"ხელისუფლებისგან აქციის ორგანიზება არის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე"
"ქართული ოცნება" საბოლოოდ დაადგა სრული პოლიტიკური დეგრადაციის გზას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 27 ოქტომბრის აქცია ხელისუფლების მხრიდან შეიძლება მიხეილ სააკაშვილზე ზეწოლად შეაფასონ, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
"ჩემი აზრით, ხელისუფლებისგან აქციების დაორგანიზება არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა პატიმარზე და ვფიქრობ, ეს ასე შეფასდება შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაც. გაურკვეველია ხელისუფლებას რაში სჭირდება ხვალინდელი აქციის ორგანიზება, ვის უცხადებს პროტესტს "ქართული ოცნება" - საკუთარ თავს?! დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები არის ის გზა, რომლითაც წყდება, ვინ იღებს ქვეყანაში, ქალაქში, სოფელში მართვის სადავეებს და არ ის, თუ ვის რა რაოდენობით ადამიანი გამოჰყავს ქუჩაში. ამიტომ "ქართული ოცნება" საბოლოოდ დაადგა სრული პოლიტიკური დეგრადაციის გზას და დარწმუნებული ვარ, ის აქციაც, რომელიც გუშინ ვნახეთ რუსთავის საპატიმროსთან და ზოგადად, "ქართულ ოცნებას" საკუთარი ტაქტიკა ძალიან ძვირი უჯდება იმ მცირერიცხოვანი ელექტორატის შენარჩუნების თვალსაზრისითაც კი, რომელიც ჯერ კიდევ ამ პარტიას აძლევს ხმას. ქუჩაში პროტესტის გამოსახატად გამოსული ადამიანების თავების დათვლა, ჩემი აზრით, არის ძალიან უგვანო პოლიტიკური საქციელი. 500 ადამიანი გამოდის თუ 50 000 ადამიანი რაღაცის გასაპროტესტებლად, ხელისუფლებისთვის, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ერთნაირად საყურადღებო უნდა იყოს. შეჯიბრი, ვინ მეტ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში, რაზეც კობახიძემ განაცხადა, მძღოლები დაგვჭირდება მარტო იმდენი, რამდენიც ოპოზიციის აქციაზე იყოო, ეს არის პოლიტიკური პროცესის პრიმიტიულ დონემდე დაყვანა. მათ მოვუწოდებ, ქუჩაში ხალხის გამოყვანაზე კი არ დახარჯოს საკუთარი რესურსი, არამედ უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი მეორე ტური", - განაცხადა სამადაშვილმა.