"ნაცმოძრაობასთან" ნებისმიერი თანამშრომლობა წაგების საწინდარია" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობასთან" ნებისმიერი თანამშრომლობა წაგების საწინდარია"

რატომ "მოტეხა" მელიამ "გირჩი" და ემუქრება თუ არა საფრთხე ოპოზიციის პოლიტიკურ მომავალს, თუ არჩევნების მეორე ტური წააგო, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" იაგო ხვიჩიას ესაუბრა:

- ჩრდილოვანი კაბინეტი იქნება თუ არა წარმატებული, არჩევნებზე გამოჩნდება. "ოცნების" მმართველობის მეცხრე წლისთავზე მივიღეთ ისევ ბიძინასა და მიშას ირგვლივ კონცენტრირებული თავკომბალა.

მეორე ტურს არსებული პრაქტიკით "ოცნება" იგებს. "ნაცმოძრაობასთან" სხვა პარტიების გათქვეფამ, წესით, უნდა გამოიწვიოს ცვლილება და გაიმარჯვოს ოპოზიციამ, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩანაფიქრი აქვთ კოლეგებს, თუმცა მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ და სხვა ტიპის ტაქტიკურ ბრძოლას მივანიჭებდი უპირატესობას.

- ანუ მელიამ და მთელმა ოპოზიციამ ტაქტიკურად მცდარი ნაბიჯი გადადგეს? - რასაც ოპოზიცია გაერთიანებას უწოდებს, სინამდვილეში "ოცნების" მიერ მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთმანეთში აზელა და მათთვის "ნაცმოძრაობის" იარლიყის მიკერებაა. ამით გამოდის, რომ ყველა პარტია "ნაცმოძრაობაა", რაც "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

- რატომ არ აღმოჩნდა მელიას და დანარჩენი ოპოზიციის გვერდით თქვენი ადგილი? - არ მოგვწონს მიშა-ბიძინას თამაში და სულ სხვანაირი სიახლეები და კონკრეტული საკითხები გვაინტერესებს. თუმცა ამ არჩევნებზე არ აღმოჩნდა ჩვენი ადგილი. ეს არჩევნები კლასიკურად სააკაშვილისა და კონკრეტულად "ნაცმოძრაობის" იყო.

- ისე გქონდათ შემოთავაზებები? - არა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რომ ტყუილად დრო არ დავაკარგვინოთ.

- ხაზარაძის მოადგილეობაზე რას ფიქრობთ? - ვერ წარმომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა სურდეს. ჩემი აზრით, ბევრად ამბიციური უნდა იყოს ხაზარაძე მისი წარმატებული კარიერიდან გამომდინარე.

- ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძეზე რას იტყვით? - არ ვიცი, რა თამაში მიდის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ჩემთვის პირადად ეს მიუღებელია, თუმცა ჩემს კოლეგებს წარმატებას ვუსურვებ.

- რატომ არის მიუღებელი? - სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობასთან" ნებისმიერი თანამშრომლობა წაგების საწინდარია. ოპოზიციას ამაზე დიდი საფრთხე რა უნდა დაემუქროს.

- თუ მელიამ გაიმარჯვა, როგორ წარმოგიდგენიათ საკრებულოში "ოცნება" იყოს უმრავლესობაში, ქალაქის მმართველი კი ოპოზიციონერი? - შერიგება და თანამშრომლობა ყოველთვის შესაძლებელია, მაშინაც კი, თუ მელია მოიგებს არჩევნებს. უბრალოდ, სხვა საკითხია, როდესაც მხარეებს არ აწყობთ შერიგება. ამ არჩევნების შემდეგ გავარკვევთ, ეს ოპოზიციური გაერთიანებები არის თუ არა მომგებიანი, სწორია თუ არა და ა.შ. "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის სააკაშვილის ფაქტორი რაღაცის გარკვევაში აუცილებლად დაგვეხმარება.

- სხვათა შორის, მელიას პრეზენტაციაზე სააკაშვილი ერთხელაც არ უხსენებია. - არ მაინტერესებს რომელიმე პარტიის ნახევარსაათიანი საუბრები.

- ვადამდელ არჩევნებს თუ ელოდებით? - არა, თუმცა ვგულშემატკივრობ.