"რაც უნდა დაპირისპირებული იყვნენ მელია და სააკაშვილი, ყველაფერს გააკეთებენ, რომ არჩევნების დასრულებამდე ეს არ გამომზეურდეს"
ახალი ოპოზიციური კოალიცია, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ახალი ვიდეოჩანაწერები და ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი - ასეთია პოლიტიკური რეალობა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ცოტა ხნის წინ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა. არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მთავრობაში თანამდებობები ასე გადანაწილდება: თბილისის მერის მოადგილეები: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე. ამასთან, მელიამ საქალაქო სამსახურების სხვა ხელმძღვანელებისა და გამგებლობის კანდიდატებიც დაასახელა. გუნდში რამდენიმე უპარტიო წევრია, დანარჩენები კი "ნაციონალურ მოძრაობას", "ლელოს", "ევროპულ საქართველოს", "დროას", "გირჩს" და "ერთიან საქართველოს" წარმოადგენენ. მმართველმა გუნდმა ეს ყველაფერი უაზრო თამაშებად მიიჩნია და მეორე ტურისთვის კახა კალაძის უპირობო გამარჯვება დააანონსა. როგორც "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, მეორე ტურისთვის თბილისსა და სხვა ქალაქებში სრული მობილიზება აქვთ გამოცხადებული. ყოველივე ამის კვალდაკვალ ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ რძის პროდუქტებით დატვირთულ სატვირთოში მიხეილ სააკაშვილი თავისი გატაცების სცენარზე საუბრობს. რა შედეგი შეიძლება მიიღოს ახალმა კოალიციამ, რას უნდა ველოდოთ მეორე არჩევნების მეორე ტურისგან და როგორ შეიცვლება პოლიტიკური ვითარება რამდენიმე დღეში, ამის შესახებ ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება:
- არა მგონია, ამ კოალიციის ლიდერები სერიოზულად განიხილავდნენ, თუ როგორ უნდა მართონ თბილისი არჩევნების შემდეგ. მათთვის მთავარია არჩევნების მოგება.
ჩემი აზრით, სწორედაც არჩევნების მოგებისთვის შეიქმნა კოალიციური მმართველობის მოდელი, რომელიც უდავოდ საინტერესოა. უბრალოდ, ოპოზიციონერ ლიდერებს იმაზე ფიქრის დროც კი არ ჰქონდათ, თუ როგორ უნდა იმუშაოს ამ მოდელმა. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ტექნიკურ-ადმინისტრაციული საკითხი. ლოგიკურიცაა, ჩვენთან ხომ არჩევნები ყოველთვის სამოქალაქო ომს ჰგავს. ახლაც სამოქალაქო ომია, მადლობა ღმერთს, უიარაღოდ.
- სავარაუდოდ, სწორედ ამ მოდელის ეფექტიანობაზეა დამოკიდებული ოპოზიციური ძალების შემდგომი წარმატება საპარლამენტო არჩევნებში - ვადამდე ადრე დაინიშნება ის თუ განსაზღვრულ დროში. - გასაგებია, მაგრამ ამ ეტაპზე მოსახლეობას არ აინტერესებს, როგორ მართავს ეს ხალხი ერთად თბილისს. ამომრჩეველი გაერთიანებას პოზიტიურად აღიქვამს, ამასთან, იმედი აქვს, რომ ხმები დაჯამდება.
- შესაძლებელია, რომ ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ზურა ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ხმები დაჯამდეს? - სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ხმები ავტომატურად დაჯამდეს, ყველა ვერ დაჯამდება - ხაზარაძის ყველა მომხრეს მელია არ მოსწონს, ისევე როგორც მელიას ყველა მომხრეს არ მოსწონს ხაზარაძე, ჯაფარიძე და ხოშტარია. თუმცა მეორე ტურისთვის ხმების ნაწილი მელიას მაინც მიემატება.
- მელიამ განაცხადა, რომ მეორე ტურის მოგების შემთხვევაში უარს იტყვის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. მის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა პრემიერი ღარიბაშვილი და თქვა, რომ სააკაშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს პარტიის თავმჯდომარეობიდან მელიას გადაყენება და ეს მელიას პრევენციული განაცხადი იყო. თქვენი აზრით, რა ხდება ახლა მელიასა და სააკაშვილს შორის და საერთოდ, "ნაციონალურ მოძრაობაში"? - არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილს რაღაც ინფორმაცია ჰქონდეს... რა თქმა უნდა, რაც უნდა დაპირისპირებული იყვნენ მელია და სააკაშვილი, ყველაფერს გააკეთებენ, რომ არჩევნების დასრულებამდე ეს არ გამომზეურდეს.
- მაგრამ მელიამ საჯაროდ თქვა, "ნაცმოძრაობის" ზოგიერთი წევრი ივანიშვილზე მეტად მე ვერ მიტანსო. ამასთან, თვალში საცემი იყო, რომ კოალიციური მოდელის პრეზენტაციის დროს სააკაშვილი ერთხელაც არ უხსენებია. ნიკა მელია სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირებას ხომ არ ცდილობს? - არ ვიცი, მელიამ ეს რატომ თქვა, შეიძლება შუაშისტების გულის მოსაგებად? იმ შემთხვევაში, თუ მელია გულწრფელი იყო და "ნაციონალების" ერთი ნაწილი მას მართლა ვერ იტანს, მაშინ მასა და მიშას შორის მართლაც დაპირისპირებაა. თუ ბოლოდროინდელი პროცესების შედეგად სააკაშვილის ერთგულ ამომრჩეველსაც ისეთივე შთაბეჭდილება შეექმნა, როგორიც თქვენ, და მათაც იფიქრეს, რომ მელია სააკაშვილს განუდგა, შესაძლოა მელიამ ამ არჩევნებში "ნაციონალების" დიდი ნაწილის ხმები დაკარგოს.
- თუმცა მიიმხრობს იმათ, რომლებსაც "ოცნება" არ მოსწონთ, მაგრამ სააკაშვილს ვერ იტანენ. - კი ბატონო, ამ კოალიციის პრობლემა ის არის, სააკაშვილის ერთგული ამომრჩევლის გარეშე იმდენ ხმას ვერ კრებენ, რომ "ოცნების" დამარცხების პერსპექტივა გაჩნდეს. აშკარად ბალანსის დაცვა სურთ, ცდილობენ სააკაშვილი არ გასწიონ გვერდით, მაგრამ შუაშისტების ხმებიც მოიზიდონ. სახიფათო თამაშში არიან ჩაბმული და დიდი რისკია, რომ გადაიმტერონ "ნაცმოძრაობის" ის ამომრჩეველი, რომლებისთვისაც მიშაა პირველი და სხვა არაფერი აინტერესებს.
- "ლელოს", "დროას" და "გირჩი - ზურა ჯაფარიძეს" რას უნდა აძლევდეს ეს კოალიცია და როგორი იქნება მათი პერსპექტივა, თუ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი მათ ყველას ერთად მოუგებს არჩევნებს?
- მათ თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში დაინახეს საფრთხე იმისა, რომ შეიძლება პატარ-პატარა პარტიები საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური სცენიდან. სხვა რა გამოსავალი ჰქონდათ? დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ვერ ჩამოყალიბდნენ და დაწყვილდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან".
- "სტრატეგია აღმაშენებელი" ვერ ხედავს ასეთ საფრთხეს?
- არ ვიცი, მათი სტრატეგია ჩემთვის გაუგებარია. ჯერ შექმნეს ბრენდი "აღმაშენებელი", შემდეგ ზემოდან დაამატეს "მესამე ძალა", რითაც საბოლოოდ დააბნიეს ამომრჩეველი. როდესაც ერთ წარმატებულ ბრენდს შექმნი, მეორე უაზროდ არ უნდა გადააწებო. "სტრატეგია აღმაშენებელმა" უდავოდ კარგად იმუშავა და რატომ დაუშვა ასეთი შეცდომა, გაუგებარია.
- არჩევნებამდე სამი დღით ადრე სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, პირველი ტურის შედეგები სხვაგვარი იქნებოდა? - სააკაშვილის ჩამოსვლამ შეაგულიანა "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი და დიდი დარტყმა მიაყენა პატარ-პატარა პარტიებს, მათ შორის გახარიას პარტიასაც. პოლარიზებული გარემო ისედაც იყო, სააკაშვილმა კი გააღრმავა.
- შეიძლება ითქვას, რომ გახარიას დღეს ოქროს გასაღები უჭირავს. თქვენი აზრით, როგორი იქნება მისი საბოლოო გადაწყვეტილება? - გახარია კი ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და თითქოს განზე დგას, მაგრამ აკეთებს განცხადებებს, რომ სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს. ეს მისი ამომრჩევლისთვის ერთგვარი სიგნალია - თუ წახვალთ არჩევნებზე, ხმა არ უნდა მისცეთ "ნაციონალურ მოძრაობასო".
- სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანსა და გეგმებზე არაერთი ვერსია, მოსაზრება და კითხვა გაჩნდა. ექსპრეზიდენტის შესახებ ახლახან გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა ამ საქმეში მეტი სიცხადე ხომ არ შეიტანა? - ის სიცხადე შეიტანა, რომ სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ემზადებოდა და არ გამორიცხავდა, რომ გზაშივე დაეჭირათ. ის სპეცსამსახურებსაც ახსენებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სურდა რუსებისთვის დაებრალებინა თავისი გატაცება.
- ვისაც უნდა გაეტაცებინა სააკაშვილი, ტელეფონს ყველა წაართმევდა და ვიდეოს როგორ გაავრცელებდა, სად არის ლოგიკა? - დიახ, არ არის დამაჯერებელი, თუმცა არ ვიცი, თავად რას ფიქრობდა. რაც შეეხება ჩემს ვერსიას მის ჩამოსვლაზე, არ შემიცვლია. დღესაც ასე ვფიქრობ -
ჩამოვიდა, რადგან ჩათვალა, რომ მისი ჩამოსვლის გარეშე არჩევნების მოგების შანსი ისეთივე ნულოვანი იქნებოდა, როგორიც აქამდე იყო. იფიქრა, რომ თავისი ჩამოსვლით "ოცნებას" მაგიდას აუყირავებდა. ეს ვერ მოახერხა, რადგან არჩევნებამდე დაიჭირეს. დარწმუნებული ვარ, ეგონა, თუ დაიჭერდნენ ასი ათასამდე კაცი გამოვიდოდა ქუჩაში, მაგრამ ასე არ მოხდა. იყო ერთჯერადი გამოსვლა, ისიც "ნაცმოძრაობის" კარგად ორგანიზებული. სააკაშვილმა აშკარად ვერ გათვალა რაღაცები. ვიდეოჩანაწერში, რომელიც დაჭერამდე გაავრცელა, აშკარად ამბობს, ვიკრიბებით ასიათასობით ადამიანი არჩევნების შემდეგო.
- თუ ციხეში მოხვედრას გამიზნულად არ ცდილობდა, ვიდეოჩანაწერებს რატომ ავრცელებდა და ამით შესაბამის სამსახურს მინიშნებებს რატომ აძლევდა?
- არავისაც არ აძლევდა მინიშნებებს, უბრალოდ, ძალიან თავდაჯერებული იყო, ეგონა, ვერ დაიჭერდნენ. იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ მთელი საქართველო გარეთ გამოვიდოდა, როგორც კი მის ჩამოსვლას გაიგებდნენ.
ეს რომ არ მოხდა და რაღაც სამარცხვინო აქცია ჩატარდა, მიხვდა "ნაციონალური მოძრაობა", რომ აქცია თავად უნდა გაემართათ. გამართეს კიდეც მართლაც დიდი აქცია, მაგრამ მაქსიმალური მობილიზებით.
- თუმცა აქცია იმავე საღამოს დაშალა მელიამ. როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რესურსი არ ჰქონდა აქციის გასაგრძელებლად თუ მის დღის წესრიგში არ დგას სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება? - აქციის გაგრძელებას ხანგრძლივი ბრძოლისთვის მზადყოფნა, ფული და ათასი სხვა რესურსი სჭირდება. კარვებში გამოკეტილ ხალხს, ბოლოს და ბოლოს, ჭამა მაინც უნდა. აქვს თუ არა "ნაცმოძრაობას" ამდენი ფული, ნამდვილად არ ვიცი.
- რას ელით მეორე ტურისგან, როგორ იმუშავებს კოალიციური ერთობის სტრატეგია? - კოალიციური ერთობის მიუხედავად, ვფიქრობ, თბილისში გამარჯვებისთვის კალაძეს უფრო მეტი შანსი აქვს, იმიტომ, რომ დედაქალაქში "ნაციონალური მოძრაობის" ანტირეიტინგი ძალიან მაღალია, გაცილებით მაღალი, ვიდრე სამეგრელოსა და აჭარაში.
- როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი, თუ ბათუმსა და ზუგდიდს ოპოზიციის კანდიდატები მოიგებენ? - ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. პირიქით, "ოცნების" ლიდერი რომ ვიყო, ვიტყოდი, ზოგიერთ ქალაქში ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვება კარგია, ეს დემოკრატიის ნიშნების გაჩენაზე მეტყველებს-მეთქი. სამწუხაროდ, ამის მოლოდინი არა მაქვს. "ოცნება" "ნაციონალებს" აბსოლუტურ ბოროტებად აცხადებს, "ნაციონალები" კი "ოცნების" ლიდერებს კრემლის მონებად. სადაც ოპონენტები ერთმანეთს ასე ამკობენ, იქ კომპრომისი შეუძლებელია, კომპრომისების გარეშე კი პოლიტიკა არ კეთდება. პოლიტიკა რომ კომპრომისების ხელოვნებაა, ეს ყველამ ვიცით.
- მეორე ტურის შედეგები არის თუ არა სააკაშვილის ბედის განმსაზღვრელი? - აუცილებლად. თუ მეორე ტური "ოცნებამ" პირწმინდად მოიგო, გამოდის, მიშა ტყუილად ჩამოვიდა საქართველოში და ტყუილად აღმოჩნდა ციხეში.
- ფიქრობთ, სასჯელს ბოლომდე მოიხდის? - არა მგონია, ან შეიწყალებენ, ან უკრაინაში გაუშვებენ, მაგრამ ეს პოლიტიკურად დაასამარებს.
- "ნაცმოძრაობასაც" თან ჩაიყოლებს? - კარგი შეკითხვაა, მაგრამ არ ვიცი, უნდა დაველოდოთ. ვნახოთ, როგორ გადაიტანს "ნაცმოძრაობა" ლიდერის მარცხს. წინ საინტერესო მოვლენები გველის.
ხათუნა ბახტურიძე