოდის, "მოგტეხეს", ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას ასეთი შთაბეჭდილება რჩება. - კი არ "მოგვტეხეს", სასიკეთო საქმე გაგვიკეთეს, რომც ყოფილიყო შემოთავაზება არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდით. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა.
- ანუ კონკრეტულად რომელი ძალაა თქვენთვის ამ კოალიციაში მიუღებელი?
- საუბარი არ არის კონკრეტულ პირებზე, მთლიანობაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს. კოალიციურ მმართველობას აზრი მაშინ აქვს, როცა ეს ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციაზე არიან, მელიას წარმოდგენილი შემოთავაზებით კი მივიღეთ პრაქტიკულად ძველი "ნაციონალური მოძრაობა". ეს ადამიანები ხომ ისედაც ერთ აზრზე იყვნენ. "ლელოს" რა მოტივაცია აქვს და რატომ მიიღო ამაში მონაწილეობა, არ ვიცი. მიკვირს ხაზარაძის... დანარჩენები ისედაც "ნაცმოძრაობის" თანამოაზრეები იყვნენ. ასე რომ, ამ კოალიციას აზრი არა აქვს. ის პარტიები ძალიან დიდი ხანია "ნაცმოძრაობის" ქოლგის ქვეშ არიან. ეს დაადასტურა წინასაპარლამენტო არჩევნებმაც. რა ნაბიჯსაც გადადგამდა სააკაშვილის გუნდი, იმას აკეთებდა დანარჩენი ოპოზიციაც. ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული დღის წესრიგი გვაქვს. გვინდა სრულფასოვან პოლიტიკურ პარტიად ჩამოვყალიბდეთ, რისი პოტენციალიც გვაქვს. ამის პოტენციალი გააჩინა უპირველესად თვითმმართველობის არჩევნებმა. ამიტომ ამ ყველაფერში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია.
- საინტერესოა თქვენი პროგნოზი, რა მოხდება არჩევნების მეორე ტურში?
- პროგნოზებს არ გავაკეთებ, მაგრამ ხელისუფლებას საქმე კარგად არ მისდის. პრემიერმა ყველა ზღვარს გადააბიჯა და დააშანტაჟა ამომრჩეველი, როცა უთხრა, თუ ოპოზიციის კანდიდატს მისცემთ ხმას, ცენტრალური ხელისუფლება მაინც არ მისცემს მართვის საშუალებას, რადგან საბოლოოდ ყველაფერს "ოცნება" მართავსო. ღარიბაშვილისთვის სახელმწიფოს მართვის მოდელი, დეცენტრალიზაცია, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ პარტიული ერთპიროვნული მმართველობა.
- თბილისში მელიას ჩრდილოვან მთავრობას თუ აქვს გამარჯვების შანსი? - დრო აჩვენებს, მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა და უკვე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. პირადად მე მათ სანდოობაზე მაქვს კითხვები და, ალბათ, იმავე აზრზე იქნება საზოგადოებაც. ეს წინადადება გაცილებით რეალისტური იქნებოდა, თუ ამას გააკეთებდნენ პირველ და არა მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე.
- ვადამდელ არჩევნებს თუ ელოდებით?
- ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია თუნდაც იმ ისტერიკის გამო, რომელშიც ხელისუფლება იმყოფება. დღეს ისეთ აგონიაში არიან, რომ უკვე ხმებს იხვეწებიან. ამ პარტიას პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია, მის არც ერთ გადაწყვეტილებას ნდობა არა აქვს.