"ოპონენტების სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას" - კვირის პალიტრა

"ოპონენტების სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას"

"ოპონენტების სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართული აქციის შეფასებისას მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავისუფლების მოედანზე გუშინ შეკრებილმა საზოგადოებამ "ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და ხალხზე მოძალადე ადამიანების დაბრუნებას არ დაუშვებს".

"პირველ რიგში, მინდა პარტიის სახელით მადლობა გადავუხადო თავისუფლების მოედანზე შეკრებილ 10 ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ჩვენს მხარდამჭერებს შეკრებისთვის და ძალიან ძლიერი მუხტისთვის, რომელმაც გუშინ თავისუფლების იდეის გარშემო გაგვაერთიანა.

გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას.

სწორედ ამ ღირებულებებმა გაგვაერთიანა ჩვენ 2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, როდესაც ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თავისი ძალა აჩვენა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს.

გუშინ თავისუფლების მოედანზე ამ ღირებულებებმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ხალხი, რომელმაც ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და ხალხზე მოძალადე ადამიანების დაბრუნებას.

აქციაზე დასასწრებად უამრავმა ადამიანმა შორი გზა გამოიარა. მადლობა შეკრების თითოეულ მონაწილეს ამ ძალისხმევისთვის, რომელიც აუცილებლად ჩვენი საერთო გამარჯვებით, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებით დაგვირგვინდება.

აქვე, არ შეგვიძლია ძალიან მოკლედ არ გამოვეხმაუროთ პოლიტიკური ოპონენტების სასოწარკვეთილ რიტორიკას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ეს სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 10 ათასობით ადამიანისთვის იმის წოდება, რისი გამეორებაც კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ნათლად ცხადყოფს ღირებულებით სხვაობას ჩვენსა და მათ შორის.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები ხალხზე ძალადობდნენ ფიზიკურად. ახლა კი, როდესაც მათ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ, ფიზიკური ძალადობა მათ სიტყვით ძალადობით ჩაანაცვლეს. ნათელია, ამ ადამიანებს ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, სიტყვით ძალადობას ისინი კვლავ ფიზიკურ ძალადობად აქცევენ. სწორედ ეს არ დაუშვა ქართველმა ხალხმა 2 ოქტომბერს, როდესაც მკაცრი უარი უთხრა მოძალადეებს მათივე გამოცხადებულ ე.წ. რეფერენდუმზე.

მოძალადეების გამარჯვება დაუშვებელია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რათა თუნდაც ერთ ქალაქსა თუ რაიონში ავანტურისტების დესტრუქციული ზრახვების გამო არ დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბრის გამარჯვებას 30 ოქტომბერს მივიყვანთ ბოლომდე.

ჩვენი მიზანია, არჩევნები მოვიგოთ ოცივე მუნიციპალიტეტში, რათა 30 ოქტომბრიდან ახალი ენერგიით განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაზე",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისში "ქართული ოცნების" მხარდასაჭერი აქცია გუშინ გაიმართა. პარტიის შემაჯამებელი აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე მოეწყო, 17:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. აქციას მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ. მათ მოქალაქეებს 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდეს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დაითვალოს საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მმართველი პარტიის აქციაში გუშინ თავისუფლების მოედანზე.

კობახიძის თქმით, მისი განცხადება, რომ "ქართულ ოცნებას" მხარდამჭერების მობილიზებისთვის დასჭირდებოდათ იმდენი მძღოლი, რამდენი ადამიანიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჯამში ჰყავდა გამოყვანილი აქციაზე, არ იყო მხოლოდ სიტყვის მასალა და გუშინ ეს ასეც მოხდა.

"რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ერთი რომ, როდესაც ხდება ადამიანების იძულება, იქ მუხტი არ იქმნება ხოლმე და თქვენ ნახეთ გუშინ როგორი იყო მუხტი. გუშინ გახსოვთ, მათ შორის, შეძახილები "საქართველოს გაუმარჯოს!" თქვენს აქციაზე როდესაც იყო ანალოგიური პათოსი, იქ ისმოდა შეძახილები "თავისუფლება მიშას". იქით იდგა მიშა- თქვენი დამნაშავე ბელადი, აქეთ იდგა საქართველო, ეს არის განსხვავება ორ შეკრებას შორის", - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"