"დედას არ მოსწონდა ჩემი არჩევანი, სხვებიც სკეპტიკურად უყურებდნენ. თუმცა ბავშვობიდან ჯიუტი ვიყავი და ამ შემთხვევაში ნამდვილად გამომადგა"
"მიყვარს, როცა ნიუ-იორკის ქუჩებში ჩემი დიზაინით აშენებულ სახლებს ჩავუვლი, უკვე დასრულებულს თუ მიმდინარეს", - გვითხრა მარიტა კაპანაძემ, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ საქართველოსა თუ ამერიკაში დიდი წარმატება მოიპოვა...
- დავიბადე 1985 წლის 14 აგვისტოს თბილისში, აქვე დავამთავრე სკოლა და სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. დედა ეკონომისტია, მამა - მანქანათმშენებელი ინჟინერი. ასე რომ, ხელოვნებასთან არც ერთს შეხება არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით დედას ხელსაქმეს. ყოველთვის ლამაზ კაბებს მიკერავდა და არაჩვეულებრივად ქსოვდა გობელენს. დიზაინით სკოლის ასაკიდან დავინტერესდი. თოჯინების შემოსვიდან ნელ-ნელა საკუთარზე გადავინაცვლე და ამან ისე გამიტაცა, პროფესიად გავიხადე. ჩემი სტუდენტობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოდელირების ფაკულტეტზე დაიწყო. დედას არ მოსწონდა ჩემი არჩევანი, სხვებიც სკეპტიკურად უყურებდნენ. იმ პერიოდის საქართველოში, სადაც ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი იყო, ამ დარგს განვითარების პერსპექტივა არ უჩანდა. მეუბნებოდნენ, რომ სამსახურს ვერ ვიშოვიდი და ა.შ. თუმცა ბავშვობიდან ჯიუტი ვიყავი და ამ შემთხვევაში ნამდვილად გამომადგა. ოჯახმაც ბოლო თეთრები შეაკოწიწა და ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში დიზაინის მოსამზადებელ ფაკულტეტზე. შრომამ და მონდომებამ ნაყოფი გამოიღო და უფასო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. შემდეგ იყო მაგისტრატურა, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის შესწავლა და პირველი სამსახური ავეჯის კომპანიაში უმცროს დიზაინერად. მას შემდეგ ბევრი კომპანიის შეცვლამ მომიწია, სანამ აქამდე მოვიდოდი.
ბოლო სამსახური, რომლის დატოვებამაც მომიწია ამერიკაში გამომგზავრების გამო, "ბელჰაუსი", საქართველოს ბაზარზე ახალი შემოსული ავეჯის კომპანია იყო. 4 წლის განმავლობაში ის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად იქცა. ვფიქრობ, ჩემი როლი დიდი იყო კომპანიის წარმატებაში. მსმენია, როგორ საუბრობდა ხელმძღვანელობა ჩემს პროფესიონალიზმზე და ძალიან მიხაროდა. იმავდროულად, შევითავსე მცირე ბიზნესიც, რომელიც ჩემსავე სამსახურში წამოვიწყე. დუბაიდან სუვენირებისა და დეკორატიული ნივთების ჩამოტანა დავიწყე. თვიდან თვემდე გაყიდვები დიდი პროცენტით იმატებდა. იქვე ვყიდდი ჩემს ხელნაკეთ ავეჯს და სანათებს, თუმცა მცირე რაოდენობით, რადგან როგორც ექსკლუზივი და ხელოვნების ნიმუში იყიდებოდა. ამავე დროს ვმუშაობდი ინტერიერების დიზაინზე ჩემი პირადი კომპანიის სახელით, რომელიც 2010 წელს გავხსენი საქართველოში. წელიწადში რამდენჯერმე მიწევდა გამგზავრება დიზაინგამოფენებზე. კარგად მახსენდება ამერიკაში პირველად ჩამოსვლა, 2014 წელს, რომელიც დამკვეთმა დამიფინანსა. ფლორიდის შტატში, მაიამიში ქართული რესტორნის დიზაინზე ვიმუშავე. მერე იყო გერმანია, ქართული ავეჯის განვითარების პროექტი და კიდევ მრავალი სხვა.
- ამერიკაში რამდენად რთული იყო ყველაფრის თავიდან დაწყება? - ამერიკაში 2017 წლის ბოლოს ჩამოვედი. ჩემი ოჯახი და 12 წლის შვილი თბილისში დავტოვე. თუმცა ბავშვი მალევე ჩამოვიყვანე. ჩამოსვლისთანავე აქტიურად ჩავერთე ნიუ-იორკის არტინდუსტრიაში. 10-მდე გამოფენაში მივიღე მონაწილეობა ჩემი დეკორაციებით, რამაც ბევრი უცხოელი დააინტერესა, მთხოვდნენ გამეყიდა ნამუშევრები, მაგრამ მაშინ კომერციული საქმიანობის უფლება არ მქონდა... ახლა ვმუშაობ არქიტექტურულ კომპანიაში, სადაც ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინთან ერთად სამუშაო გეგმებსაც მე ვადგენ და პროექტსაც ვხელმძღვანელობ, იქნება საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტი.
ამერიკაში ჩამოსვლისთანავე დავიწყე ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობა, ქართულში თუ ამერიკულში. ყველანაირ შეთავაზებას სიამოვნებით ვთანხმდებოდი, სადაც ჩემი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენის საშუალება მეძლეოდა. ჩემი ნამუშევრები გამოიფინა სხვადასხვა გალერეაში და გამიჭირდება იმ ემოციის გადმოცემა, რასაც ვგრძნობ მაშინ, როდესაც ჩემი ნამუშევარი მოწონებას იმსახურებს. დამთვალიერებლები მოდიან და მეკითხებიან დეტალებს, ინტერესდებიან მასალით... განსაკუთრებით ამერიკელები, თუ რაიმე მოსწონთ დაუფარავად იციან ემოციების დაფიქსირება.
- ნიუ-იორკში სახლები აშენდა თქვენი დიზაინით.
- ნიუ-იორკში უკვე მრავალი სახლი აშენდა ჩემი დიზაინით. მიყვარს, როცა ჩავუვლი, უკვე დასრულებულს თუ მიმდინარეს. ძალიან გავიხარე, როდესაც მრავალბინიანი შენობის დიზაინი მთხოვეს და თანაც დამკვეთი ქართველი ახალგაზრდა ქალი იყო. დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა დიზაინმა და კიდევ ერთი კმაყოფილი დამკვეთი შეემატა ჩემს ვრცელ და საამაყო სიას. ნიუ-იორკი ინტერნაციონალური ქალაქია და აქ ყველანაირ ხალხს შეხვდებით. ამიტომ მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, რა სტილი შევთავაზო, რა დიზაინი შევურჩიო, მათი მრწამსის, ეთნოსის, ტრადიციების თუ ცხოვრების წესის გათვალისწინებით. ძალიან მიყვარს თანამედროვე, მინიმალისტურ სტილისტიკაში მუშაობა, თუმცა ყოველთვის ასეთი პროექტების კეთება არ მიწევს. ძალიან დატვირთული ვარ. 6-7 საათამდე ოფისში ვარ. სულ ახლახან კი ნიუ- იორკში გავხსენი ჩემი კომპანია, Marita Design INC, რომლითაც დიზაინპროექტებზე ვმუშაობ სამსახურიდან თავისუფალ დროს. ჯერ ახალი გახსნილია, თუმცა უკვე მაქვს პროექტები და ვცდილობ სწორად გადავანაწილო დრო სამსახურსა და ჩემს ფირმაზე. თბილისშიც ვთანამშრომლობ ნიჭიერ დიზაინერებთან, ისინი მეხმარებიან პროექტების ვიზუალიზაციაში. ჩემი გეგმებიც ამ კომპანიას უკავშირდება. მინდა ბევრი საინტერესო პროექტი დამიკვეთონ, დავასაქმო რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა საქართველოში და მათი შემოქმედება მსოფლიოს გავაცნო.