"შემდგომში ეს პროცესი უმართავი ხდება - იმიტომაც არის სოციალურ ქსელში აგრესიის ამხელა ნიაღვარი" - კვირის პალიტრა

"შემდგომში ეს პროცესი უმართავი ხდება - იმიტომაც არის სოციალურ ქსელში აგრესიის ამხელა ნიაღვარი"

"სიძულვილის ენა" - ჩვენს რეალობაში მყარად დამკვიდრებული ამ ტერმინის მიღმა ჩვენივე საზოგადოების მძიმე მდგომარეობა იმალება. ვგულისხმობ სიძულვილს, რომელიც, ფსიქოლოგების თქმით, სუნთქვის პრობლემასაც შეიძლება შევადაროთ, როდესაც გარშემო გამეფებული აგრესიულობა ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს... სადამდე შეიძლება მიიყვანოს აგრესიამ და სად არის გამოსავალი, ამის შესახებ ფსიქოლოგ ნინო კერესელიძეს ვესაუბრეთ:

- ბევრ ჩვენგანს ახსოვს მძიმე 90-იანი წლები, როდესაც გაჭირვების მიუხედავად, საზოგადოება მასობრივად მაინც ვერ აძლევდა თავს უფლებას, რომ პიროვნების ბნელი კუთხეები ამოექექა, ან საჯაროდ დაუმსახურებლად დაესხა თავზე ლაფი. აქამდე როგორ მივედით, ასეთად როგორ ჩამოვყალიბდით?

- დავიწყოთ იმით, თუ რას ნიშნავს სიძულვილის ენა. ეს არის აგრესია, რომელიც მიმართულია კონკრეტული ობიექტისკენ, ან ობიექტის გარეშეც ნეგატიური ემოციების გარეთ გამოტანისკენ. ორივე შემთხვევაში პროცესი მიმართულია დაზიანებისკენ და ღირსების შემლახავია. ჩემი აზრით, ჩვენს საზოგადოებაში გამეფებული სიძულვილის სათავე სწორედ 90-იან წლებში ჩაისახა, რისი მიზეზიც სწორედ იმდროინდელი მძიმე ნეგატიური ფაქტორები და ამასთან თავისუფლების მოულოდნელად მინიჭებული კოეფიციენტი იყო. როდესაც თავს დაგვატყდა დიდძალი უარყოფითი ემოცია, აუცილებელი გახდა მისი გამოხატვა. ყოველთვის ასეა, დაგროვილი ემოციების უთქმელობა, მათ შორის დადებითისაც, ადამიანისთვის შესაძლოა შხამად იქცეს და მის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. წარმოიდგინეთ, რა გვემართება, როდესაც ნეგატიურ ინფორმაციას ვიღებთ. ბუნებრივია, დროთა განმავლობაში მისი გამოხატვა აუცილებელი ხდება, რაც ჩვენს საზოგადოებაში მოხდა კიდეც გარკვეული დროის შემდეგ და უფრო აქტიურადაც. კარგად რომ დავაკვირდეთ, სიძულვილის ენით სწორედ ისინი ლაპარაკობენ, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ინახავდნენ უარყოფით ემოციებს. ისინი ერთ დღეს ბუშტებივით სკდებიან, ნეგატიური ემოციების გამოფრქვევას იწყებენ და დროთა განმავლობაში ეს პროცესი უმართავი ხდება, მით უფრო ჩვენს სინამდვილეში, სადაც ცხოვრება უძნელესია - ადამიანები თავიანთ თავთან პირისპირ რჩებიან და განცდების გადმოცემის საშუალება მხოლოდ სოციალური ქსელით აქვთ.

შემდგომში ეს პროცესი უმართავი ხდება. იმიტომაც არის სოციალურ ქსელში (არა მარტო) აგრესიის ამხელა ნიაღვარი. ჩვენ ემოციების მართვა არ ვიცით, ფსიქოლოგთან მისვლას კი დუხჭირი ცხოვრების გამო ვერ ვახერხებთ. ამიტომაც იმოქმედა მონიჭებულმა თავისუფლებამ პირიქით - ნაცვლად იმისა, თავისუფლება სწორად გამოგვეყენებინა, ჩვენმა საზოგადოებამ ის დაგუბებული ემოციების უკონტროლო გადმოფრქვევისთვის გამოიყენა. პარალელურად ეს წაახალისეს გარკვეულმა ჯგუფებმა, რაც ჩვენისთანა სუსტ, განვითარებად ქვეყანაში ძნელი სულაც არ აღმოჩნდა. სიძულვილი ხომ მეტისმეტად მიზანმიმართული და ხისტი იარაღია მოწინააღმდეგის გასანადგურებლად.

დღეს უკვე იმგვარად არის ეს საქმე "აწყობილი", რომ ზღვარი თავისუფლების კოეფიციენტსა და სიძულვილს შორის წაშლილია. არადა, თავისუფლება ადამიანისათვის ტკივილის მიყენება არ არის, ტკივილს ადამიანს სიძულვილის ენა აყენებს.

- ამ დროს აგრესიაში ჩართულად გვევლინება არა მარტო ის, ვინც სიძულვილის ენით საუბრობს, არამედ "იდუმალი" ჯგუფები. საზოგადოება ყველგან ამ ჯგუფების ხელს ხედავს, რაც მას სასოწარკვეთილებაში აგდებს. ვინ შეიძლება იყვნენ წამქეზებლები? - ამაზე პასუხი ფსიქოლოგს გაუჭირდება. თუმცა მათი სავარაუდო ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვა შეიძლება.

ეს შეიძლება იყოს ის ხალხი, რომელსაც თავადაც აქვს ნეგატიური ემოციები დაგროვებული, ვერ ახერხებს მის ამოთქმას, რის გამოც თავს არასრულფასოვნად გრძნობს და სხვებს იყენებს ნეგატივის გამოსახატავად. მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც. პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის ხომ სიძულვილის ენა საუკეთესო იარაღია.

- თუმცა ეს აზიანებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სიძულვილის ენით საუბარში მონაწილეობს, მასთან ერთად კი საზოგადოებას. - რასაკვირველია. უამრავი შემთხვევაა, როდესაც თუნდაც მანიფესტაციების დროს სიძულვილის ენას "ცეცხლის ხაზად" იყენებენ. ამ დროს უზარმაზარი უარყოფითი მუხტი ხშირად მასობრივ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის, რისი შეჩერებაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ შეუძლებელი ხდება.

- რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დადგა. - ცხადია, მით უფრო, რომ სიძულვილის ენას მიბაძვა ახასიათებს - როდესაც ადამიანი სიძულვილის ენით საუბრობს, საკუთარ მარცხს სხვას აბრალებს, სხვას ადანაშაულებს. ამ დროს მას არავინ აჩერებს, არ ეუბნება, რომ მარცხი სხვას კი არ უნდა გადააბრალოს, მასზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს და გამოასწოროს. უფრო მეტიც, პირიქით ხდება: ეს უპასუხისმგებლო ადამიანი წარმატებასაც კი აღწევს…და ამ დროს აუცილებლად გამოჩნდება ხალხი, რომელიც მას მიჰბაძავს. ასეთები აუცილებლად შეეცდებიან, რომ წარმატება თავადაც სიძულვილის ენით მოიპოვონ. მეტიც, ვალდებულადაც კი ჩათვლიან თავს სიძულვილის ენაზე ისაუბრონ და რაც შეიძლება მეტს მოახვიონ თავზე. აი, ასეთია ის მანკიერი ჯაჭვი, რომლის გაწყვეტას ვეღარ ვახერხებთ.

- ამის მიუხედავად, ძნელია გათავისება, რომ ახლობელი, რომელსაც ასეთად არ ვიცნობდით, მოულოდნელად ამ ენაზე იწყებს საუბარს.

- კი, ასეა და არა მარტო იმიტომ, რომ ეს ადამიანი გიყვართ, არამედ იმიტომაც, რომ ნებისმიერი ინდივიდი განიცდის თითოეული კონტაქტის გავლენას. დაახლოებით ისე, როგორც კლასში განიცდიან ბავშვები თანაკლასელის გავლენას, რომელსაც სწავლა არ სურს და აგრესიულად იქცევა. ამ დროს კლასებში მისი მხარდამჭერი პატარა ჯგუფებიც კი იქმნება. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროს პატარა მოქალაქეების ნებისმიერი საქციელი განპირობებულია მათივე ოჯახებით. როდესაც მშობლები გაკვირვებით ამბობენ, ჩვენი შვილი რატომ არის ასეთი, ჩვენ ხომ ასეთები არა ვართო, ეს არ არის მართალი. ბავშვი ოჯახიდან იღებს მაგალითს, ოღონდაც მშობელი ამაში თავს არ უტყდება. როდესაც მშობელი შეცდომას აღიარებს, დიდი შანსია, რომ მოვლენები უკეთესად განვითარდეს.

- ზუსტად ასევე იქცევიან პოლიტიკოსები, რომლებიც წლობით სხვას აბრალებენ შეცდომებს. - როგორც ვთქვი, პოლიტიკაში ეს მოვლენა ყველაზე კარგად ჩანს.

ათეული წლებია ქართულ პოლიტიკაში გაუთავებელი გადაბრალება-გადმობრალებაა. არა მარტო პოლიტიკაში, საზოგადოებაშიც ასეა. ჩვენ ეს საუკეთესოდ გვეხერხება. იმის ნაცვლად, საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, ჩვენს შეცდომებს ვაბრალებთ მეგობრებს, ახლობლებს, ეკლესიას, მთავრობას... სიძულვილის პირველი ნაბიჯი სწორედ ეს არის. ის მიმართულია სხვისი გაუფასურებისკენ და საკუთარი თავის აღზევებისკენ, რისი აღმოფხვრაც, სხვათა შორის, ძალიან ძნელია.

- მაგრამ ნეგატიური ინფორმაციის ფრქვევა დამაზიანებელია თავად ნეგატივის გამავრცელებლისთვისაც. - როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ნეგატიური განცდების გამოვლენის ასპარეზად აქცევს, რაღა თქმა უნდა, ეს უარყოფითად მოქმედებს მისი ცხოვრების ხარისხსა და სამყაროსთან კონტაქტზე. ამ დროს სამყაროსთან ნებისმიერი კონტაქტისას მხოლოდ ნეგატიური დამოკიდებულებების მიზიდვა ხდება. ნეგატიურად ყალიბდება ამ ადამიანის მომავალიც. უარყოფითი ემოციებით, სადაც უნდა მივიდეთ, აუცილებლად უარყოფით ფაქტორს მოვძებნით და დადებითი კიდეც რომ იყოს, ვერ დავინახავთ. ასეთ ადამიანთან კონტაქტს ყველა ერიდება.

ასე რომ, უნდა გადავწყვიტოთ, რა გვიჯობს - ვაგროვოთ ნეგატივი, თუ შევძლოთ სიძულვილის შეჩერება.

- მაგრამ როგორ დავიხსნათ თავი სიძულვილისაგან ვირტუალურ თუ რეალურ ურთიერთობაში? - სოციალურ ქსელში ეს ადვილია. როდესაც ხედავთ, რომ ადამიანი ერთიმეორის მიყოლებით გამუდმებით აქვეყნებს უარყოფით ინფორმაციას, მათ შორის ისეთს, რომელიც სულაც არ არის ჩვენს გარემოსთან კავშირში, უნდა დავაჭიროთ თითი დამალვის ღილაკს და მორჩა. რაც შეეხება მეგობრებსა და ახლობლებს, საუკეთესო საშუალება იქნება, თუ არასაჭირო ნეგატიური ინფორმაციის მოსმენისას ვეტყვით, რომ არ გაინტერესებთ. განა იმიტომ, რომ ის არის ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ამ ინფორმაციის მოსმენა არ შეგვიძლია.

სიძულვილის ჯაჭვის გაწყვეტის საუკეთესო ძალა სიკეთის კეთება და პოზიტიური ინფორმაციის გამუდმებით გავრცელებაა, მათ შორის მედიისგანაც. ეს აუცილებლად იმოქმედებს დადებითად საზოგადოებაზე. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, მოდი, ვთქვათ პირდაპირ - ქვეყნების დიაგნოსტიკა რომ არსებობდეს, მაშინ ჩვენი დიაგნოზი ასეთი იქნებოდა: ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც შფოთვითი აშლილობა ახასიათებს: გვაქვს ეტაპები, როდესაც ძალიან დიდ ენერგიას გამოვტყორცნით, გავალთ მიტინგებზე, გავმართავთ აქციებს და ვიყვირებთ, მერე ჩავქრებით და მალე ისევ თავიდან ვიწყებთ. ამ ტიპის ქვეყანაში ბედნიერების მოტანა მხოლოდ მომავალ თაობებს შეუძლიათ, ოღონდ იმ თაობებს, ვინც თავისით კი არ გაიზრდებიან, არამედ მათი წყალობით, ვინც სრულყოფილ განათლების სისტემას შეუქმნის. განათლება ერთადერთია, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს.