ბათუმის რესურცენტრში განმარტავენ, რომ 13 წლის მოზარდზე თანატოლების ძალადობის ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა
ბათუმის რესურცენტრის განმარტებით, 13 წლის მოზარდზე თანატოლების ძალადობის ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის რესურცენტრში განუცხადეს, შემთხვევა ბულვარში მოხდა.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შემთხვევა არასამუშაო პერიოდში მოხდა. ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. როგორც ვიცით, მოზარდს არ აქვს დაზიანებები.
ფაქტის შეტყობინების შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციამ მომხდარი მშობლებს, ფსიქოლოგებსა და შსს-ს წარმომადგენლებს შეატყობინა.
ისინი სხვადასხვა სკოლის ბავშვები არიან. ერთმანეთს იცნობდნენ და სკოლის გარეთ ჰქონდათ კონფლიქტი", - აცხადებენ ბათუმის რესურცენტრში.
არსებული ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის 13 წლის მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აღნიშნულის ამსახველი ვიდეო გადაუღეს, შემდეგ კი გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს.