ელექტრონული არჩევნები საქართველოში - როგორ ხდება ხმის მიცემა - კვირის პალიტრა

ელექტრონული არჩევნები საქართველოში - როგორ ხდება ხმის მიცემა

2021 წლის 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ერთ ოლქში, კრწანისში, ელექტრონულად ჩატარდა. ხმის მიცემის პროცესში იყო მცირე ხარვეზები, მაგრამ არჩევნებმა უპრობლემოდ ჩაიარა და შედეგები 25 წუთში გახდა ცნობილი. რადგან ამ წესით არჩევნები პირველად ჩატარდა, შედეგების სიზუსტის გადასამოწმებლად ხმები ხელითაც გადაითვალა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. ამ ოლქში მეორე ტურიც ელექტრონულად გაიმართება, მომავალი არჩევნები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად ელექტრონული იქნება...

მსოფლიოში ელექტრონული არჩევნები სხვადასხვაგვარად ტარდება. კერძოდ, ხმის მიცემა შესაძლებელია ქაღალდის ბიულეტენებით - ამომრჩეველი არჩევანს სპეციალური მარკერით აკეთებს, შემდეგ კი ამ ბიულეტენს შეაცურებს აპარატში, რომელიც ხმებს ავტომატურად ითვლის;

ან ბიულეტენი ჩატვირთულია აპარატში და ამომრჩეველი სასურველი პარტიისა თუ კანდიდატის მონიშვნას ელექტრონულად ახდენს...

საქართველოში ჯერჯერობით ხმის მიცემა ქაღალდის ბიულეტენებით ხდება, რომელსაც აპარატი ითვლის.

ცარიელ კონტეინერზე დამაგრებულია აპარატი, რომელიც დალუქულია. აპარატში ამომრჩეველი თავად უშვებს ბიულეტენს და ბოლოს აპარატი დაითვლის ხმებს

ხმის მიცემის პროცესი ასეთია: უბანზე მისულმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს მარკირება, შემდეგ კი მივა რეგისტრატორთან, რომელიც მოძებნის მის მონაცემებს ჟურნალში, ხელს მოაწერინებს და მისცემს ბიულეტენს. რეგისტრატორი მას დაარტყამს მხოლოდ ბეჭედს და აღარ სჭირდება ხელმოწერა.

ბიულეტენი ერთია, სადაც ცალ-ცალკე სვეტებად არის დატანილი საარჩევნო სუბიექტები: პროპორციული ნაწილი (პარტიების ჩამონათვალი), მერობის კანდიდატები და მაჟორიტარობის კანდიდატები.

კაბინაში ამომრჩეველს ხვდება სპეციალური მარკერი, რითაც სათითაო სვეტში აფერადებს მისთვის სასურველი პარტიისა თუ კანდიდატის წინ დატანილ რგოლს. ბათილდება ბიულეტენის მხოლოდ ის ნაწილი, სადაც ერთზე მეტი რგოლია გაფერადებული.

გაბათილებული ბიულეტენი, რადგან სამივე სვეტში ერთზე მეტი რგოლია გაფერადებული და არ ჩანს ამომრჩევლის ნება

ამომრჩევლები კაბინასთან - ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

(ფოტო შერჩეულია ახალი კაბინისა და ელექტრონული ბიულეტენის ერთად საჩვენებლად).

ამომრჩეველი არჩევანს ისევ კაბინაში აკეთებს, მაგრამ კაბინის დიზაინი მოდიფიცირებულია - დაფარულია ბიულეტენი, მაგრამ თავად ამომრჩეველი ჩანს, რაც უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ბიულეტენის შეცვლა, ან ფარულად ჯიბეში ჩადება, რაც თითქმის შეუძლებელია ბიულეტენის სიდიდისა და ფორმატის გამო. არჩევნის გაკეთების შემდეგ ამომრჩეველი ბიულეტენს სპეციალურ კონვერტში დებს.

ამომრჩეველი კონვერტში ჩადებული ბიულეტენით მიდის ხმის მიცემის აპარატთან

ამომრჩეველი აპარატში, ეკრანის ქვემოთ დატანილ ჭრილში, თავად ათავსებს ბიულეტენს. ამისთვის კონვერტიდან უნდა ჩანდეს ბიულეტენის ზედა ნაწილი. ამასთან, ბიულეტენი კონვერტში ამოტრიალებული უნდა იდოს, ისე, რომ სუფთა გვერდი ზემოთ მოექცეს.

აპარატში ბიულეტენის განთავსება

თუ ბიულეტენს რაიმე ტექნიკური ხარვეზი აქვს, აპარატი უკან აბრუნებს. ეს ბიულეტენი ითვლება გაფუჭებულად და ილუქება ისე, რომ დაცული იყოს არჩევნის ფარულობა, ამომრჩეველს კი ახალ ბიულეტენს აძლევენ. უბანი, ჩვეულებრივ, საღამოს რვა საათზე იხურება და იწყება ხმის დათვლის პროცედურა. პირველ რიგში აჩერებენ აპარატს, ითვლიან მოსულთა რაოდენობას, ადარებენ გაცემული ბიულეტენების რაოდენობას, ავსებენ ჟურნალს და ლუქავენ სიებს. სანამ ეს პროცედურა არ დასრულდება, მანამდე შედეგები უცნობია და მხოლოდ დასრულების შემდეგ ხდება აპარატიდან შედეგის ამობეჭდვა, სადაც ყველა მონაცემია დატანილი.

ელექტრონულად დათვლილი ხმები

შედეგების გაგებას დაახლოებით 25 წუთი დასჭირდა, რადგან აუცილებელი იყო გარკვეული პროცედურების ჩატარება. მართალია, ამჯერად კომისიამ ბიულეტენები ხელითაც გადაითვალა, რასაც 4 საათზე მეტი მოანდომა, თუმცა შემდეგისთვის ხელით გადათვლა სავალდებულო აღარ იქნება და უბნებზე შედეგები არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით ნახევარ საათში იქნება ცნობილი, მაქსიმუმ ორ საათში კი ცესკოს სრული შედეგების გამოცხადება შეეძლება.

რუსა მაჩაიძე