"ფანჯრები ამოუქოლეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არაადამიანურ პირობებში ამყოფოს" - კვირის პალიტრა

"ფანჯრები ამოუქოლეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არაადამიანურ პირობებში ამყოფოს"

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი, დავით ქაცარავა რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არაადამიანურ პირობებში ამყოფოს.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი 26 დღეა შიმშილობს. მისი მდგომარეობა დღითი დღე რთულდება. ჩვენ ყველას გვჯერა პროფესიონალების, რომლებიც აფიქსირებენ თავის პოზიციას, მისი მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს და ნებისმიერ დროს შესაძლებელია მოხდეს ის, რაც შეიძლება შეირაცხოს უკვე ტრაგედიად. ხელისუფლების პოზიცია არის არაჰუმანური, არაადამიანური, როგორ ჯიუტად უნდათ გადაიყვანონ ციხის საავადმყოფოში მაშინ, როდესაც პრეზიდენტის მდგომარეობა მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს. მესამე პრეზიდენტის პოზიცია არის მტკიცე, ურყევი და დიდ პატივისცემას იმსახურებს. დღეს, როდესაც ყველამ გავიგეთ, რომ მას ფანჯრები ამოუქოლეს და გადაუკეტეს წვდომა მზის შუქზე, ესეც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უღირს პოზიციაზე მეტყველებს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არაადამიანურ პირობებში ამყოფოს. ამიტომ, ვფიქრობ, საზოგადოების პროტესტი ძალიან მასიური უნდა იყოს, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გამოდიოდეს, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ ღირსეული და შესაბამისი პირობები შეუქმნას ქვეყნის მესამე პრეზიდენტს“, - განაცხადა ქაცარავამ.

"ინტერპრესნიუსი"