სოფლის შენებას რა უნდა?!
ოქტომბრის თბილი დღეები სოფელში გავატარე. დასავლეთისკენ, რიკოთს რომ გადაივლი, ჯერ ხევი შეგხვდება, მერე ჩემი ხუნევი. საეკლესიო წიგნების და სხვა წერილობითი ცნობების თანახმად, ჩემი წინაპრები სამცხე-ჯავახეთიდან ამ მიწაზე მრავალი საუკუნის წინ მოსულან და როგორც საუკეთესო მეომრები ხეობის, მეტიც, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაკავშირებელი გზის მცველები გამხდარან. ხუნევის და ჩვენი გვარის ისტორიის გაცნობას არ ვაპირებ. ვეცდები ერთი სოფლის მაგალითზე ვნახოთ, საით მიდის ჩვენი ქვეყანა, რა იგრძნობა სახელმწიფოსა და გლეხკაცს შორის: მჭიდრო კონტაქტი, ზრუნვა თუ სოფელი თვითდინებით ცხოვრობს.
ჩემს ბავშვობაში ხუნევში, კომუნისტების დროს, ბიბლიოთეკა იყო, საკმაოდ დიდი წიგნსაცავით. მახსოვს ხის ძველი წითლად შეღებილი იატაკი, ჭერში აზიდული თაროები, სარეგისტრაციო მაგიდასთან ნავთის ლამპა და ბიბლიოთეკარი თამარა მამიდა, სათვალიდან რომ გაკვირვებული გადმომხედავდა, რავა, უკვე წაიკითხეო, და ახალი წიგნების ასარჩევად გამიძღვებოდა.დამოუკიდებლობის დადგომიდან რამდენიმე წელში ბიბლიოთეკა დაინგრა, აღარავინ ზრუნავდა ძველ ჭერზე და ჩამოიქცა. წიგნები სხვა ბიბლიოთეკებში გადაანაწილეს, ზოგიც საბავშვო ბაღის შენობის სარდაფში შეყარეს და რა ბედი ეწია, არ ვიცი. სოფელს ჰქონდა კლუბიც, სადაც სხვადასხვა თეატრალური დასი წარმოდგენებს მართავდა, სხვა დღეებში კი ფილმებს აჩვენებდა ცალთვალა "მეხანიკი მიშა".
ხუნევში საავადმყოფოც იყო. ძველი, ძალიან მყარი შენობა, რომელიც ისევე დაჩაჩანაკდა, როგორც ბიბლიოთეკა და სანამ ჭერი ჩამოინგრეოდა, სახელმწიფომ გაყიდა.
ახლა ხუნევში არის სკოლა, საბავშვო ბაღი, ძველი მაღაზიის ჩამონგრეული შენობა, ტრანსპორტის მოსაცდელი, სადაც ზამთარ-ზაფხულ ხშირად უსაქმურები ან დამსვენებლები დროს კლავენ. სინამდვილეში დრო ნელა, მაგრამ თვითონ კლავს ყველაფერს და მისი კვალი ძალიან სევდიანია სოფელში, რომელსაც საქართველოს სხვა სოფლების მსგავსად ბევრი პრობლემა აქვს. რაც მთავარია, როგორც აქ ამბობენ, გამოყრუებული სოფელი ცარიელდება და ხელის შემშლელი არავინ არის.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჭალაში, იქ, სადაც ახლა ავტობანი შენდება, რაიონის თვითმმართველობის ორგანომ ფეხბურთის მოედანი გააკეთა. მოედანი ერქვა ხალვათად შემოღობილ ქვაღორღიან მიწის ნაკვეთს, რომელზეც ორი საფეხბურთო რკინის კარი დაემაგრებინათ და ეგ იყო...
სკოლა
რეზო გაბრიაძე "ქუთაისი ქალაქიაში" მოგვითხრობს ამბავს გერმანელი ტყვე შულცისა, რომელიც მთავარი გმირის, ვარლამის ბებია-ბაბუასთან გაამწესეს სამუშაოდ. მოხუცებს დაჩაჩანაკებული სახლი და გეოლოგის პლაშჩმოცმული ჩეჩმა უდგათ. შულცი გადაწყვეტს ვარლამის ოჯახში "ევროპა შეიტანოს" და უნიტაზიან ტუალეტს აკეთებს, რაზეც ბაბუა ბრაზობს, ჩეჩმის უარყოფით უძველესი ტრადიცია იბღალებაო და კატეგორიულად აცხადებს, არ მინდა "ნაუკა" და განვითარებაო. ეს ამბავი მახსენდება, რამდენჯერაც ხუნევის საჯარო სკოლის ეზოში შევივლი. დიდი ხნის განმავლობაში სკოლასაც ჰქონდა ჩეჩმა. 2002 წელს, შენობა რომ გააფართოეს, ძველი ჩეჩმა დაანგრიეს, მაგრამ ახალი ააშენეს, ბლოკის. იქნებ მაშინ განათლების სამინისტროში გაბრიაძის პერსონაჟის, ვარლამის ბაბუასავით ფიქრობდნენ, რომ სოფლის სკოლაში ჩეჩმის მოშლით ტრადიცია შეიბღალებოდა. ზამთარში ტუალეტისთვის ბავშვების სიცივეში სირბილს ბოლო კოვიდპანდემიამ მოუღო. ზოგი ჭირი მარგებელიაო და, მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც ხშირად რომ დაებანათ ხელები, ტუალეტი შენობაშივე მოუწყვეს. ისინი კი, ვინც 21-ე საუკუნის სკოლის ინფრასტრუქტურის შექმნაზე უნდა ზრუნავდნენ, სავარაუდოდ, მენტალურად ჩეჩმის ხანაში ჩარჩნენ. სკოლას არც ცენტრალური გათბობის სისტემა აქვს, დღემდე შეშის ღუმლით თბებიან.

ტუალეტს და გათბობას ვინ ჩივის?! ხუნევის საჯარო სკოლაში დღემდე ერთ ოთახში ერთდროულად ერთი მასწავლებელი ორ სხვადასხვა კლასს უტარებს გაკვეთილებს. ამას თურმე კლასკომპლექტი ჰქვია. არადა, შენობა, რომელიც 9 კლასის მოწაფეებს იფარებს, შეიძლება გაფართოვდეს, სართულიც დაემატოს, ან რაც აქვს, ისე გაიტიხროს, რომ თითოეულმა კლასმა ინდივიდუალურად გამოიყენოს.
ამ პრობლემის მოგვარებაზე არ უფიქრიათ შევარდნაძის ეპოქაში, არც სააკაშვილის მთავრობა დაინტერესებულა ხუნეველი ბავშვების სრულფასოვანი განათლებით და ვერც უკვე 9 წლის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" გაიგო, რომ ხუნეველი პედაგოგების და ბავშვების ოცნებაა 21-ე საუკუნის შესაბამის პირობებში მიიღონ სრულფასოვანი განათლება.
ავტობანი
ხუნევში, რომელსაც დღევანდელი სამხედრო გზა შუაზე კვეთს, ავტობანი გაივლის. იფიქრებთ, კარგია, სოფელი თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით მაინც ისარგებლებსო, მაგრამ ავტობანი ერთმანეთთან ხიდებით დაკავშირებულ გვირაბებშია მოქცეული და პროექტი რატომღაც ხუნევში არც მანქანით ჩამოსახვევს ითვალისწინებს და ქვეითად მოსიარულეებსაც როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ დასავლეთით მოსაზღვრე ვეტყვიჭალის გავლით მოუწევთ. ხუნევთან ერთად გზას სწყდება ულამაზეს მთებში ჩაფლული გედსამანიაც... მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მოსახლეობამ არაერთხელ იკითხა, რას გვიპირებთო, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და არც ავტობანის მშენებლებმა მკაფიო პასუხი ვერ გასცეს... ამის გასარკვევად ადგილობრივ თვითმმართველობას მეც დავუკავშირდი, სადაც დამიდასტურეს, რომ ავტობანიდან ხუნევში ჩამოსასვლელი გზა არ იქნება, თუმცა მოსახლეობა შემოვლითი გზით სოფელში მოხვედრას შეძლებს - როგორ, ეს ჯერ თვითმმართველობის ორგანოებში ზუსტად არ იციან. რა უდგას წინ სოფელში სპეციალისტების ჩასვლას, ვინც ხალხს შიშს გაუქარწყლებს, რომ სამყაროს არ მოსწყდებიან.
ავტობანის მშენებლობამ საფრთხეებიც შექმნა - მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და გვირაბებიდან გამოთხრილი მიწაყრილებით ისე დაავიწროეს, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ადიდებული ძირულა, შიშობს, რომ თუ ერთ დღეს წყალი მოვარდა, საბავშვო ბაღს წალეკავს და ნაწილობრივ სკოლასაც მისწვდება. საბავშვო ბაღს უკვე შეექმნა საფრთხე, როდესაც გვირაბის მშენებლობის დროს მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი პირდაპირ შენობის სახურავს დაეცა და ჩაანგრია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, არადა, ეზოში ყოველდღე ბავშვები თამაშობენ.
სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია?!
ხუნევი ერთ-ერთია საქართველოს მცირემიწიან სოფლებს შორის, რაც აქვს, ისიც მოსავლიანობით არ გამოირჩევა. მთის ციცაბო ფერდობებზე გაშენებულ ყანებსა და ვენახებს თითქმის ჰაერში გამოკიდებულები ამუშავებენ. მცირემიწიანობას ისიც ემატება, რომ საძოვრების პრობლემაა და პირუტყვს, ძროხას და ღორს მწყემსის გარეშე უშვებენ ტყეში, სადაც ადრე თუ ოთხფეხა მტაცებლის ეშინოდათ, ახლა ორფეხაც დაემატა.
ხუნევში რომ იარსებო, დიდი შრომა გჭირდება, თუმცა ესეც არ კმარა - ოჯახის ერთი წევრი მაინც სადღაც უნდა მუშაობდეს, რომ ხელფასით ის იყიდოს, რასაც სოფელში ვერ მოიყვანს. ახლა კაცების უმრავლესობა ავტობანის მშენებლობაზეა დასაქმებული, ქალები მუშახელისთვის გახსნილ სასადილოებში მუშაობენ. თუმცა შიშობენ, რომ ავტობანის დასრულების შემდეგ ემიგრაციის საფრთხე გარდაუვალი გახდება, თუ სახელმწიფო სოფელს არ მიხედავს. ხუნევში უგემრიელესი მარწყვი და ჟოლო მოდის, მაგრამ რეალიზაცია უჭირთ, გადამყიდველს ჩალის ფასად მიაქვს. წინათ მეზობელ სოფელ უბისაში წვენების ქარხანა იყო. ასეთი ქარხნები რომ აშენდებოდეს, ადგილობრივ ეკოლოგიურ პროდუქტზე მოთხოვნა რომ გაჩნდეს, არაფერს დავიშურებთო, ამბობენ სოფელში. ძველ დროს იხსენებენ, გვახსოვს, წინათ როგორი განვითარებული იყო მეაბრეშუმეობა, უამრავი ხილი მოგვყავდა, ტყის კენკრას და წაბლს ვაგროვებდით და კოლმეურნეობას ვაბარებდითო. სახელმწიფოს და სოფლის მეურნეობას რომ გონიერი თავები მართავდნენ, ხუნევში არც შრომა დაგვეზარება და მშიერიც არავინ იქნებაო. თუმცა მათი ხმა არავის ესმის, მაშინაც კი, როდესაც საარჩევნო ხმების მოსაგროვებლად პოლიტიკური პარტიები სოფელ-სოფელ დადიან.
ცხონებული ბებია, ანიჩკა გელაშვილი, 90 წელს მიტანებული 2002 წელს გარდაიცვალა. ბებიას არ უყვარდა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ, როგორც თვითონ ამბობდა, საიდანღაც გამოჩეკილი ათასი ჯურის პოლიტიკოსი. მომადგებიან ჭიშკარზე და ბღავიან, მომეცი ბებია ხმა, ხმა მომეცი. ვეუბნები, გშიათ? გწყურიათ? მოდი, დაგაპურებთ, წყალს კი არა, ღვინოს და არაყსაც დაგალევინებთ და წადით თქვენს გზაზე, არ არის პოლიტიკა და სახელმწიფოს მართვა თქვენი საქმე-მეთქი. ჯერ კაცი არ მოსულა, გლეხის და სოფლის სატკივარს რომ გრძნობდეს, კონკრეტულ პრობლემაზე ნაფიქრი ჰქონდეს და გამოსავალი შემომთავაზოს. ამიტომაც მეშინია, რომ ქართველი პოლიტიკოსი ძალაუფლებას როგორც კი მიიღებს, სალაპარაკო ხმას ამომართმევენო. შენ რა უნდა დაგიშავონ-მეთქი? შეშფოთებული შემომხედავდა, შენ დაგიშავებენ, ჩემს შვილებს, შვილიშვილებს, ქვეყანას და ეგ ჩემი დაშავებააო. ისე გარდაიცვალა, მისი მოსაწონი პოლიტიკური პარტია არ გამოჩნდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო, სოფლის შენებას რა უნდა. არადა, შრომის ფერხულში პირველ-მეორე ხმას კი მღერიან გლეხები და ბანი როგორ ვერ უნდა მისცეს მთავრობამ?