"სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" წყევლად იქცა"
"სააკაშვილი თავისი გატაცების სცენებს დგამდა და რევოლუციისთვის ემზადებოდა. ამის შემდეგ მის მშვიდობიან გეგმებზე საუბარი ფარსია"
ამერიკელები და ვეროპელი ლიდერები რომ ქართველების შიდაპოლიტიკური დაპირისპირებით უკვე ძალიან შეწუხდნენ და დაიღალნენ, ამას ხან შეფარვით მიგვანიშნებენ, ხანაც პირდაპირი, ხისტი განცხადებებით. სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საფრთხეა და ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. "არჩევნების დროს ორივე მხარემ გაუშვა შესაძლებლობა და არ გაითვალისწინა ქართველი ამომრჩევლის სურვილები. პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან პოლარიზებულია. არჩევნებამდე ხშირი იყო მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური პირების დაპირისპირების შემთხვევები. ბოლო დროს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება შეინიშნება. ვფიქრობ, ევროპა და ამერიკა დაიღალნენ. ისინი არ ჩაერევიან ქვეყნის შიდა დაპირისპირებებში, რომლებიც ძალიან შემაწუხებელია. ქართველმა პოლიტიკოსებმა - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც - მუდმივი დაპირისპირების ნაცვლად ერთობლივად უნდა იმოქმედონ", - განაცხადა ბრაიზამ. რას ფიქრობს დასავლელი მეგობრების კრიტიკაზე მმართველი გუნდი, როგორ აფასებს ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესებს და რა სტრატეგია აქვს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მოსაგებად, ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი გვესაუბრება:
- "ქართულმა ოცნებამ" წელსაც ისეთივე მხარდაჭერა მიიღო ქართველი ხალხისგან, როგორიც გასულ წლებში ჰქონდა. ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა, ტყუილებმა და ინტრიგებმა ძალიან შეაწუხეს ევროპელები და ამერიკელები. ასეთი კრიტიკული განცხადება მათგან პირველად არ გვესმის. გამოსავალი ერთადერთია - დემოკრატია და დემოკრატიული არჩევნის მიღება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი "ქართული ოცნებისთვის" მეორე ტურში დამაჯერებლად მოგება, რათა ოპოზიციას დესტრუქციისთვის საბაბი არ მიეცეს. არჩევნების შემდეგ ჩვენ გავიხედავთ მხოლოდ წინ, "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგს აღარასდროს ავყვებით.
- რას იტყვით, ოპოზიციის კოალიციასა და ჩრდილოვან კაბინეტზე, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ლელომ", "დროამ" და "გირჩმა" წარმოგვიდგინეს? - ამ კოალიციაში ახალი არაფერია. პირველ ტურშიც ხომ იყვნენ ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია?
- პირველ ტურში მათ კოალიციაში არ იყო "ლელო". - "ლელოც" მათთან იყო, უბრალოდ, სტრატეგიულად გადალაგ-გადმოლაგდებოდნენ ხოლმე. ამ პოლიტიკურმა ძალებმა ისე გაატარეს მთელი წინასაარჩევნო კამპანია, რომ მუნიციპალიტეტებსა და მის საჭიროებებზე არც უფიქრიათ.
გამოაცხადეს რეფერენდუმი, რომელიც წააგეს და ახლა ცუდი რესტორნის შეფ-მზარეულებივით იქცევიან, სურთ მორჩენილი კერძი თავიდან შეაზავონ და ისე მოგვყიდონ. ამ ხალხს ამდენი ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია და ათ დღეში აპირებს პროგრამის შემუშავებას?!
- ამომრჩევლისთვის შეიძლება ერთობ მაცდურად გამოიყურებოდეს მრავალპარტიული მმართველობა, რომლის შემადგენლობაში მყოფი სხვადასხვა პარტიის წევრები ერთმანეთს ბიუჯეტის გაფლანგვის, კორუფციის და ნეპოტიზმის საშუალებას არ მისცემენ. - პრობლემა ის არის, რომ ამ ხალხს არ აინტერესებს მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რაღაცით ხომ უნდა ახსნან, თუ რატომ არიან მეორე ტურში. სინამდვილეში მთელი მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყნის არევა და ძალაუფლების დაბრუნებაა. ამასთან, მათ სურთ სააკაშვილის გამოხსნა ციხიდან.
- კოალიციის ზოგიერთი წევრი სააკაშვილის ციხიდან გამოსვლას კი არა, სამართლიან სასამართლოს ითხოვს. - რაში ედება უსამართლოდ ბრალი სააკაშვილს, გირგვლიანის წამების თუ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში? გელაშვილის ცემის საქმეზე ვანო მერაბიშვილმა უკვე მოიხადა სასჯელი, ბაჩო ახალაია დღემდე ციხეში ზის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაიხედონ, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი შეუშალა მართლმსაჯულების აღსრულებას.
- სააკაშვილი ციხეშიც და ციხის გარეთაც იქცა თუ არა მმართველი გუნდის დიდ პრობლემად? - სინამდვილეში სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წყევლად იქცა.
"ნაციონალი" ლიდერები ხვდებიან, რომ სააკაშვილის გარეშე ელექტორალური მხარდაჭერა არა აქვთ, სააკაშვილთან ერთად კი ვერასდროს ჩამოყალიბდებიან დემოკრატიულ და პროგრესულ პოლიტიკურ ძალად.
- რას იტყვით სააკაშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე, საიდან მოხვდა "ტელეიმედის" ხელში? - მესმის ოპოზიციის გულისტკივილი, ეს ჩანაწერი მათ ლიდერს პოზიტიურად ნამდვილად არ წარმოაჩენს. შესაბამისად, სურთ აქცენტი სხვა მიმართულებაზე გადაიტანონ და იმაზე იდაონ, თუ საიდან და როგორ მოხვდა ჩანაწერები "იმედის" ეთერში. ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია არაფერი იმალება. მთავარი ის არის, რომ სააკაშვილი თავისი გატაცების სცენებს დგამდა და რევოლუციისთვის ემზადებოდა. ამის შემდეგ მის მშვიდობიან გეგმებზე საუბარი ფარსია.
- ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, არჩევნების დასრულების შემდეგ სააკაშვილს ან შეიწყალებენ, ან უკრაინას გადასცემენ. - შეწყალებაზე პრეზიდენტმა მკაფიო უარი თქვა. პრემიერმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი ისედაც დიდხანს ემალებოდა მართლმსაჯულებას და ახლა დანაშაულს კიდევ დანაშაული დაამატა - საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. შესაბამისად, მის გათავისუფლებას არავინ აპირებს. რაც შეეხება პეტიციებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ვინც ხელს აწერს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, შეურაცხყოფს რეჟიმის მსხვერპლთ და პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას.
ხათუნა ბახტურიძე