"იციან, რომ უნდა ვაჭამო და ყოველ საღამოს მელოდებიან" - კვირის პალიტრა

"იციან, რომ უნდა ვაჭამო და ყოველ საღამოს მელოდებიან"

"თავშესაფარში გვყავს ძაღლი, რომელსაც არაკაცმა წინა ფეხები ცელით მოჰკვეთა!"

თბილისში მიუსაფარ ცხოველებს ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით. ალბათ, მკითხველსაც შეუნიშნავს ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი ძაღლები, რომლებიც ბოლო ხანებში ძალიან მომრავლდნენ. ხშირად მათ კეთილი ადამიანები უვლიან, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ჩივის, რომ ზოგიერთი აგრესიულია, გამვლელებს უყეფს და აწუხებს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, ვის ევალება ქუჩის ძაღლების მოვლა და რატომ ვერ გადაწყდა ეს პრობლემა... ამ საკითხზე ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი გვესაუბრება:

- ბატონო თამაზ, ყველაზე მტკივნეული თემით დავიწყოთ: როგორ მოვექცეთ აგრესიულ ძაღლებს?

- ხშირად ეს აგრესია ჩვენი ბრალია: როდესაც ადამიანი ცხოველს ქვას ესვრის ან ჯოხს ურტყამს, ცხადია, ის თავს დაიცავს და აგრესიული ხდება. უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შემიძლია: ჩემს თავშესაფარში არის ძაღლი, რომელსაც ერთმა უგულო არაკაცმა წინა ფეხები ცელით მოჰკვეთა და ახლა ორი ფეხით ძლივძლივობით დადის. გვყავს სამფეხა ძაღლები, რომლებიც ავარიაში მოყვნენ და ადამიანების დაუდევრობის გამო დასახიჩრდნენ. თქვენ მეკითხებით, რისი ბრალია, როცა ადამიანი თავის გზაზე მიდის, არანაირ აგრესიას არ ამჟღავნებს და ძაღლი მაინც უყეფს ან მისდევს? - საქმე ის არის, რომ როცა მძინარე ცხოველს სწრაფად ჩაუვლი, როცა ის შეშინებულია და უარესად შეაშინებ, როცა შენი მიმართულებით მოდის, არ მოერიდები და ფეხით ან მანქანით სწრაფად ჩაუქროლებ, მას შიშის განცდა ეუფლება და თავს იცავს. გარდა ამისა, ძაღლი გრძნობს, როცა გეშინიათ: შიშის დროს ადამიანი ადრენალინთან ერთად გამოყოფს ნივთიერებას, რომელსაც სპეციფიკური სუნი აქვს. ძაღლები ამ სუნს ვერ იტანენ და აგრესია უჩნდებათ. ძაღლს ყოველთვის გაუჩნდება სურვილი ან დაგიყეფოთ, ან დაგედევნოთ, ამიტომაც ჯობს შორიდან მოუაროთ და არ გააღიზიანოთ.

ბევრს უკვირს, რატომ მისდევენ ისინი მანქანებს და მოტოციკლებს: საქმე ის არის, რომ ძაღლებს ყველაზე მეტად ისეთი საგნები აღიზიანებთ, რომელიც ბრუნავს - ეს მათი გენეტიკური თვისებაა, ამიტომ ასეთ დროს უნდა მოერიდოთ - ან მოტოციკლიდან ჩამოხვიდეთ და მცირე მანძილი ფეხით გაიაროთ.

- როგორ აგვარებენ მიუსაფარი ცხოველების პრობლემას მოწინავე ქვეყნებში? - ქუჩაში ძაღლს ვერ დაინახავთ. უმწეო, მიუსაფარ ცხოველებს მხოლოდ რუსეთში და განვითარებად ქვეყნებში თუ ნახავთ, რატომ? - ევროპაში კანონი იმდენად მკაცრია, რომ ძაღლის სახლიდან გამოგდებას ვერავინ ბედავს. ამის გამო დიდი ჯარიმები და სასჯელია დაწესებული. მაგალითად, ადამიანს, რომელიც ცხოველს ქუჩაში გამოაგდებს, 5 წლის პატიმრობა ემუქრება. ცხოველის აყვანის უფლებას ყველას არ აძლევენ, ამისათვის სპეციალური გამოცდა უნდა ჩააბარო. სამწუხაროდ, ჩვენს პარლამენტარებს ისეთი კანონი ვერ მივაღებინეთ, რომლითაც ეს პრობლემა გადაწყდებოდა: ადამიანიც დაცული იქნებოდა და ცხოველიც.

ცხოველთა დამცველებმა პარლამენტში 4 წლის წინ წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებდა, მაგრამ საკომიტეტო მოსმენებზეც არ გაიტანეს, თაროზე შემოდეს. ეს კანონპროექტი არც წინა მოწვევის პარლამენტმა განიხილა და არც ახლანდელმა.

საოცარია, ეს ხალხი არჩევნებამდე ჩვენს თავშესაფარში მოდის და ცრემლად იღვრება, მაგრამ მერე მარტო საკუთარ მუცელზე ფიქრობს...

- რა უნდა გაკეთდეს, რომ ცხოველები ქუჩაში უკონტროლოდ არ მრავლდებოდნენ? - ყველაზე მოკლე გზა სტერილიზაცია და კასტრაციაა. ეს საკმაოდ რთული ოპერაციაა, რომელსაც ქირურგი-ვეტერინარი უფულოდ ვერ გააკეთებს. თბილისში ის თანხა, რაც ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციისთვის არის გამოყოფილი, მართლა მიზანმიმართულად იხარჯება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ისეთი ხალხი მუშაობს, ვინც ცხოველების ფულს არ დახარჯავს, მაგრამ რეგიონებში კატასტროფული სიტუაციაა. მუნიციპალიტეტებში რა ფულიც გამოიყოფა, ყველა ადგილობრივი მმართველების ჯიბეებში მიდის. ბევრი ძაღლი თბილისში სწორედ რეგიონებიდან ჩამოჰყავთ.

წარმოიდგინეთ, მთელ საქართველოში რამდენი ძაღლია, თითოეული მათგანი წელიწადში ორჯერ მრავლდება და 4-დან 12-მდე ლეკვს ყრის. ამას დავუმატოთ ქუჩაში გამოყრილი ძაღლები, რომლებიც პატრონებს მოჰბეზრდათ! ცხოველები მრავლდებიან და კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამა ამ პროცესს ვერ ეწევა. ამ პრობლემას დასასრული არ ექნება, თუ მას კანონი არ მოაგვარებს.

- რამდენად უსაფრთხოა ე.წ. ბირკიანი ძაღლები? - "ბირკას" ხალხში ეძახიან, თორემ მას ქართულად საჭდე ჰქვია. როგორც წესი, ქუჩაში მცხოვრები ძაღლები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავის კლინიკაში გადაჰყავს, სადაც მათ კასტრაცია-სტერილიზაცია უკეთდება. იქ მათ ცოფის აცრასაც უკეთებენ და ყურზე საჭდეს ამაგრებენ, რომელზეც მისი პირადი ნომერია ამოტვიფრული. ყველა ძაღლი, რომელსაც ყურზე საჭდე აქვს, აცრილი და სტერილურია, თანაც "ბირკას" მხოლოდ იმ ძაღლს უკეთებენ, რომელიც აგრესიულობაზე შემოწმებას გაივლის. აგრესიულ ძაღლებს ევთანაზიას უტარებენ - ნემსს უკეთებენ და უმტკივნეულოდ აძინებენ. ეს არ ნიშნავს, რომ თუ საჭდეიანი ძაღლი ვინმეს უკბენს, ასაცრელად არ უნდა წავიდეს. ადამიანს სახლის ძაღლმაც რომ უკბინოს, აცრა მაინც დასჭირდება.

- მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ქუჩის ცხოველებზე ზრუნავს, მათთვის პატარა სახლებს აგებს, ხომ შეიძლება ამ საქმეში მათ სახელმწიფოც დაეხმაროს? - ეს საკითხი ქალაქის მერიამ უნდა მოაგვაროს. ჩვენ იმიტომ ვირჩევთ მერიას, საკრებულოს და მის დეპუტატებს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნონ და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დააფინანსონ. ასეთი სახლები პარკებში, სკვერებში, კორპუსებთანაც უნდა იდგეს, მაგრამ ამას ფული სჭირდება. თბილისის ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარია და ამ თანხით მერია უამრავ ღონისძიებას აფინანსებს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ქუჩის ცხოველების მოსავლელად დიდი თანხა სჭირდება, რადგან მარტო თბილისში 32-35 ათასამდე გასტერილებული ძაღლია, ერთი ამდენი - გაუსტერილებელი. ერთი ასეთი სახლის ღირებულება დაახლოებით 300 ლარია და წარმოიდგინეთ, რამდენი ფულია საჭირო, ყველგან ასეთი სახლები რომ ჩადგან. როცა ქვეყანაში ამდენი სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული ადამიანი გვყავს, ცხოველების დაბინავებაზე ამხელა თანხას ვინ გამოყოფს?

- როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ცხოველები იკარგება და პატრონი ვეღარ პოულობს? - ამიტომ უნდა ჰქონდეს ყველა ცხოველს თავისი ჩიპი: დაჩიპული ცხოველის პატრონის პოვნა ძალიან ადვილია. ასე იოლად ვიპოვით იმათ, ვინც ცხოველი დაკარგა და იმათ, ვინც თავისი ერთგული მეგობარი ქუჩაში გამოსაგდებად გაიმეტა. ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, კატებზეც ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ კატები ჯგუფ-ჯგუფად არ იკრიბებიან და მოსახლეობას იმდენ პრობლემას არ უქმნიან, როგორც ძაღლები.

- თქვენს თავშესაფარზეც მოგვიყევით, რა ხდება იქ ამჟამად? - ჩვენთან 350-მდე ძაღლი ცხოვრობს. ზოგიერთ მათგანს მკურნალობა სჭირდება. ისეთი ძაღლები მყავს, რომლებიც ქუჩაში რომ გავუშვა, დაიღუპებიან. მარტო მათ კი არ ვუვლით, ყოველ საღამოს 9 საათიდან ღამის პირველ საათამდე თბილისის უბნებს შემოვუვლი ხოლმე და ქუჩის ცხოველებს ვაჭმევ. იციან, რომ უნდა მივიდე და ყოველ საღამოს მელოდებიან. კიდევ კარგი, ამ ყველაფერს საკუთარი ხარჯით ვაკეთებ. დიდი სიამოვნებით ჩავისვამდი მანქანაში მდიდარ ადამიანებს, ბიზნესმენებს და ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი, თუ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ფულს ისინიც დახარჯავდნენ.

"მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ჩვენთან რამდენიმე წელიწადში აღარ იქნება"

ნიკა ქობულაძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი: "ამ სიტუაციაში სტერილიზაცია და კასტრაცია ყველაზე სწორი გამოსავალია და ეს ჩვენი სააგენტოს პრიორიტეტია. წელს ჩვენი სააგენტოს დაფინანსებით 4500 ოპერაცია გაკეთდა, წლის ბოლომდე 500-ს კიდევ მოვასწრებთ, ეს მაშინ, როცა პანდემიამდე - 2017 წელს, მხოლოდ 3000 ოპერაცია ჩავატარეთ. მართალია, ჩვენი დაფინანსება არ გაზრდილა, მაგრამ ეს მაინც შევძელით. თუნდაც ამის გამო, ჩვენი ოპონენტების კრიტიკას და უსაფუძვლო ბრალდებებს ვერ მივიღებთ! მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს აგრესიული ცხოველების გამო, ჩვენი სამსახური ადგილზე მიდის და თუ ცხოველი მართლა აგრესიულია, ევთანაზიას ვუკეთებთ. ძალიან დიდი პრობლემაა რეგიონებიდან შემოსული ცხოველები: იქ კონტროლი ნაკლებია, თუმცა უკვე რეგიონებშიც მიმდინარეობს აქტიური პროცესი, რომ მიუსაფარი ცხოველები სტერილიზაციის გარეშე არ დარჩნენ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცხოველების პრობლემა ბარბაროსული მეთოდით მოაგვარეს - ისინი დახოცეს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომაც შევიმუშავეთ გეგმა, რომლის წყალობითაც მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ჩვენთან რამდენიმე წელიწადში აღარ იქნება. ცხადია, ამ საქმეში ბიზნესის დახმარების იმედიც გვაქვს".

ხათუნა ჩიგოგიძე