"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე დღეს მელიაა, ჩვენ მასთან შევთანხმდით, სააკაშვილი არ არის პარტიის თავმჯდომარე"
"მოსახლეობის 65% უპირატესობას კოალიციურ მრავალპარტიულ მმართველობას ანიჭებს. ჩვენი ამომრჩეველიც გვეუბნება, რომ მრავალპარტიული მმართველობა ურჩევნია ერთპარტიულს. საუბარია ერთპარტიულ "ოცნებაზე" ან მრავალპარტიულ მმართველობაზე, სადაც "ლელოს" მნიშვნელოვანი საკვანძო პოზიციები აქვს", - ამბობს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. საინტერესოა, რას მოუტანს ნიკა მელიას მოადგილეობა მამუკა ხაზარაძეს და საზოგადოდ, "ლელოს", თუ თბილისში მეორე ტურს "ნაციონალი" კანდიდატი მოიგებს და რა მოხდება, თუ კახა კალაძე ოპოზიციის კანდიდატს დაამარცხებს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება:
- არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენი პარტიის ან სხვა პარტიის მხარდამჭერს ეთქვას, რომ მხარს უჭერს ერთპარტიულ მმართველობას. ჩვენ ვართ მრავალპარტიული მოდელის მხარდამჭერები და მონაწილეები.
- თქვენს ელექტორატს შორის ნამდვილად არიან მოქალაქეები, რომელთათვისაც "ნაციონალური მოძრაობა" პრინციპულად მიუღებელია. - დიახ, არიან, მაგრამ მათთვის "ნაცმოძრაობა" პრინციპულად მიუღებელია ერთპარტიული მმართველობის პირობებში. "ნაცმოძრაობა" არსებობს პოლიტიკურ ველზე და ის ვერ გაქრება. ხალხს უკვე მძაფრი პროტესტი აქვს "ოცნების" ერთპარტიული მმართველობის მიმართ. ალტერნატივა რა არის? მრავალპარტიული მოდელი. ასეთი მოდელი კი ნიშნავს იმ პოლიტიკური ძალების შეთანხმებას, რომლებიც დღეს ქმნიან პოლიტიკურ ველს, პოლიტიკურ ველზე კი არიან "ნაცმოძრაობაც", "ლელოც", "დროაც" და "გირჩიც"...
- თქვენი კოლეგა პოლიტიკოსები, მაგალითად, იაგო ხვიჩია, სვამენ კითხვას: რატომ უნდა სურდეს ხაზარაძეს მელიას მოადგილეობა? - მოადგილეობის სურვილი რა შუაშია, საქმე ეხება დედაქალაქის ერთობლივ მართვას. ათი გამგებლის კანდიდატიდან ხუთი "ლელოს" წარმომადგენელია. ხაზარაძის მთავრობაში ყოფნა პირდაპირ ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და ინვესტიციებს. საქმეში თავიანთ წვლილს შეიტანენ ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარიაც. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ ვის რა გვინდა, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სჭირდება თბილისს. საჭიროა ერთობლივი მართვა, სადაც ადამიანებს ერთმანეთის გაკონტროლების საშუალება ექნებათ.
- "ოცნების" ლიდერებმა თქვენს ერთობლივ მოდელს სიყალბე უწოდეს. მაგალითად, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერის მოადგილეებს ამტკიცებს საკრებულო, საკრებულო კი უკვე "ოცნებას" აქვს მოგებული. - მერი ნიშნავს თავის მოადგილეს. საკრებულოს შეუძლია არ დაამტკიცოს, მაგრამ ის ერთხანს მაინც აგრძელებს მუშაობას. სამი თვის შემდეგ მერი კვლავ წარადგენს იმავე კანდიდატურას იმავე ან სხვა პოზიციაზე.
- თუ საკრებულო არც ერთ ჯერზე არ დაამტკიცებს მერის კანდიდატს? - მერის დანიშნული მოადგილეები იმუშავებენ მანამდე, სანამ საკრებულოში "ოცნება" უმცირესობად არ გადაიქცევა.
კოალიციური მმართველობის გამარჯვებისთანავე მერი დაუყოვნებლივ დანიშნავს მოადგილეებს და ისინი შეუდგებიან მუშაობას. "ოცნება" თუ საბოტაჟის გზას აირჩევს, მერიის მუშაობას მაინც ვერ შეაფერხებს.
- პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატიც რომ გავიდეს, მთავრობის გარეშე მას პერსპექტივა არა აქვს. - ყველას მოუწევს კონსტიტუციის მიხედვით მოქმედება, კონსტიტუცია კი გამორიცხავს რეგიონებში ცენტრალური ხელისუფლების საბოტაჟს. თუ ღარიბაშვილი კონსტიტუციას დაარღვევს, პოლიტიკურ კარიერას ცუდად დაასრულებს.
- რა იქნება მაშინ, თუ კახა კალაძე კოალიციურ კანდიდატს დაამარცხებს? - ასეთ ვერსიას არ განვიხილავთ.
- "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ახალი ოპოზიციური კოალიციის პრეზენტაციაზე არავინ ახსენა სააკაშვილი. - ჩვენ ვსაუბრობთ თბილისის მრავალპარტიულ მმართველობაზე, სააკაშვილის პატიმრობა და პოლიტიკური მართლმსაჯულება კი სულ სხვა საკითხია. "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ ამ თემების ერთმანეთში აღრევას, რათა ამომრჩეველი დააბნიონ. დედაქალაქის ერთობლივ მართვაზე შევთანხმდით ის პარტიები და ლიდერები, რომლებიც პრეზენტაციაზე წარვდექით საზოგადოების წინაშე. სააკაშვილის პატიმრობა და პოლიტიზებული მართლმსაჯულება სულ სხვა პრობლემაა, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაიჭრება. ჩვენ წინ თვითმმართველობის მეორე ტური გველის, სადაც ოპოზიცია მრავალპარტიული მართვის მოდელებით წარდგება.
- "ლელო" ერთხელ უკვე არ შეუერთდა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით "ნაციონალების" აქციას. მათ ასეთი აქციების გამართვა, სავარაუდოდ, კიდევ მოუწევთ. თქვენი პოზიცია როგორი იქნება? - ჩვენ ახლა ერთპარტიულობა უნდა დავამარცხოთ და დავასრულოთ "ოცნების" ჰეგემონია. არავინ ამბობს, რომ "ოცნება" პოლიტიკური ველიდან უნდა გაქრეს, არა, უბრალოდ, ერთპარტიულობა უნდა დასრულდეს. იმ ქალაქებში, სადაც "ნაცმოძრაობის" ან სხვა ოპოზიციური პარტიის კანდიტატები მეორე ტურში გადავიდნენ, მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ მრავალპარტიული მართვის მოდელი და მივცეთ შედარების გაკეთების საშუალება. გვერდზე უნდა გადავდოთ, პარტიული, კერძო, პიროვნული ინტერესები და საერთო საქმეზე ვიფიქროთ. რაც შეეხება "ნაცმოძრაობას",
რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება ჩაატაროს აქცია თუ მიტინგი საკუთარი ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით. თუ გადაწყვეტენ კიდევ ჩატარებას, ჩაატარონ, მაგრამ კოალიციური მართვა სულ სხვა რამეა - ეს გულისხმობს ქვეყანაში ცვლილებებსა და ქალაქების მრავალპარტიულ მართვას. ამ ორი თემის ერთმანეთში აღრევა არ ეგების.
- ამგვარი კოალიციის შექმნა იქნებოდა თუ არა შესაძლებელი, ან თქვენ იქნებოდით ამ კოალიციაში წარმოდგენილი, სააკაშვილი ციხეში რომ არ იყოს? - "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე დღეს მელიაა. ჩვენ მასთან შევთანხმდით. სააკაშვილი არ არის პარტიის თავმჯდომარე, ის უკრაინის მოქალაქეა და საპატიმროშია.
ნიკა მელიას სურვილი რომ არ ყოფილიყო მრავალპარტიული მოდელი და გამგებლების პოზიციებზე სხვა პარტიების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ დომინანტურად, ეს შეთანხმება ვერ შედგებოდა. Eეს მოცემულობა მიუთითებს, რომ ნიკა მელია ახალი თაობის პოლიტიკოსია.
ხათუნა ბახტურიძე