კოლხური ბზის გადასარჩენად
ბზა მარადმწვანე, ხასხასა ფოთლებით შემოსილი მცენარეა, რომელიც ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულთან - ბზობასთან ასოცირდება. "ბზას ზოგჯერ "კავკასიურ პალმასაც" უწოდებენ. მართალია, ბიოლოგიურად პალმასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ იერუსალიმში შესვლისას ქრისტეს პალმის რტოებით ეგებებოდნენ, ჩვენთან კი დღესასწაულს ამ მშვენიერი მცენარის ტოტებით ხვდებიან. ალბათ, ამიტომ დაარქვა ხალხმა კავკასიური პალმა", - გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე მანანა ელბაქიძე.
მანანა ელბაქიძე:
- ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბზა პალმაზე არანაკლებ ლამაზი მცენარეა. ის ჩვენი ფლორის უძველესი წარმომადგენელია. დედამიწაზე ბზის 70-მდე სახეობა გვხვდება. აქედან კავკასიაში ბუნებრივად ხარობს 2 სახეობა - კოლხური ბზა და ჰირკანული ბზა. ჩვენთან მოშენებულია 4 უცხოური სახეობაც: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა, წვრილფოთოლა ბზა, იაპონური და ბალეარული ბზა. ამ მცენარის სიძველეზე მეტყველებს გადმოცემა, რომ ქალღმერთ ათენას ფლეიტა ბზის ტოტებისგან ყოფილა გამოთლილი.
ბზა ერთდროულად სითბოსა და ჩრდილის მოყვარული მცენარეა. ის რელიქტურია, დედამიწაზე 30 მილიონი წლის წინ უკვე ხარობდა და სასტიკ კატაკლიზმებს გადაურჩა, მათ შორის გამყინვარებასაც.
- სითბოს მოყვარული მცენარე როგორ გადაურჩა გამყინვარებას?
- საქართველოში დიდი როლი ითამაშა კოლხეთის დაბლობმა - ის გახდა ერთგვარი თავშესაფარი, სადაც სითბოს მოყვარულმა სახეობებმა თავი შეაფარეს და დღემდე მოაღწიეს. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული ადგილობრივი სახეობა - კოლხური ბზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ქვეტყეში ხარობს, ანუ ქვემო იარუსზე, სხვა, უფრო მაღალი ხეების ჩრდილში. მისი გავრცელების არეალი ასეთია: იმერეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, რაჭა, შემდეგ კი არეალი კრასნოდარის მხარეში გადადის. ბზა არაერთი თბილი ქვეყნის ბინადარია, მაგრამ ეს სახეობა, კოლხური ბზა, ძალზე მცირე რაოდენობით შემორჩა საქართველოში. დღეს მას გადაშენება ემუქრება, რის გამოც საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეტანილი. ეს გულისხმობს, რომ კოლხური ბზა დაცულია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
- რატომ დგას კოლხური ბზა ამხელა საშიშროების წინაშე?
- დაუდევრობის, გულგრილობისა და უყურადღებობის გამო: ყველას გვახსოვს, რომ 6-7 წლის წინ სოჭში დიდი ოლიმპიადა გაიმართა. ამ ოლიმპიადისთვის რამდენიმე წლით ადრე დაიწყეს მშენებლობა, გზის გაყვანა და ახალი მცენარეების შემოტანა, მთელ ქალაქს ალამაზებდნენ. მცენარეები ევროპის სანერგეებიდან შემოიტანეს. გზის გაყვანისას უამრავი კოლხური ბზა განადგურდა, რომელიც სოჭის მიდამოებში ხარობდა. მოსამზადებელი სამუშაოები ისეთი ტემპით მიდიოდა, ბევრ რამეს ყურადღებას ვერ აქცევდნენ. კერძოდ, როცა ქვეყანაში მცენარეები შემოდის, ტვირთმა მკაცრი კარანტინი და შემოწმება უნდა გაიაროს, განსაკუთრებით, მავნებელ დაავადებებზე. სიჩქარეში მარადმწვანე ბზა ყოველგვარი კონტროლის გარეშე შემოიტანეს და სწორედ მას შემოჰყვა საშიში მავნებელი - ბზის ალურა, რომელიც მთელ საქართველოში სწრაფად გავრცელდა და გამრავლდა. ეს მავნებელი მსოფლიოში ჩინეთიდან გავრცელდა, ბზის ფოთლებითა და ყლორტებით იკვებება და ამ ულამაზეს მცენარეს დიდი საფრთხე შეუქმნა.
- რა კეთდება კოლხური ბზის გადასარჩენად?
- ცხადია, გარემოს დაცვის სამინისტრომ ზომები მიიღო, მაგრამ კოლხური ბზის გადარჩენას რამდენიმე არსებითი დაბრკოლება აფერხებს: ჯერ ერთი, ნაკრძალებში, სადაც ის ხარობს, ქიმიური პრეპარატებისა და შხამქიმიკატების გამოყენება აკრძალულია. ამას საქართველოს რელიეფის სირთულეც ემატება - ბუნებაში კოლხური ბზა ისეთ მიუდგომელ, ციცაბო და რთულ ადგილებში ხარობს, სადაც ტრანსპორტის მისვლა შეუძლებელია. როგორც ვიცი, ხოჭოს ისეთი სახეობაც შემოიყვანეს, რომელიც ბზის ალურას ჭუპრებით იკვებება, მის წინააღმდეგ ქიმიური საშუალებებიც გამოიყენეს, მაგრამ მერე მავნებელი სხვა მცენარეებზე გადავიდა.
დაავადებამ სხვა სახეობის ბზებიც დააზიანა, მაგრამ კოლხური ბზა ყველაზე მეტად გაანადგურა. გარდა ბზის ალურასი, აბლაბუდაში რომ ტკიპები ჩნდებიან, კოლხურ ბზას ისინიც აზიანებენ. თითქოს გასაკვირია, სახეობას, რომელიც გამყინვარებას გადაურჩა, პატარა პეპელა ან ტკიპა რომ აზიანებს, მაგრამ რეალობა ასეთია. ყველა ამ მიზეზმა, ერთად დაგროვილმა, კოლხური ბზის განადგურება განაპირობა. უახლოეს მომავალში საქართველოში ეს მცენარე აუცილებლად უნდა აღდგეს, მაგრამ მისი გამრავლება არც ისე ადვილია.
- რატომ?
- კოლხური ბზის გამრავლებას დიდი მონდომება და ცოდნა სჭირდება, მისთვის სათანადო პირობები უნდა შევქმნათ და სპეციალურ გარემოში გავზარდოთ - სასურველია, სათბურში, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები იმუშავებენ. როდესაც ბზის ნერგი მოძლიერდება, კარგია, თუ ბუნებაში გაიზრდება, სადაც გადაწვენითაც მრავლდება: რომელიღაც ტოტი ნიადაგს შეეხება და იქ ახალი ძირები ამოდის.
ვითარებას ისიც ართულებს, რომ ძალიან ნელა იზრდება: წელიწადში საშუალოდ 5-10 სანტიმეტრით, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. კალმიდან მცენარე ან ბუჩქი რომ მივიღოთ, წლები სჭირდება. ზრდასრული ბზა 10-12 მეტრის სიმაღლემდე იზრდება, ზოგჯერ 15 მეტრსაც აღწევს და ამ ზომას რომ მიაღწიოს, 500-600 წელია საჭირო! დიახ, ეს მცენარე ამდენ ხანს ცოცხლობს. თითქოს პარადოქსია, რომ პატარა პეპელამ ამ რაოდენობით ბზა გაანადგურა, მაგრამ დღეს ეს უძვირფასესი სახეობა, რომელსაც ჩვენი ფლორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ურთულეს მდგომარეობაშია. ამას ვერ ვიტყვით ბზის სხვა სახეობებზე, რომლებიც ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც საკმაო რაოდენობით ხარობს.
- სად უნდა გავახაროთ კოლხური ბზა?
- ეს სუბტროპიკული ზონის მცენარეა და მისთვის დასავლეთ საქართველოს კლიმატი უფრო მისაღებია, ვიდრე აღმოსავლეთის, თუნდაც თბილისის კლიმატი, სადაც ფარდობითი ტენიანობა ნაკლებია, ხოლო ტემპერატურა - მაღალი. მიუხედავად ამისა, ბზას აქაც ამრავლებენ, მაგრამ შესაფერისი ადგილი უნდა შევურჩიოთ - ის ჩრდილში უნდა დავრგოთ, მზისგულზე მისი დარგვა არ შეიძლება.
- ბზის სხვა სახეობებს, რომლებსაც გადაშენება არ ემუქრება, დეკორატიული მიზნებისთვისაც იყენებენ?
- დიახ, რადგან ბზა ძალზე ეფექტური მცენარეა. ის ჩვენს ბაღებსა და სკვერებსაც ამშვენებს და ხშირად ბონსაის სახითაც ზრდიან სპეციალურ კონტეინერებში. ბზის შემოტანილ სახეობებს ბორდიურებადაც იყენებენ და გაკრეჭით სხვადასხვა ფორმას აძლევენ. ეს მცენარე ნებისმიერ ეზოს, ოფისსა თუ სასტუმროს დაამშვენებს. სხვათა შორის, თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაშენებული ბზის კორომები ერთ-ერთი საუკეთესოა. არ უნდა დავივიწყოთ ბზის მერქნის ღირსებებიც: მას ძალიან მკვრივი, ლამაზი, ქარვისფერი მერქანი აქვს, რომელიც დამუშავების შემდეგ სპილოსძვლისფერს იღებს. ამ მერქანს სამახსოვრო სუვენირებისა და ქანდაკებების დასამზადებლად იყენებენ. ბზის მერქნისაგან გამძლე მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ჩიბუხებსაც ამზადებენ.
- იცავს თუ არა ბზას ქართული კანონმდებლობა?
- რა თქმა უნდა, ბუნებაში ბზის მოპოვება კანონით აკრძალულია. მას ქართული კანონმდებლობაც იცავს და საერთაშორისოც. ბოლო წლებში მცენარის პატარა კონტეინერებში გაზრდისა და გამრავლების ძალიან კარგი ტრადიცია დამკვიდრდა. ეს ყველაზე კარგი გზაა, რომ კოლხური ბზა გადავარჩინოთ. მართალია, მცენარე გარემოს ძალიან ალამაზებს, მაგრამ თუ სათანადო პირობებს არ შევუქმნით, უმჯობესია, არც დავრგოთ: აუცილებლად გახმება, ფოთლები დაუჭკნება და გახმება.
ხათუნა ჩიგოგიძე