საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უფასო მოსამზადებელ ონლაინ კურსებს სთავაზობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში მცხოვრებ აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ, უფასო ონლაინ კუსრებს სთავაზობს.
აღნიშნული კურსები მიზნად ისახავს, აბიტურიენტების ორი მოდულის მიხედვით მომზადებას: "მათემატიკა + ფიზიკა“ ან "მათემატიკა + ქიმია“. ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად სტუ აბიტურიენტებს STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ ორი დამატებითი საგანიდან, რომელს შეისწავლის აბიტურიენტი, მის არჩევანზეა დამოკიდებული.
" ეს კურსები STEM საგნების პოპულარიზაციისა და მოტივირებული ახალგაზრდებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. განათლების მიღება არის ფუნდამენტური უფლება, ამიტომ საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე ადამიანები უნდა ვეცადოთ, ეს უფლება არც ერთმა ახალგაზრდამ არ დაკარგოს. ტექნიკური უნივერსიტეტისათვის STEM საგნები არის ძირითადი, ამიტომ მათი კარგად ცოდნის შემთხვევაში, სტუდენტებს ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა გაუმარტივდებათ.“- განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.
მსურველები უფასო მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაციასა და სასურველი მოდულის არჩევას 1-დან 10 ნოემბრის ჩათვლთ შეძლებენ. ონლაინ ლექციები კვირაში ორჯერ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.ge ჩატარდება და თითოეილი ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი იქნება.
ასევე აღსანიშნავია, რომ კატეგორია "აბიტურიენტში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოიაზრებს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი (XI – XII) კლასების მოსწავლეებს. ასევე, 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში.